საბერძნეთის ქალაქ კალამატაში სამი ქალი დაიღუპა გაზის აფეთქების შედეგად
შაბათს საღამოს საბერძნეთის ქალაქ კალამატაში ტრაგედია მოხდა – გაზის აფეთქების შედეგად ტავერნაში მომუშავე 3 ქალი დაიღუპა, მათ შორის, მეპატრონის ცოლიც.
დაახლოებით 21:00 საათისთვის კალამატის სახანძრო სამსახურში ტავერნა „დიონისოსიდან“ ზარი შევიდა. სახანძრო სამსახურის ბრიგადა 3 ავტომანქანით მყისიერად გაეშურა შემთხვევის ადგილზე.
როდესაც მეხანძრეებმა სამზარეულოში შეაღწიეს, აღმოაჩინეს უგონოდ მყოფი სამი ქალი, რომლებიც სასწრაფო დახმარების მანქანით კალამატის საერთო პროფილის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ტავერნის მომსახურე 53 და 46 წლის ორი ქალი და ტავერნის მფლობელის მეუღლე, 53 წლის ქალბატონი, სამწუხაროდ, საავადმყოფოში შეყვანისას უკვე გარდაცვლილები აღმოჩნდნენ მძიმე დამწვრობების შედეგად.
საავადმყოფოში გადაიყვანეს შოკურ მდგომარეობაში მყოფი თავად ტავერნის მეპატრონეც, რომელსაც დამწვრობა ჰქონდა მიღებული, აგრეთვე, მისი 27 წლის დამხმარე.
წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედია საზოგადოებრივი კვების ობიექტის სამზარეულოში გაზის ბალონის აფეთქებამ გამოიწვია. გაჩენილ კითხვებზე პასუხის გაცემა სახანძრო დაცვის სამსახურებს მოუწევთ მას შემდეგ, რაც გამოიძიებენ ხანძრის და ტრაგედიის მიზეზებს, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა.
რომ არა სახანძრო სამსახურის ოპერატიული ქმედება და მეხანძრეების პორფესიონალიზმი, მსხვერპლი მეტი იქნებოდა: აფეთქებისა და მის შედეგად გაჩენილი ხანძრის დროს ტავერნაში 15-მდე ვიზიტორი იმყოფებოდა, რომლებიც ცეცხლის მახეში აღმოჩნდნენ, რადგან აფეთქებამ შესასვლელი კარი ჩამოანგრია. საბედნიეროდ, მეხანძრეებმა მათი უვნებლად გამოყვანა შეძლეს. სახანძრო ბრიგადის გარდა შემთხვევის ადგილზე მივიდნენ პოლიცია და ΔΕΔΔΗΕ-ს (ელექტროქსელების ადმინისტრატორი ბერძნული კომპანია) სპეციალისტები.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები