თესალონიკის მეტრო კალამარიამდე მივიდა – ხუთი ახალი სადგური გაიხსნა
თესალონიკის მეტროს ქსელი კიდევ უფრო გაფართოვდა – 27 აგვისტოს ოფიციალურად გაიხსნა ხუთი ახალი სადგური კალამარიის მიმართულებით, რის შედეგადაც ქალაქის აღმოსავლეთი ნაწილი ცენტრს პირდაპირ დაუკავშირდა.
ახალი მონაკვეთი მგზავრებისთვის 27 აგვისტოს, 15:00 საათზე გაიხსნა. მანამდე, დილით, სადგურ „მიკრაში“ გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი და მთავრობის სხვა წევრები მონაწილეობდნენ.
ახალ მონაკვეთზე ხუთი სადგურია:
- ნომარქია (Νομαρχία)
- კალამარია (Καλαμαριά)
- არეცუ (Αρετσού)
- ნეა კრინი (Νέα Κρήνη)
- მიკრა (Μίκρα)
ამგვარად, კალამარიის მიმართულება უკვე თესალონიკის მეტროს მოქმედ ქსელში სრულფასოვნად არის ინტეგრირებული. ოფიციალური ინფორმაციით, ახალი სადგურების ამოქმედებისთანავე მეტრო ჩვეულ სამუშაო გრაფიკს დაუბრუნდა.
კალამარიიდან ქალაქის ცენტრამდე – 20 წუთში
ახალი ხაზის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მგზავრობის დროის მნიშვნელოვნად შემცირებაა.
კალამარიიდან თესალონიკის ცენტრამდე მგზავრობას ახლა უკვე დაახლოებით 20 წუთი სჭირდება, ხოლო ქალაქის დასავლეთ ნაწილიდან კალამარიის აღმოსავლეთ კიდემდე მისვლა 25 წუთში იქნება შესაძლებელი.
მთავრობისა და სატრანსპორტო უწყებების შეფასებით, ახალი მონაკვეთი დღეში დამატებით 60 ათასამდე მგზავრს მოემსახურება. ამასთან, მოსალოდნელია, რომ ქალაქის ცენტრისკენ ყოველდღიურად მიმავალი ავტომობილების რაოდენობა 13-15 ათასით შემცირდება.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თესალონიკისთვის, სადაც ავტომობილების დიდი რაოდენობა და საცობები ერთ-ერთ მუდმივ პრობლემად რჩება.
მეტრომ უკვე შეცვალა მოძრაობა ქალაქში
საბერძნეთის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების ეროვნულ ცენტრ CERTH-ის მონაცემებით, თესალონიკის მეტროს ძირითადი ხაზის ამოქმედების შემდეგ ქალაქში სატრანსპორტო მოძრაობა დაახლოებით 14%-ით შემცირდა. შესაბამისად, კალამარიის მიმართულების დამატება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შედეგის იმედს იძლევა.
საინტერესოა, რომ სპეციალისტები მხოლოდ ავტომობილების რაოდენობის შემცირებაზე არ საუბრობენ. ტრანსპორტის ექსპერტი სტავროს კონსტანტინიდისი აღნიშნავს, რომ მეტროს გაფართოებას ქალაქისთვის გარემოსდაცვითი ეფექტიც უნდა მოჰყვეს – გათავისუფლებული საგზაო ტერიტორია ფეხით მოსიარულეებს, გამწვანებასა და საზოგადოებრივ სივრცეებს უნდა დაეთმოს.
მეტროს ახალი სამუშაო გრაფიკი
კალამარიის მონაკვეთის ამოქმედებასთან ერთად თესალონიკის მეტრო სრული განრიგით მუშაობს:
- ორშაბათი–ხუთშაბათი: 05:15–00:30
- პარასკევი–შაბათი: 05:15–02:00
- კვირა: 05:15–00:30
განსაკუთრებული რეჟიმი იმოქმედებს თესალონიკის საერთაშორისო გამოფენის – ΔΕΘ-ს დღეებში. 4, 5, 11 და 12 სექტემბერს მეტრო 24 საათის განმავლობაში იმუშავებს, რათა ქალაქში გადაადგილება გამარტივდეს.
