fbpx
ლიტერატურა/წიგნებიქართველები უცხოეთშიჩვენი ფავორიტი

როგორ „გამაცნო“ მილანში იტალიელმა გოგონამ ქართველი მწერალი

„წიგნი წავიკითხე ქართველი ავტორის საქართველოზე... დიდი სურვილი გამიჩნდა, მოვინახულო თქვენი ქვეყანა!“

გასულ კვირაში, წვიმიან ორშაბათ დილას მილანში სისხლის ანალიზის ასაღებად გრძელ რიგში დგომა მომიწია. ჩემს უკან ახალგაზრდა გოგონა ჩემსავით მოუთმენლად ელოდებოდა თავის რიგს…

– წვიმიანი ორშაბათია, სამუშაო დღე, ვიფიქრე, დღეს მაინც არ დამხვდებოდა რიგი, – გამოველაპარაკე გოგონას. რატომღაც დანახვისთანავე გამიჩნდა სურვილი, რომ გამეცნო.

მანაც თავაზიანად მიპასუხა:

– კიი, მეც ზუსტად იგივე ვიფიქრე…

ორივე შევცდით, თუმცა ჩემთვის ეს შეცდომა ბოლოს სასარგებლო და სასიამოვნო აღმოჩნდა.

– მე ციცი მქვია, piacere, – ვუთხარი ჩემს თანამოსაუბრეს.

– მე – ვიტორია, ჩემთვისაც სასიამოვნოა, საიდან ხარ?

– ქართველი ვარ, საქართველოდან…

ვიტორიას აშკარად გაუხარდა ამის გაგონება:

– მართლა? წიგნი წავიკითხე ქართველი ავტორის საქართველოზე, ძალიან მომეწონა, დიდი სურვილი გამიჩნდა, მოვინახულო თქვენი ქვეყანა!

რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ამ სიტყვების მოსმენა, ამდენი ხანია, მილანში ვარ და იშვიათად შემხვედრია იტალიელი, რომელიც საქართველოს ხსენებაზე არ გეტყვის: „ჯეორჯია – რუსია?“

და პირველად შევხვდი იტალიელს, რომელმაც ქართველი ავტორის 1129-გვერდიანი წიგნი წაიკითხა და ისეა აღფრთოვანებული, ერთი სული აქვს, როდის მოინახულებს ჩვენს მიწას.

ვიტორია წიგნის მაღაზიის თანამშრომელი აღმოჩნდა, „ქართველი ავტორის წიგნი“ კი, რომელმაც მასზე ასეთი შთაბეჭდილება მოახდინა – გერმანიაში მოღვაწე ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის რომანის „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“ იტალიური თარგმანი – „L’ottava vita (per Brilka)“, Nino Haratischvili – რომელიც ვენეციის გამომცემლობა Marsilio-მ გამოსცა 2020 წელს.

ვიტორიას დავპირდი, რომ როგორც კი დროს გამოვნახავდი, მაშინვე ვესტუმრებოდი მაღაზიაში.

რამდენიმე დღის მერე ვეწვიე მილანის ცნობილ წიგნის მაღაზიას – Libraccio-ს იმ იმედით, რომ ჩემს ახალ ნაცნობს ვნახავდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იმ დღეს იგი ისვენებდა და  სხვა გამყიდველი გოგონა შემომეგება. ვუთხარი, რასაც ვეძებდი…

– ამ წიგნს ახლა ვკითხულობ, ისეთი საინტერესოა, ერთი სული მაქვს, როდის დავამთავრებ სამსახურს, დავბრუნდები სახლში და ჩავუჯდები კითხვას, – მითხრა ემოციისგან თვალებგაბრწყინებულმა. – მოცულობამ არ შეგაშინოს, სულმოუთქმელად წაიკითხავ…

ვიყიდე წიგნი, რომელიც 24 ევრო ღირდა და, ჩემი შენაძენით გახარებული, სახლში დავბრუნდი. ახლა ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის წიგნს ვკითხულობ, როგორც კი მოვრჩები, მაშინვე დავიწყებ ნინო ხარატიშვილის „L’ottava vita-ს“ კითხვას და მერე ალბათ მეც ვეტყვი ჩემს ნაცნობ-მეგობრებს: „მოცულობამ არ შეგაშინოთ, ერთი ამოსუნთქვით წაიკითხავთ…“

ციცი ხაბელაშვილი

მილანი, 18 თებერვალი, 2021

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close