ლიკა ჯანელიძე – „ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამის გამარჯვებული საბერძნეთის რესპუბლიკაში
ლიკა ჯანელიძე „ახალგაზრდა ელჩების პროგრამის“ გამარჯვებულია საბერძნეთში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროექტი – „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, ENIGMMA 2-ის ფარგლებში ხორციელდება. როგორ მოხვდა ლიკა ელადაში, რას საქმიანობს და რამ განაპირობა მისი წარმატება კონკურსში? – ამ კითხვებზე ლიკა თავად გვპასუხობს ინტერვიუში.
ლიკა რატომ გადაწყვიტე საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების შემდგომ საბერძნეთში სწავლის გაგრძელება?
2016 წელს, როდესაც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატის სკოლა დავამთავრე, გადავწყვიტე მაგისტრის ხარისხის მისაღებად, მარკეტინგის მიმართულებით, სწავლა გამეგრძელებინა ათენში და კარდიფის უნივერსიტეტის პროგრამით წამოვედი სასწავლებლად. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, დიდი სურვილი მქონდა, აგრეთვე, რომ დიპლომატიური კარიერის მხრივაც გადამედგა ნაბიჯები და ათენში ეს ოცნებაც ამიხდა. 2016-2017 წლებში სტაჟირება გავიარე საქართველოს საელჩოში საბერძნეთის რესპუბლიკაში. ამ გადმოსახედიდან ვთვლი, რომ ჩემი გადაწყვეტილება აბსოლუტურად სწორი იყო.
ამჟამად რას საქმიანობ?
ახლა ვმუშაობ დისერტაციაზე, ასევე ვასწავლი საკვირაო სკოლაში ისტორიასა და გეოგრაფიას, ვამზადებ მოსწავლეებს ინგლისურ ენაში.
მოგვიყევი კონკურსის დეტალების შესახებ – რა ეტაპები გაიარე და როგორ გაიმარჯვე?
პროგრამა „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ წარმოადგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივას. პროგრამის საშუალებით ახალგაზრებს საქართველოდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შესაძლებლობა აქვთ ერთწლიანი მანდატით საქართველოს „ახალგაზრდა ელჩები“ იყვნენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული სპეციალური კომისიის წევრები გამარჯვებული კანდიდატების შერჩევის დროს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ როგორც კანდიდატების მოტივაციას და დიასპორული აქტივობების გამოცდილებას, ისე მათ ინფორმირებულობას თავად პროგრამის, საქართველოსა და იმ ქვეყნის შესახებ, სადაც ისინი ამჟამად იმყოფებიან. კომისიის წევრებმა ასევე შეაფასეს კონკურსანტთა მიერ წინასწარ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა. შესარჩევი ტურის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა მომავალი „ახალგაზრდა ელჩების“ საზოგადოებრივ აქტივობაში ჩართულობაზეც.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ 2014 წლიდან მიმდინარეობს. ის მიზნად ისახავს საქართველოს პოპულარიზაციას საზღვარგარეთ და საქართველოს ახალგაზრდა უცხოელ მეგობართა წრის გაფართოებას. ამ მიზნით ერთი წლის ვადით შერჩეული გამარჯვებული „ახალგაზრდა ელჩები“ მრავალფეროვან კულტურულ-შემოქმედებით, სპორტულ, საგანმანათლებლო და სხვა სახის აქტივობებს განახორციელებენ თავიანთ ადგილსამყოფელ ქვეყნებში.
რაც საბერძნეთში ჩამოვედი, ორი წლის განმავლობაში თვალს ვადევნებდი ამ პროგრამას. მართალია, ის 2014 წლიდან ხორციელდება, მაგრამ საბერძნეთი წელს პირველად ჩართეს ქვეყნების სიაში (წელს სულ 15 ქვეყანაა ამ სიაში). გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო კონკურსში და გავიმარჯვე.
ლიკა, რას აპირებ ელჩობის პერიოდში, რა ღონისძიებებს გეგმავ საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით?
ჩემი მიზანი ბერძნულ-ქართული ისტორიული ურთიერთობების გაღმავება და განვითარებაა, ამ პროცესში როგორც ბერძენი, ისე ქართველი ახალგაზრდების ჩართვა და მომავალი პრესპექტიული ურთიერთობების დანერგვა საბერძნეთსა და საქართველოს შორის.
ღრმად მწამს, რომ კონფერენციები, იმიტირებული მოდელირებები, შეხვედრების კამპანიები წარმატებულ ქართველ და ბერძენ საზოგადო მოღვაწეებთან, პოლიტიკოსებთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან თუ მეცნიერებთან, რომლებსაც მე მოვაწყობ პროგრამის ფარგლებში, ჩვენი ქვეყნის წინსვლას და ევროპულ ინტეგრაციას, საბერძნეთში ჩვენი ქვეყნისთვის დადებითი იმიჯის შექმნას მოემსახურება.
ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყანაში – საბერძნეთში განათლების, ეკონომიკის, კულტურის მხრივ საქართველოს ცნობადობის ზრდის ხელშეწყობა კიდევ უფრო დააჩქარებს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და მეც ჩემს მოკრძალებულ წვლილს შევიტან ამ ყველაფერში.
ესაუბრა გიორგი ჯანელიძე
კომენტარები