ისტორიამიგრაცია

ემიგრანტი თავადი კავკასიიდან, რომელმაც კორსიკაზე საკუთარი ისტორია შექმნა – მისი ხსოვნა საუკუნის შემდეგაც ცოცხლობს (ვიდეო)

კალვის ციტადელის ვიწრო ქუჩებში სეირნობისას ზღვისკენ ჩამავალი კიბეებით პატარა კაფეს მივადექი. საუზმობას ვაპირებდი. ზაფხულის ჩვეულებრივი დილა იყო კორსიკის საკურორტო ქალაქში – ხმელთაშუა ზღვის სურნელი, ჩრდილიანი ტერასა, ყავის არომატი…

უცებ ჩემი ყურადღება კედელზე გამოსახულმა სიმპათიურმა მამაკაცმა მიიპყრო, რომელსაც ქართული ჩოხა ეცვა. ერთი წამით მეგონა, თვალი მატყუებდა. კორსიკაზე რატომ დახატეს კედელზე ახალგაზრდა ჩოხოსანი ქართველი?

ინტერესმა შემიპყრო და კაფეს მეპატრონეს მაშინვე ვკითხე, იცოდა თუ არა, ვინ იყო კედელზე გამოსახული მამაკაცი. მან დამიდასტურა, რომ იგი კავკასიელი იყო, სახელად ტაო კერეფოფი. ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაცია მის შესახებ – ჩერქეზი თავადი აღმოჩნდა, ტაო კერეფოფი (Tao Khan Bey Kerefoff), რომლის სახელიც კალვიში, „Chez Tao“-სთან ერთად, ყველამ იცის. სხვათა შორის, ზოგი იტალიური წყაროც მას შეცდომით ქართველ პრინცად მოიხსენიებს, რადგან, მოგეხსენებათ, უცხოეთში კავკასია და ჩოხა ხშირად საქართველოსთან ასოცირდება.

დღეს კალვიში საკმარისია უბრალოდ თქვა “Chez Tao”, რომ ადგილობრივებმა მაშინვე გაიღიმონ. ისინი არა მხოლოდ ადამიანს, არამედ მთელ ეპოქას იხსენებენ.

კავკასიიდან კორსიკამდე

ტაო კერეფოფის ცხოვრების შესახებ ადგილობრივი წყაროები სხვადასხვა დეტალს განსხვავებულად გადმოსცემენ, თუმცა ცნობილია, რომ იგი ჩერქეზეთში, არისტოკრატიულ ოჯახში დაიბადა. რუსეთის იმპერიის არმიის ოფიცერმა, 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ემიგრაციაში წასვლა გადაწყვიტა.

ტაო ჯერ კონსტანტინოპოლში ჩავიდა, შემდეგ კი – პარიზში. პარიზიდან ნიუ-იორკში აღმოჩნდა, სადაც მოცეკვავედ მუშაობდა. სწორედ იქ შეხვდა რუს ემიგრანტ არისტოკრატს, პრინც ფელიქს იუსუპოვს, რომელმაც მოგვიანებით მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

1925 წელს, იუსუპოვის მიწვევით, ტაო კერეფოფი კორსიკის პოპულარულ საკურორტო ქალაქ და პორტ კალვიში ჩავიდა. თავდაპირველი გეგმით მისი ვიზიტი ხანმოკლე უნდა ყოფილიყო, მაგრამ კორსიკამ იგი იმდენად მოხიბლა, რომ დარჩენა გადაწყვიტა.

„Chez Tao“ – ადგილი, რომელმაც კალვის ღამის ცხოვრება შეცვალა

კალვის ციტადელში კერეფოფმა ისტორიული Palais Giubega შეიძინა – შენობა, რომელიც მანამდე ეპისკოპოსების რეზიდენცია იყო. ამ სასახლეს უკავშირდება Giubega-ს ოჯახის სახელი. ლორან ჯუბეგა ნაპოლეონ ბონაპარტის ნათლია იყო და 1793 წელს, როდესაც ბონაპარტის ოჯახს კალვიში საფრთხე დაემუქრა, ისინი სწორედ ჯუბეგას ოჯახმა შეიფარა.

1935 წელს კერეფოფმა აქ კაფე „Chez Tao“ (ფრანგ. „ტაოსთან“) გახსნა. ადგილობრივი წყაროები მას კორსიკის პირველ ღამის კლუბად მოიხსენიებენ. მოგვიანებით დაწესებულება პიანო ბარად, კაბარედ და ღამის კლუბად ჩამოყალიბდა და კალვის ღამის ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ სივრცედ იქცა.

„Chez Tao“-ს მთავარი ღირსება მხოლოდ მისი ადგილმდებარეობა არ ყოფილა. ციტადელში, საიდანაც ზღვის თვალწარმტაცი ხედი იშლება, ადგილობრივები, მოგზაურები, მუსიკოსები და ცნობილი სტუმრები იკრიბებოდნენ.

