ვიდეოსაქართველოსპორტი

დაპირისპირება „ბეშიქთაშის“ თურქ ფანებსა და ქართულ პოლიციას შორის – ბათუმის ინციდენტს დიპლომატიური სკანდალი მოჰყვა (ვიდეო)

26 ნოემბერს ბათუმში თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩი გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის მასობრივი დაპირისპირების გამო დროებით შეწყდა. ინციდენტს დიპლომატიური გამოხმაურებაც მოჰყვა.

მედიის ცნობით, მატჩის დროს „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებმა ტრიბუნაზე პალესტინის დროშები გაშალეს, ბანერი გამოფინეს და ისრაელის საწინააღმდეგო შეძახილები ისმოდა. მას შემდეგ, რაც პოლიციამ რამდენიმე გულშემატკივრის დაკავება სცადა, ინციდენტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. თურქმა გულშემატკივრებმა ტრიბუნიდან სამართალდამცველებს სკამები და სხვა საგნები დაუშინეს. თურქული სააგენტო DHA-ს ცნობით, პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა.

მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ შლის ტრიბუნაზე ორი თურქი გულშემატკივარი პალესტინის დროშას, რის შემდეგაც მათკენ პოლიციელები მიდიან.

უეფას განმარტებით, პოლიცია „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის დაწყებული ჩხუბის შესაჩერებლად შევიდა ტრიბუნაზე, რის შემდეგაც ვითარება პოლიციასა და გულშემატკივრებს შორის გამწვავდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს, რომ პოლიციამ ძალა პალესტინის დროშებისა და ბანერების გამოფენის გამო გამოიყენა. სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელებთან ფიზიკური დაპირისპირება ჯერ კიდევ გულშემატკივრების სტადიონისკენ მსვლელობისას დაიწყო.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ სხვა კადრებში ჩანს, რომ თურქი გულშემატკივრები მატჩის დაწყებამდეც აგრესიულად იქცეოდნენ და ქართულ პოლიციას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

შსს-ს ცნობით, ინციდენტის შედეგად სამი პოლიციელი დაშავდა, 16 ადამიანი კი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ხუთი გულშემატკივარი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მატჩის განახლების შემდეგ „ბეშიქთაშმა“ ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა. ისრაელის კლუბმა შეხვედრის შემდეგ საკუთარ გულშემატკივრებს მოუწოდა, სიმშვიდე შეენარჩუნებინათ და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების მითითებები შეესრულებინათ.

თურქული გაზეთი Türkiye თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ დაკავებული გულშემატკივრებიდან ამ დროისთვის თითქმის ყველა გათავისუფლებულია, თუმცა კონკრეტულ რიცხვს არ ასახელებს. გამოცემის ცნობით, საავადმყოფოდან უკვე გაწერეს 2 დაშავებული თურქი გულშემატკივარი.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ 27 ნოემბერს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საფეხბურთო მატჩის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია. მანამდე პატარაძე საქართველოში თურქეთის ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.

დაპირისპირებას დიპლომატიური სკანდალი მოჰყვა

„ბეშიქთაშმა“ ქართული პოლიცია „არაპროპორციული ძალის გამოყენებაში“ დაადანაშაულა და ამის თაობაზე უეფასა და ბათუმში თურქეთის გენერალურ საკონსულოს მიმართა. კლუბის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კლუბის თავმჯდომარე სერდალ ადალისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ პირადად ადევნებდა თვალს მოვლენების განვითარებას.

სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, საქართველოს შს მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა თურქ კოლეგას მუსტაფა ჩიფთჩის სატელეფონო საუბრისას განუმარტა, რომ პალესტინის დროშები გულშემატკივრებს უეფას წარმომადგენლებმა ჩამოართვეს და ეს გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო უწყებებს არ მიუღიათ. უეფას განცხადებაში ამის შესახებ ცალკე ნათქვამი არ არის.

ინციდენტის შემდეგ კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი გაიმართა – თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა ქართველ კოლეგას, მაკა ბოჭორიშვილს დაურეკა.

თავის მხრივ, საქართველოში ისრაელის ელჩმა ვალიდ აბუ ჰაიამ თურქი გულშემატკივრების საქციელი მკაცრად გააკრიტიკა. „ტერორიზმი სპორტულ არენებზე თურქული „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მხრიდან „ჰაპოელ ბეერ-შევასთან“ მატჩის დროს. სირცხვილი და თავის მოჭრა!“ – დაწერა ელჩმა სოციალურ ქსელ X-ში, თუმცა მოგვიანებით პოსტი წაშალა.

თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმისა და ღაზაში ომის დაწყების შემდეგ. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელის ხელისუფლება არაერთხელ დაადანაშაულა პალესტინელების გენოციდში. თურქეთის საფეხბურთო სტადიონებზე პალესტინის მხარდამჭერი ბანერები და შეძახილები ხშირად ისმის.

„ბეშიქთაშს“ ისრაელის კლუბისთვის სტამბოლში უნდა ემასპინძლა. უეფას განმარტებით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან კონსულტაციის შემდეგ თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ უეფას აცნობა, რომ მატჩი სტამბოლში ვერ ჩატარდებოდა და რომ მხარეები მატჩის ბათუმში ჩატარებაზე შეთანხმდნენ. ამის შემდეგ, 30 ოქტომბერს უეფამ განაცხადა, რომ შეხვედრა ბათუმში გაიმართებოდა.

ნუცა ყაველაშვილი

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close