„გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ემიგრაციაში ჯანმრთელობა განსაკუთრებით ძვირფასი და ძნელად გასაფრთხილებელია“

ელეონორა გიგილაშვილი უკვე 5 წელია, რაც ემიგრანტია და მოხუცს უვლის; ამ რუტინულ და საკმაოდ დატვირთულ ყოფას მას საყვარელი საქმიანობაქსოვა ულამაზებს. ქსოვას უკავშირდება მისი სამომავლო გეგმებიც. არც სპორტისადმი სიყვარული განელებია და ტრამვების მიუხედავად ცდილობს ყოველი დღე პოზიტიური ენერგიით აავსოს. სპორტი ჯანმრთელობის შენარჩუნებაშიც ეხმარება, რომელიც მისი აზრით, ემიგრაციაში განსაკუთრებით ძვირფასი და ძნელად გასაფრთხილებელია.

ელეონორა, რომელ ქალაქში ხართ და რას საქმიანობთ?

ნიუ-ჯერსის შტატში, ქალაქ მარლბოროში ვცხოვრობ. როგორც ემიგრანტების უმეტესობა, მეც მოხუცი ქალის მოვლით ვარ დაკავებული. რაც აქ ვარ, ეს ჩემი მეორე სამსახურია, მანამდე სხვა ბებიასთან ვმუშაობდი 3 წელი, დასვენების დღის გარეშე.

რა პროფესიის ხართ?

საქართველოში სხვადასხვა სპორტით ვიყავი დაკავებული და გარკვეული წარმატებებიც მქონდა. ტრავმების გამო იძულებული გავხდი, სპორტისთვის თავი დამენებებინა. აქ ჩამოსული ემიგრანტები ძალიან იშვიათად რომ საკუთარი პროფესიით მუშაობდნენ, თუმცაღა არიან გამონაკლისებიც და მსმენია კიდევაც ასეთი ხალხის შესახებ. ძალიან მახარებს და მსიამოვნებს, როდესაც მესმის, რომ ჩვენი ემიგრანტები საკუთარ პროფესიაში წარმატებას აღწევენ.

როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე და თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

ჩემი ყოველი დღე რუტინულად ერთმანეთს ჰგავს. თუმცა მაქვს გარკვეული სამომავლო გეგმები, რაზეც პარალელურად ბევრს ვფიქრობ, ვგეგმავ და ძალიან მალე განვახორციელებ კიდევაც. თავისუფალი დღე თვეში ერთხელ მაქვს, ან შეძლებისდაგვარად, როგორც მომიხერხდება, რადგან ბებია რთული მოსავლელია და ხშირად ვერ გამოვდივარ დასვენებაზე. ხოლო დასვენების დღეს, ძირითადად, საყვარელ ადამიანთან და მეგობრებთან ერთად ვატარებ.

რამე ჰობი თუ გაქვს, რომელიც ცხოვრებას გიხალისებთ და არასდროს გბეზრდებათ?

ყველაზე მეტად მიყვარს ქსოვა. როდესაც თავისუფალი დრო მაქვს, სულ ვქსოვ. შეიძლება ითქვას, რომ ქსოვა ჩემი ჰობიცაა და სამომავლო ბიზნესგეგმაც.

თქვენს ოჯახზე რას გვეტყვით?

ყველაზე მეტად ჩემი შვილი მენატრება, რომელიც უკვე 19 წლისაა და მოუთმენლად ველი, როდის ჩამოვიყვან აქ, ჩემთან, მერე კი სულ გვერდით მეყოლება. მყავს მეუღლე, რომელთანაც ძალიან ბედნიერი ვარ, თუმცა ემიგრანტული ცხოვრების გამო იშვიათად ვხედავთ ერთმანეთს. რაც შეეხება სამშობლოში დაბრუნებას, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტკივილია ყველა ემიგრანტისთვის. ვერ დავდებ თავს და ვერ ვიტყვი, რომ აი რამდენიმე წელიწადში აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში და ა. შ. მაგრამ ვიტყვი იმას, რომ როგორც ღმერთი გადაწყვეტს ჩემს ცხოვრებას, ისე მოვიქცევი. რა თქმა უნდა, ჩემიანები ყველანი მენატრებიან საქართველოში.

როგორც ემიგრანტს, ემიგრანტებისთვის რა გაქვთ სათქმელი?

მინდა მივმართო ყველა ემიგრანტს და თითოეულ თქვენს მკითხველს: პირველ რიგში, გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას, რადგან ჯანმრთელობა ემიგრაციაში განსაკუთრებით ძვირფასია და რთულად გასაფრთხილებელი. მოეფერეთ ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი და უფალი ყოველთვის დაგეხმარებათ. მოვეფერები ყველა ემიგრანტს და ყველა მკითხველს, რომლებიც ასე გულით კითხულობენ თქვენს სტატიებს.

ესაუბრა ქეთი კვირკველია

კომენტარები