სლოვენიის ქალაქ ბლედში დღეს ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ტურის პარტიები მიმდინარეობს. ნონა გაფრინდაშვილმა უკვე დაასრულა პარტია ინგლისელ დინაჰ ნორმანთან – მისი მოწინააღმდეგე იძულებული გახდა 74-ე სვლაზე დანებებულიყო. ინფორმაციას „აიპრესი“ ავრცელებს.
გაფრინდაშვილმა ტურნირზე 11 პარტიიდან 6 მოიგო, ხუთი ყაიმით დაასრულა და 8,5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა – ნონამ ამ გამარჯვებით +65 წლის ქალ ვეტერან მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო ჩემპიონის წოდება უკვე მეექვსედ მოიპოვა.
კიდევ ერთი აღსანიშნავი ფაქტი: 77 წლის ნონა გაფრინდაშვილი ყველაზე უხუცესია მათგან, ვისაც ვეტერანებს შორის მსოფლიო ჩემპიონობა აქვს მოპოვებული.
+50 წლის კაც ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატზე კი ქართველი მოჭადრაკეები, 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონი გიორგი ბაღათუროვი და 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონი ზურაბ სტურუა ამჯერად მეორე და მესამე ადგილებით დაკმაყოფილდნენ.
კომენტარები