დღის თემაეკონომიკაპოლიტიკაnewsსაქართველო

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „შავ სიაში“ მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება

საქართველოს 600 000-ზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის მიმართ არსებულ ვალებს ჩამოაწერენ. ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ჭარბვალიანობის დაძლევის გარეშე ქვეყანაში სიღარიბის დაძლევა წარმოუდგენელია. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ისაუბრა.

„მინდა გაგაცნოთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც მძიმე ტვირთს მოუხსნის ასობით ათას ოჯახს. ყველანი ვთანხმდებით, რომ ჭარბვალიანობის დაძლევის გარეშე სიღარიბის დაძლევა წარმოუდგენელია. ამის ნათელი დასტურია „იუნისეფის“ ბოლო კვლევა, რომელმაც პირდაპირ მიუთითა ჭარბვალიანობასა და სიღარიბეს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე და ცხადყო, რომ ჭარბვალიანობის ტვირთი იმდენად მძიმეა ბევრი ქართული ოჯახისთვის, რომ უარყოფითად მოქმედებს ბავშვების და მოზარდების განვითარებაზე.

ეს პრობლემა წლების მანძილზე ბორკილებად ედო ჩვენს საზოგადოებას და დღეს თითქმის 700 000 ჩვენი მოქალაქე იმყოფება ე. წ. შავ სიაში, რის გამოც, პრაქტიკულად, მოკლებულია სრულფასოვანი ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობას. ამ გამოწვევაზე პოლიტიკაში დაბრუნებისთანავე გაამახვილა ყურადღება ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, ამაზე ვსაუბრობდი მეც ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრად მუშაობის პერიოდში და შემდეგ მთავრობის სხდომაზე დავდე პირობა, რომ წლის ბოლომდე გადავდგამდით პრინციპულ ნაბიჯებს ე. წ. შავი სიის პრობლემის მოსაგვარებლად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საუბარია ჯამში მილიარდ-ნახევარი ლარის განულებაზე: „მინდა განვუმარტო საზოგადოებას, რომ „შავ სიაში“ დაფიქსირებული ვალების თითქმის 95% შედგება სესხებისგან, რომელთა ძირი თანხაც არ აღემატება 2000 ლარს. საუბარია 600 000-ზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებებზე ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების თუ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის მიმართ, რომელიც ჯამში შეადგენს დაახლოებით მილიარდ-ნახევარ ლარს. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს მილიარდნახევრიანი დავალიანება უნულდება ჩვენს მოქალაქეებს. ამ კატეგორიაში შედის თითქმის 150 000 სოციალურად დაუცველი და ათეულობით ათასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჩვენი მოქალაქე“.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ამ მიმართულებით ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა: „მუშაობას გავაგრძელებთ, რომ მოქალაქეებს მათი შემოსავლის უდიდესი ნაწილი არ მისდიოდეთ ვალების მომსახურებაში და ვალების მომსახურების კოეფიციენტი გავუტოლოთ ჯანსაღ საერთაშორისო პრაქტიკას.  ჭარბვალიანობის აღმოფხვრა არის სიღარიბის დამარცხების წინაპირობა. დღეს გაცხადებული გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს ასეულობით ათას ჩვენს თანამოქალაქეს, სრულფასოვნად ჩაერთოს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში, რაც მდგრადს გახდის ჩვენს ეკონომიკას, ხოლო საბანკო-საფინანსო სექტორს – უფრო ჯანსაღს. ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ადამიანი იყო, არის და იქნება მთავარი ფასეულობა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პროექტი ხორციელდება საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით. ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბერს დასრულდება. როგორც ხელისუფლება აცხადებს, 600 000 მოქალაქე და მათი ოჯახები ვალების გარეშე შეხვდება ახალ წელს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close