ეკონომიკაnewsსაქართველო

ახალი წლიდან ბინის გამქირავებლებმა შესაძლოა 5%-იანი გადასახადი აღარ გადაიხადონ

მომავალი წლიდან შესაძლოა გადასახადი მოეხსნათ ბინის გამქირავებლებს, რომლებიც, დღეს მოქმედი ნორმის შესაბამისად, ბინის გაქირავებით მიღებული შემოსავლის 5%-ს ბიუჯეტში იხდიან. ამ ინიციატივით პარლამენტს „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა მიმართა. ამ სიახლეს მხარს უჭერენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, რაც იმას ნიშნავს, რომ ადვილი შესაძლებელია, ინიციატივა კანონად იქცეს.

კანონპროექტის მიხედვით, გადასახადი უნდა მოეხსნათ ბინის გამქირავებლებს, რომელთა შემოსავალი წლის განმავლობაში 30 000 ლარზე ნაკლებია.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აცხადებს, რომ ამ ინიციატივის მხარდაჭერა მისი პირადი პოზიციაა, კომიტეტის უმრავლესობის მოსაზრება კი საკომიტეტო მოსმენისას გამოიკვეთება. მისივე თქმით, ბინის გამქირავებლები მოხვდებიან დაბეგვრის სპეციალურ რეჟიმში, რის შედეგადაც მათ 5%-იანი გადასახადი მოეხსნებათ. დაბეგვრის სპეციალურ რეჟიმში მოსახვედრად კანონში შევა ცვლილება და ბინის გამქირავებლებს მიენიჭებათ მიკრობიზნესის სტატუსი.

ამ ცვლილების დაკანონების შემთხვევაში როგორ გეგმავენ არაფორმალურ სექტორში შემოსავლის განსაზღვრას კანონმდებლები, ჯერ გაურკვეველია. საზოგადოდ, ცნობილია, რომ ბევრი გამქირავებელი თავის საქმიანობას ოფიციალურ სახეს არ აძლევს და არარეგისტრირებულ ბიზნესს ეწევა. შესაბამისად, მთლიანობაში ყოველწლიურად ბიუჯეტი რამდენიმე ათეული მილიონი ლარის შემოსავალს კარგავს.

საქართველოში, სადაც ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ტურისტი ჩამოდის და მათი რიცხვი უფრო და უფრო იზრდება, უძრავი ქონების ბაზარზე ბინის გაქირავება ერთ-ერთი ხელსაყრელი და მოთხოვნადი საქმიანობაა, თუმცა მფლობელთა დიდი ნაწილისთვის მას წლიურად 30 000 ლარზე მეტი შემოსავალი არ მოაქვს. რამდენად ასატანი იქნება 5%-იანი გადასახადის მოხსნა ბიუჯეტისთვის, ამ კითხვას პასუხი წლის ბოლომდე გაეცემა.

2017 წელს ბინის გაქირვების 5%-იანი გადასახადით ბიუჯეტში 32 მილიონი ლარი შევიდა. შესაბამისად, ამ საგადასახადო შეღავათის ამოქმედების შემდეგ ბიუჯეტს 30 მილიონ ლარზე მეტი დააკლდება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close