„უცხო ქალბატონო“ – როგორ დაიბადა ემიგრაციაში ჯერ ლექსი, შემდეგ – სიმღერა და ვიდეოკლიპი

ახლახან YOUTUBE-ზე  გავრცელდა ემიგრანტული ვიდეოკლიპის „უცხო ქალბატონო“  ოფიციალური ვერსია, რომლის  რეჟისორია ქეთი ორჯონიკიძე-ქეისი. ქეთი ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. NOSTAL.GE-ს მკითხველი მას ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინტერვიუდან იცნობს.
ჟურნალისტს, სცენარისტსა და რეჟისორს, ქეთი ორჯონიკიძე-ქეისს ამჯერად ვიდეოკლიპზე სასაუბროდ დავუკავშირდით და აი, რა გვიამბო:

„ემიგრანტმა პოეტმა ნანა მეფარიშვილმა საკუთარ განცდებსა და ემოციებზე დაწერა ლექსი „თუ იავნანა არ გესმით“ მას შემდეგ, რაც შორეულ ამერიკაში, სამსახურში ყოფნისას მშობლიურ ენაზე წაიღიღინა „იავნანა“ და მისმა დამქირავებელმა მოხუცმა ქალმა სიმღერა შეაწყვეტინა. ამ ლექსმა მისი ლექსების პირველ კრებულში დაიდო ბინა და ქართველ ემიგრანტ ქალებში დიდი რეზონანსი გამოიწვია, რადგან მათ განცდებთან და ემოციებთან ძალიან ახლოს იყო. სწორედ ეს კრებული ჩაუვარდა ხელში მომღერალსა და კომპოზიტორს, ქალბატონ ზაირა ჩოხელს, რომელიც იმ დროს თავადაც ემიგრაციაში იმყოფებოდა. მან ამ სევდიან ლექსს – „თუ იავნანა არ გესმით“ – სიმღერად შეასხა ხორცი. ქალბატონი ზაირა ქართული კულტურის ცენტრ „დენსინგ ქრეინთან“  არსებულ ტრიო „მაგნოლიაში“ მღეროდა, სადაც ასევე მოღვაწეობს მომღერალი და მუსიკის პედაგოგი თენგიზ შაუთიძე. თენგიზს არ გაუჭირდა ამ სიმღერის გრძნობით შესრულება, შემდეგ გადაწყვიტა, რომ ჩემთვის მოესმენინენინა, რადგან იგი ჩემი ემიგრანტული ფილმების მუდმივი მაყურებელია და იცის, როგორ თემებზეც ვმუშაობ. მოვისმინე თუ არა, სიუჟეტი იმწამსვე თვალწინ დამიდგა და აი, ახალი ემიგრანტული კლიპიც დაიბადა.

ვფიქრობ, ბევრი ემიგრანტი ამოიცნობს საკუთარ თავს ამ პატარა ისტორიაში. ბევრს დააფიქრებს და გაახსენებს, რომ სადაც არ უნდა წავიდეთ, საქართველოს შვილები ვართ!

ნახეთ ვიდეოკლიპი:

კომენტარები