მსოფლიოპოლიტიკაპოლიტიკასაქართველო

ვენესუელაში მიტინგზე საქართველოს დროშა გამოფინეს – წაიღებს თუ არა ვენესუელა უკან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას?

ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში, ახალი დროებითი პრეზიდენტის, ხუან გუაიდოს მხარდამჭერ მრავალრიცხოვან მიტინგზე დღეს, 3 თებერვალს საქართველოს დროშა გამოფინეს – ამ ინფორმაციას, ფოტოსთან ერთად, ისტორიკოსი ზურა ბატიაშვილი თავის ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.

„როცა გული სიამაყით გევსება – საქართველოს დროშა დღევანდელ სახალხო მიტინგზე ვენესუელაში!

ახალი პრეზიდენტის აღიარებისთვის მადლობას გვიხდიან.

ველოდებით ჩვენი სეპარატისტული რეგიონების ე. წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების უკან წაღებას!“ – წერს ზურაბ ბატიაშვილი და წყაროდ ვენესუელის სატელევიზო არხი VPI TV მოჰყავს.

ვენესუელის დედაქალაქის ქუჩებში ათასობით ადამიანმა დღეს ნიკოლას მადუროს რეჟიმი კიდევ ერთხელ გააპროტესტა და ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს (2019 წლის 5 იანვრიდან) ხუან გუაიდოს მხარდაჭერა გამოუცხადა. აქციის მონაწილეებს ქვეყნის ოპოზიციის ლიდერმა და გარდამავალმა პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ მიმართა. მისი თქმით აქციები გაგრძელდება, სანამ თავისუფლებას არ მოიპოვებენ. გუაიდო მადუროს დიქტატორს უწოდებს და ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს თავისუფალი არჩევნების დასანიშნად.

ხუან გუაიდო

მას შემდეგ, რაც ნიკოლას მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო, 2 კვირის განმავლობაში 40-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, ხოლო პოლიციამ 850-ზე მეტი დააკავა, მათ შორის, 77 არასრულწლოვანი. ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ, რომელიც ოპოზიციის აქციების ორგანიზატორია, 23 იანვარს თავი მოქმედ პრეზიდენტად გამოაცხადა.

ხუან გუაიდო 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, აშშ-მა, ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ და საქართველომ და, ასევე, ევროპარლამენტმა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს. ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი გუაიდოს პრეზიდენტად იმ შემთხვევაში ცნობენ, თუ ქვეყანაში ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები არ დაინიშნება. არჩევნების დანიშვნის ვადა მადუროს ხვალ, 4 თებერვალს ეწურება.

პირველი ქვეყანა, რომელმაც ოპოზიციის ლიდერს, ხუან გუაიდოს მხარდაჭერა გამოუცხადა, აშშ იყო.

ნიკოლას მადუროს რეჟიმს მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, ირანი, სირია, ბელარუსი, კუბა, ნიკარაგუა, მექსიკა, სურინამი და ბოლივია უჭერენ.

ნიკოლას მადურო

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ ნავთობკომპანიას PDVSA-ს სანქციები დაუწესა. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა კი განაცხადა, რომ თუ ვენესუელაში ამერიკელ დიპლომატებს ან ოპოზიციის ლიდერ ხუან გუაიდოს რაიმე საფრთხე დაემუქრებათ, აშშ „შესაბამის პასუხს გასცემს“.

***

უგო ჩავესის უახლოესი მეგობარი ხუან მადურო ქვეყნის პრეზიდენტი 2013 წელს, ოდიოზური უგო ჩავესის გარდაცვალების შემდეგ გახდა. მისი მმართველობის პერიოდში ქვეყანაში ვითარება უარესობისკენ შეიცვალა, 2014 წლიდან ნავთობის ფასის კლებამ ქვეყნის ეკონომიკას მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ბოლო 20 არჩევნებიდან პირველად, სოციალისტური პარტია დამარცხდა და ოპოზიციამ გაიმარჯვა. პარლამენტმა პრეზიდენტ მადუროს იმპიჩმენტიც კი გამოუცხადა, თუმცა ეს გადაწყვეტილება მადუროს მიერ კონტროლირებადმა უზენასმა სასამართლომ დაბლოკა.

ვენესუელაში სიტუაცია მიმდინარე წლის 10 იანვარს დაიძაბა ნიკოლას მადუროს ინაუგურაციის შემდეგ, ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. მადუროს ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ, ვენესუელის ეკონომიკა ღრმა კრიზისშია.

საქართველომ ვენესუელის ეროვნული ასამბლეის (ერთპალატიანი პარლამენტოი) თავმჯდომარე, ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად 24 იანვარს აღიარა. შესაბამისი განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა Twitter-ზე გამოაქვეყნა:

„ვენესუალაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების [2018 წლის 20 მაისი, ოფიციალურად გაიმარჯვა ნიკოლას მადურომ 67,84% – ნ. ა.] შედეგების არაღიარების კვალდაკვალ, საქართველო აღიარებს ხუან გუაიდოს გარდამავალ პრეზიდენტად, მიესალმება ჩვენი პარტნიორების განცხადებებს და მხარს უჭერს ვენესუელის მოქალაქეებს თავიანთ ბრძოლაში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის”, – წერს ზალკალიანი.

მანამდე, 10 იანვარს განცხადება გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც ნიკოლას მადუროს ინაუგურაციის ცერემონიალში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების მონაწილეობა დაგმო: „საქართველო, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის ნაწილი, არ აღიარებს 2018 წლის 20 მაისს ვენესუელაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და არ ცნობს ნიკოლას მადუროს ლეგიტიმურობას და უერთდება საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებას ვენესუელის მთავრობის მიმართ, დაიცვას კანონის უზენაესობა და აღიაროს ლეგიტიმურად არჩეული ეროვნული ასამბლეის მანდატი”.

შეგახსენებთ, რომ ვენესუელამ, რუსეთის გავლენით, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2009 წლის 10 სექტემბერს აღიარა; საინტერესოა, გადახედავს თუ ამ გადაწყვეტილებას ახალი პრეზიდენტის საბოლოო გამარჯვების შემთხვევაში.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close