ტაო კერეფოფს ადამიანებთან ურთიერთობისა და სასიამოვნო გარემოს შექმნის განსაკუთრებული ნიჭი ჰქონია. მისი კავკასიური წარმომავლობა, ევროპაში გატარებული წლები და კორსიკული ცხოვრების წესთან ადაპტირება საბოლოოდ იმ სივრცეში გაერთიანდა, რომელსაც მან საკუთარი სახელი უწოდა.

ოჯახი, რომელიც „Chez Tao“-ს ნაწილად იქცა

კორსიკაზე ემიგრანტმა თავადმა თავისი ცხოვრების სიყვარულიც იპოვა და ოჯახი შექმნა – იგი ჟანეტ მაეტრაჩიზე (Janette Maetracci) დაქორწინდა. მათ ოთხი შვილი შეეძინათ – Zalim, Tao-By, Jean-Temir და Léna.

ბავშვები „Chez Tao“-ს გარემოში იზრდებოდნენ და მოგვიანებით თავადაც იქცნენ ამ ადგილის ისტორიის ნაწილად. განსაკუთრებით ცნობილი იყო Tao-By, რომელიც მუსიკოსი გახდა და წლების განმავლობაში მამის მიერ შექმნილ კლუბში უკრავდა და მღეროდა.

Chez Tao“-ს სხვადასხვა წლებში არაერთი ცნობილი ადამიანი სტუმრობდა. ადგილობრივი წყაროები მათ შორის ასახელებენ უინსტონ ჩერჩილს, რიჩარდ ბარტონს, ელიზაბეთ ტეილორს, ასევე, ჟაკ ბრელს, სერჟ გენსბურს, ჯონი ჰოლიდეის, მიშელ სარდუს, კლოდ ნუგაროს, ენრიკო მაკიასს, ჟაკ დიუტრონსა და სხვებს.

განსაკუთრებული კავშირი ჰქონდა „Chez Tao“-სთან ფრანგ მომღერალ ჟაკ იჟელენს (Jacques Higelin).

„La Ballade de chez Tao“

ჟაკ იჟელენმა „Chez Tao“-სა და მის მეგობრებზე სიმღერაც დაწერა – „La Ballade de chez Tao“. მასში ნახსენებია კალვის ყურე, ციტადელი და ტაოს ოჯახის წევრები.

სიმღერის მთავარი ფრაზა გახდა Tao-ს ცხოვრებისეული დევიზიც:

„Vivez heureux aujourd’hui, demain il sera trop tard“ – „იყავით ბედნიერი დღეს, რადგან ხვალ ძალიან გვიან იქნება“.

ეს სიტყვები „Chez Tao“-ს ფასადზეც იყო გამოტანილი და ბარის ერთგვარ სავიზიტო ფრაზად იქცა.

ჟაკ იჟელენის სახელი დღესაც გვხვდება კალვის ციტადელში: ერთ-ერთ კიბეს A Scalinata Jacques-Higelin ეწოდა.

ტაოს ისტორია გრძელდება

Tao Kerefoff-ი 1973 წელს გარდაიცვალა, მაგრამ „Chez Tao“-ს ისტორია ამით არ დასრულებულა. მისი შვილები და შემდეგი თაობებიც წლების განმავლობაში აგრძელებდნენ ოჯახის მიერ შექმნილი კლუბის ტრადიციას.

2026 წლის ზაფხულში კი პირველად მოხდა, რომ „Chez Tao“-მ სტუმრებს კარი არ გაუხსნა. მფლობელებმა ეს ფაქტი იმით ახსნეს, რომ სადაზღვევო ხელშეკრულება ვერ გააგრძელეს და იმედი გამოთქვეს, რომ მომავალში დაწესებულება კვლავ განაახლებს მუშაობას.

აგვისტოში „Chez Tao“-ს ტერასა კიდევ ერთი უსიამოვნო შემთხვევის გამო დაზიანდა – 15 აგვისტოს ფეიერვერკის ნაპერწკალმა ხანძარი გამოიწვია. ცეცხლი ტერასაზე გავრცელდა, თუმცა არავინ დაშავებულა და შენობის სხვა ნაწილები ხანძარს გადაურჩა.

იმ დილით, როცა კალვის ციტადელში კედელზე გამოსახული ჩოხოსანი ახალგაზრდა კაცი დავინახე, ვერც წარმოვიდგენდი, რომ მის უკან ასეთი ისტორია იდგა.

მე ის ქართველი მეგონა.

მაგრამ ამ შეცდომამ ერთი საინტერესო ისტორიის აღმოჩენამდე მიმიყვანა – იმ ადამიანის ისტორიისა, რომელმაც ემიგრაციის გზა გაიარა კავკასიიდან ევროპაში, შემდეგ – ამერიკაში, ბოლოს კი – კორსიკაზე, სადაც ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა და კალვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ადგილის შექმნით მის კულტურულ ცხოვრებაში საკუთარი კვალი დატოვა.

ციცი ხაბელაშვილი

დაგაინტერესებთ, ასევე: როგორ „გამაცნო“ მილანში იტალიელმა გოგონამ ქართველი მწერალი

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close