პოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

საქართველოში ამერიკის ახალი ელჩი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მღვდელმთავრებსა და სამღვდელოებასთან ერთად, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი მიიღო. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამერიკის ელჩი საქართველოში მოვალეობის დროებითი შემსრულებლის რანგში ჩამოვიდა (8 ნოემბერს), ყველა მისი წინამორბედი თბილისში ელჩის სტატუსით ჩამოდიოდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ ურთიერთობას, ასევე სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ისაუბრა ჩვენი ქვეყნის მდგომარეობის შესახებ, ხაზი გაუსვა ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების აუცილებლობას და აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული თანადგომისთვის მადლიერება გამოხატა.

თავის მხრივ, როს უილსონმა აღნიშნა, რომ დიდია მართლმადიდებელი ეკლესიის როლი საქართველოსა და ქართველი ხალხის ცხოვრებაში. ელჩმა მტკიცე პოზიცია დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ აშშ აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერას.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ განაცხადა, რომ მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესის ფონზე მნიშვნელოვანია ქრისტიანული ღირებულებების და ოჯახის სიმტკიცის დაცვა და კმაყოფილებით აღნიშნა პრეზიდენტ ტრამპის დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით. აშშ-ის ელჩმა თქვა, რომ იცნობს საქართველოს და უყვარს ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა 25 წლის ასაკში პირველად ჩამოვიდა საქართველოში. მისი თქმით, აშშ ძალზე დაინტერესებულია იმით, რომ რაიმე ზიანი არ მიადგეს საქართველოს მოსახლეობის სულიერი ღირებულებების დაცვას და რომ ოჯახის სიმტკიცისთვის ზრუნვა მათთვისაც მნიშვნელოვანია.

შეხვედრაზე ასევე შეფასდა საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები.
„არჩევნების პერიოდი ცოტა რთულია ჩვენთან, რადგან ემოციური ხალხი ვართ. დღემდე დამარცხებულმა მხარემ არ სცნო გამარჯვება სალომე ზურაბიშვილისა“, – ბრძანა მისმა უწმინდესობამ.

„ჩემი პირადი შეხედულება გახლავთ, რომ საქართველომ უნდა გადალახოს ეს. დემოკრატია თავის თავში გულისხმობს როგორც გამარჯვებას, ისე დამარცხებასაც და მე ვფიქრობ, რომ ბრძენმა ლიდერებმა, რომლებიც ზრუნავენ თავიანთ ქვეყანაზე და ასევე ზრუნავენ თავიანთი პარტიის გრძელვადიან წარმატებაზე, უნდა აღიარონ ეს. მე ასევე ვურჩიე საქართველოს მთავრობასაც, რომ მათ უნდა გაითვალისწინონ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებიც და აღმოფხვრან არსებული ხარვეზები, რაც არსებობდა. რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია ყველამ პატივი სცეს არჩევნების შედეგებს და აღიარონ გამარჯვებულის გამარჯვება“, – განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close