ისტორიაპოლიტიკასაზოგადოებასაბერძნეთი

რას ზეიმობს საბრძნეთი 25 მარტს?

25 მარტი თანამედროვე საბერძნეთის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია. ითვლება, რომ ამ დღეს დაიწყო ბერძენი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, რომელსაც რევოლუციად მოიხსენიებენ. როგორც ისტორიკოსები ადასტურებენ, 25 მარტს არც მნიშვნელოვანი ბრძოლა მომხდარა და არც სხვა ღირსშესანიშნავი მოვლენა. ცხადია, ისმის კითხვა: რა მოხდა ამ დღეს ასეთი, რომ 25 მარტი საეტაპო თარიღია საბერძნეთის ისტორიაში?

ბერძნების ბრძოლა ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ 1821 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც ალექსანდრე იფსილანტი, ბერძენი პრინცი და სარდალი, ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე ვლახეთიდან შეიჭრა და თანამებრძოლებთან ერთად დაიწყო საბერძნეთის თავისუფლებისთვის ბრძოლა. ამის შემდეგ აჯანყება პელოპონესის ნახევარკუნძულსა და ეგეოსის ზღვის კუნძულებზე დაიწყო. რაც შეეხება 25 მარტს, ითვლება, რომ ამ დღეს, როდესაც ბერძული მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს, მიტროპოლიტმა გერმანოსმა კალავრიტის წმინდა ლავრის მონასტერში აჯანყების დროშა აღმართა. აღნიშნული მოვლენის შესახებ წერს ფრანგი ისტორიკოსი ფრანსუა პუკევილი თავის ნაშრომში, რომელიც მან საბერძნეთის რევოლუციას მიუძღვნა. ბერძენმა მხატვარმა თეოდოროს ვრიზაკიმ 1865 წელს დახატა სურათი, რომელიც გენადიოსის აქციას მიუძღვნა.

თეოდოროს ვრიზაკის ტილო „ფიცის დადება წმინდა ლავრის მონასტერში“

სინამდვილეში ფაქტი ისტორიულად არ დასტურდება, მის შესახებ არც თავად მიტროპოლიტი გვაწვდის რაიმე ცნობას – სავარაუდოდ, ის 25 მარტს კალავრიტაში არც იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა, საბერძნეთის მეფე ოტონმა (Όθων) 1838 წლის 15 მარტს მიიღო გადაწყვეტილება, 25 მარტი ეროვნული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის დაწყების დღედ განესაზღვრა. ამით მან სიმბოლურად დაუკავშირა ერთმანეთს ბერძნული ეკლესია და დამოუკიდებლობის იდეა. ახალი საბერძნეთის დამფუძნებლების სურვილი იყო, ანტიკური მემკვიდრეობა მართლმადიდებლობასთან დაეკავშირებინათ და ამ სახით ჩამოეყალიბებინათ თანამედროვე ბერძნული სახელმწიფო. შედეგად, მითი რეალობას დაუკავშირდა და დღეს 25 მარტი საბერძნეთის უმთავრესი ეროვნული დღესასწაულია.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close