მსოფლიოპოლიტიკაეკონომიკაიტალიაპოლიტიკა

იტალიამ ჩინეთის ახალი აბრეშუმის გზის პროექტს „ერთი სარტყელი – ერთი გზა“ მხარი დაუჭირა

ჩინეთის სახელმწიფოს მეთაურის, სი ძინ პინის ვიზიტი იტალიაში გასულ კვირაში იტალიასა და ჩინეთს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერით დასრულდა და იტალიამ, როგორც მოსალოდნელი იყო, მხარი დაუჭირა ჩინეთის ახალი აბრეშუმის გზის პროექტს „ერთი სარტყელი – ერთი გზა“.

იტალია „დიდი შვიდეულის“ წევრი პირველი ქვეყანაა, რომელიც აღნიშნულ პროექტს შეუერთდა.

სახელმწიფოთაშორის მემორანდუმს ურთიერთგაგების თაობაზე ხელი 23 მარტს მოაწერეს რომში იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ და ჩინეთის ლიდერმა სი ძინ პინმა. შეთანხმების თანახმად, ორი ქვეყანა აქტიურად ითანამშრომლებს კავშირგაბმულობის, ინფრასტრუქტურისა და ვაჭრობის სფეროში.

ხელმოწერილი საინვესტიციო ხელშეკრულება გენუის და ტრიესტის პორტების განვითარებას და ჩინეთში იტალიური ფორთოხლის ექსპორტსაც ითვალისწინებს.

სი ძინ პინის ვიზიტის დროს პირველი გარიგება 22 მარტს გაფორმდა – იტალიელმა და ჩინელმა მეწარმეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სიცილიური ფორთოხლის ექსპორტის თაობაზე. Italia Oggi-ს მონაცემებით, პროექტის ოპერატორი იქნება Alibaba. სიცილიურ ფორთოხალს ჩინეთში თვითმფრინავებით ჩაიტანენ და გაიყიდება, როგორც „ლუქსკლასის პროდუქტი“. პირველი პარტიის გაგზავნა 2 აპრილს იგეგმება. იტალიის ვიცე-პრემიერმა ეკონომიკის საკითხებში ლუიჯი დი მაიომ ამ შეთანხმებას „პატარა დიდი რევოლუცია“ უწოდა: აქამდე ფორთოხალი ზღვით შეჰქონდათ, რაც ჩინელ მომხმარებელს საშუალებას არ აძლევდა „მათი ნამდვილი გემო გაეგოთ“.

სი ძინ პინის პირველი სახელმწიფო ვიზიტი იტალიაში 21 მარტს დაიწყო და 23 მარტს დასრულდა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის სახელმწიფოს მეთაური შეხვდა იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს, პრეზიდენტს, პარლამენტის ორივე პალატის სპიკერებს, ჩინელ და იტალიელ მეწარმეებს. 23 მარტს კი პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან ერთად  ხელი მოაწერა ზემოაღნიშნულ მემორანდუმს.

ევროპის სხვა ქვეყნებიდან ჩინეთის პროექტს მხარი დაუჭირეს საბერძნეთმა, პოლონეთმა და უნგრეთმა; პორტუგალია მას გასული წლის დეკემბერში შეუერთდა.

„ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტს აშშ და რამდენიმე ევროპული ქვეყანა აკრიტიკებენ. ისინი შიშობენ, რომ ის ჩინეთის გავლენას გააძლიერებს.

იტალიის მიერ მემორანდუმის ხელმოწერამდე ცოტა ხნით ადრე სტივენ ბენონი, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილი მთავარი სტრატეგი, „ემუდარებოდა  იტალიელ ხალხს“ არ მოეწერათ ხელი ჩინეთის „ახალი აბრეშუმის გზის“ ხელშეკრულებისათვის – ამის თაობაზე 22 მარტს Reuters-ი იუწყებოდა. „ვემუდარები იტალიელ ხალხს კარგად შეხედოს ჩინეთის მტაცებლურ ეკონომიკურ მოდელს, სანამ რაიმე სახის შეთანხმებას დადებს მასთან. ჩინელებს მსოფლიო ბატონობა სურთ!“ – განაცხადა რომში მყოფმა ბენონმა ჟურნალისტებთან.

ჩინეთის პროექტი, სახელწოდებით „ერთი სარტყელი – ერთი გზა“ ითვალისწინებს მილიარდობით ინვესტიციებს სხვადასხვა ქვეყნის პორტების, ავტომაგისტრალების, სარკინიგზო გზების, სატელეკომუნიკაციო ქსელებისა და აეროპორტების განვითარებისთვის. ეს ინვესტიციები მიმართულია იმისკენ, რომ შეიქმნას პორტების, ხიდების, ელექტროსადგურების ქსელები, რომლებიც ჩინეთს აფრიკასთან, ევროპასთან და ა. შ. დააკავშირებს. ამ პროექტით ჩინეთი მიზნად ისახავს ახალი აქცენტების დასმას საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებაში. ჩინეთი მიისწრაფვის გააფართოოს თავისი ინიციატივის ფარგლები პარტნიორ ქვეყნებში ინვესტირებული მაქსიმალური რაოდენობის პროექტებით და გამიზნულად აძლევს ამ ქვეყნებს ინიციატივის უფლებას, თავად გაიაზრონ და დაამუშაონ საინვესტიციო წინადადებები. როგორც მოსალოდნელია, ჩინეთის „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტი ხელს შეუწყობს მსოფლიო ეკონომიკის ცენტრის გადანაცვლებას და კონტინენტთაშორისი სავაჭრო ნაკადების გაფართოებას.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close