fbpx
იტალიაპოლიტიკა

იტალია: 3 რეგიონი ისევ ნარინჯისფერ ზონაში გადადის, ერთი რეგიონი კი შესაძლოა პირველი თეთრი ზონა გახდეს

„რეგიონების შიგნით უნდა შეიქმნას წითელი ზონები... ვირუსის ვარიანტების ფრთოდ გავრცელება თავიდან უნდა ავიცილოთ“

დღეს საღამოს იტალიის ჯანდაცვის მინისტრი რობერტო სპერანცა (რომელმაც ახალ მთავრობაში პოსტი შეინარჩუნა) ხელს მოაწერს დადგენილებას, რომელიც კვირიდან, 21 თებერვლიდან შევა ძალაში. ნარინჯისფერ ზონაში გადადის 3 რეგიონი – კამპანია, ემილია რომანია და მოლიზე.

„ამჟამად ცოტა რეგიონშია რისკის დაბალი დონე, დაავადების მაჩვენებელი ეროვნულ დონეზე ცოტათი იმატებს და იტალიაში RT – ინფექციის ტრანსმისიის ინდექსი – საშუალოდ, 1-ს მიუახლოვდა (წინა მონიტორინგის შედეგით, RT 0,84 იყო – რედ.). ეს ყველაფერი გვიჩვენებს, როგორ მიდის გაუარესებისკენ თითქოს აშკარად კარგი სცენარი, ამიტომ დიდი ყურადღება და სიფრთხილეა საჭირო, განსაკუთრებით ვირუსის ახალი ვარიანტების გავრცელების წინაღმდეგ, – განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის უმაღლესი ინსტიტუტის (ISS) პრეზიდენტმა სილვიო ბრუზაფერომ. – დიდი სიფრთხილე გვმართებს და საჭიროა შემზღუდავი ზომები ვირუსის ვარიანტების გავრცელების შესაჩერებლად“.

მისივე თქმით, ვირუსით ინფიცირების შემთხვევები იმატებს უფრო ახალგაზრდებსა და პედიატრიულ პაციენტებში, ხოლო 80 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში მცირდება, რაც აცრის შედეგია.

ამასთან, მართალია პედიატრიულ პაციენტებში ინფიცირების შემთხვევები იზრდება, მაგრამ კლინიკური სურათი არ მძიმდება, – ამის შესახებ პრესკონფერენციზე ჯანდაცვის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ფრანკო ლოკატელიმ განაცხადა

იტალიაში ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 3,3 მლნ დოზა უკვე მიიღეს მოქალაქეებმა. ვაქცინაციის ყოველდღიური მაჩვენებელი იზრდება – გუშინ, მაგ., ერთ დღეში 82 ათასი აცრა გაკეთდა.

ვირუსის ვარიანტები: ბრიტანული შტამი ერთ-ერთი ყველაზე აგრესიულია

„ძალიან სწრაფად და აგრესიულად უნდა ვიმოქმედოთ ვირუსის ვარიანტების წინააღმდეგ, რომლებიც ჯერ ფართოდ არ გავრცელებულა, კერძოდ კი, ბრაზილიური და სამხრეთაფრიკული შტამების წინააღმდეგ, ამიტომ რეგიონების შიგნით აუცლიებელია შეიქმნას წითელი ზონები. ბრიტანული შტამი ყველაზე მეტად გავრცელებულია და დომინანტური ხდება, სამეცნიერო მონაცემებით დადგენილია, რომ ბრიტანული შტამის ტრანსმისიულობა 39%-ით მაღალია, მაგრამ განსხვავებული დიაპაზონებით სხვადასხვა ტერიტორიაზე“, – განაცხადა სილვიო ბრუზაფერომ.

უმბრიაში განგაშია: „ძალიან ხშირად ვხვდებით ვირუსის სახესხვაობებს, რომლებიც ორიგინალ შტამს ცვლიან“, – აღნიშნა უმბრიის რეგიონის ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსმა კლაუდიო დარიომ პანდემიის გავრცელებისადმი მიძღვნილ ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე. საქმე ისაა, რომ Istituto Superiore di Sanità (Iss)-მ უმბრიიდან გაგზავნილი 77 ტესტიდან 63 შემთხვევაში დაადგინა, რომ ისინი ვირუსის მუტაციებით არის გამოწვეული (41 – ბრაზილიურით, 22 – ბრიტანულით). ამ დროისთვის რეგიონი კიდევ 114 გაგზავნილი ტესტის პასუხს ელოდება.

სპეციალისტთა აზრით, ფერადი ზონების სისტემამ იმუშავა, თუმცა ის უნდა გაუმჯობესდეს.

დღეს საღამოს ჯანდაცვის უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იტალიაში გასულ 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 15 479 შემთხვევა დაფიქსირდა (ჩატარდა  297 ათასი ტესტი), რაც უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე წინა დღეების მონაცემები. გასულ ერთ დღეში დაიღუპა კიდევ 353 ადამიანი.

„ეპიდემიოლოგიური ევოლუციის თანდათანობითი ზრდის“ ნიშნები უკვე მესამე კვირაა, ვლინდება და „რისკის საერთო დონის გაუარესება“ შეინიშნება, ამიტომ საჭიროა ნაციონალური ზომები არასასურველი შედეგების თავიდან ასაცილებლად და შემზღუდავი ზომების გამკაცრება იქ, სადაც ეს აუცილებელია. სპეციალისტები შიშობენ, რომ ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა საავადმყოფო სისტემის ძლიერ დატვირთვას გამოიწვევს.

რეგიონები ჯანდაცვის მინისტრის ახალ გადაწყვეტილებას ელიან

სამი რეგიონი ყვითლიდან ნარინჯისფერ ზონაში გადავა – მოლიზე, კამპანია და ემილია რომანია, ხოლო ავტონომიური პროვინცია ბოლცანო და უმბრია, დიდი ალბათობით, წითელ ზონაში უნდა გადავიდეს, რომელშიც ისინი ნაწილობრივ უკვე იყვნენ რეგიონული დადგენილებების შესაბამისად.

რაც გარდაუვალი ჩანს, ეს არის აბრუცოს წითელ ზონაში გადასვლა, სადაც პესკარა და კიეტი უკვე დაბლოკილია. გუბერნატორი მარკო მარსილიო კი ელოდება, რომ აბრუცო ნარინჯისფერ ზონად კლასიფიცირდება.

ამასთან, არსებობს ერთი რეგიონი – ვალე დ’აოსტა, რომელიც შესაძლოა პირველი იყოს, რომელიც „თეთრი ზონის“ კლასიფიკაციას მიიღებს, თუ ზედიზედ მესამე კვირას 100 000 მაცხოვრებელზე 50-ზე ნაკლები დადებითი შემთხვევა გამოვლინდება.

მინისტრი სპერანცა გადაწყვეტილებას უახლოეს რამდენიმე საათში მიიღებს კონტროლის პალატის (Cabina di Regia) და სამეცნიერო-ტექნიკური კომიტეტის შეფასებების საფუძველზე.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close