13 წელი – ხუთი სადგურისთვის
კალამარიის მიმართულებით 4.8-კილომეტრიანი გაფართოების სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და დასრულებას დაახლოებით 13 წელი დასჭირდა, მაშინ როცა თავდაპირველი გეგმით 4.5 წელი იყო გათვალისწინებული. ბერძნული გამოცემა Καθημερινή წერს, რომ პროექტმა თავდაპირველ ვადას თითქმის სამჯერ გადააჭარბა, ხოლო ხარჯები დაახლოებით 65 მილიონი ევროთი გაიზარდა.
კალამარიის ხაზს, ძირითადი ხაზისგან განსხვავებით, არქეოლოგიური აღმოჩენების მასშტაბური პრობლემა არ ჰქონია. მისი გაჭიანურება, ძირითადად, ტექნიკურმა პრობლემებმა და დამატებითი სამუშაოების დაგვიანებით დაწყებამ გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ თესალონიკის მეტროს ძირითადი ხაზის მშენებლობა ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო, ხოლო ქალაქის პირველი მეტრო საბოლოოდ 2024 წლის ნოემბერში ამოქმედდა. მშენებლობის დროს სხვადასხვა დროის 300 000-ზე მეტი არქეოლოგიური არტეფაქტი იპოვეს
შემდეგი გაჩერება – თესალონიკის დასავლეთი ნაწილი
კალამარიის შემდეგ ყურადღება უკვე ქალაქის დასავლეთ ნაწილზე გადადის, სადაც 400 000-მდე ადამიანი ცხოვრობს – ხელისუფლებისთვის დასავლეთის მიმართულებით მეტროს გაფართოება შემდეგ მთავარ პრიორიტეტად სახელდება. აგვისტოში Ελληνικό Μετρό-მ უკვე გააფორმა ხელშეკრულება დასავლეთის მიმართულებების წინასწარი სამუშაოების დასაწყებად.
ამ ეტაპზე საუბარია რამდენიმე მიმართულებაზე. მათ შორის განიხილება ხაზის გაგრძელება „დემოკრატიის“ სადგურიდან „პაპაგეორგიუს“ საავადმყოფოსკენ, ასევე, ახალი მიმართულებები ევოსმოსა და კორდელიოსკენ. დასავლეთის მიმართულებით დაგეგმილ გაფართოებებში ჯამში 14-მდე ახალი სადგურია გათვალისწინებული.
მშენებლობის კონკრეტული ვადები ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა წინასამუშაოები უკვე დაწყებულია. სწორედ დასავლეთი იქნება შემდეგი დიდი გამოცდა – შეძლებს თუ არა ქალაქი მეტროს ქსელის გაფართოებას იმგვარად, რომ კალამარიის პროექტისგან განსხვავებით, ახალი მიმართულებების სამშენებლო სამუშაოები დაუსრულებლად არ გაიწელოს.
***
მეტროს გაფართოებასთან ერთად იცვლება ავტობუსების ქსელიც. მაგალითად, 27 აგვისტოდან ამოქმედდა ახალი X3 მარშრუტი „მიკრა – მაკედონიის აეროპორტი“, ხოლო 1-ელი სექტემბრიდან კალამარიაში ავტობუსის რამდენიმე მარშრუტი შეიცვლება, რათა ისინი მეტროს ახალ სადგურებს მოერგოს.
ნინო ბაჯელიძე
ამავე თემაზე: თესალონიკში მეტროს მშენებლობის დროს სხვადასხვა დროის 300 000-ზე მეტი არქეოლოგიური არტეფაქტი იპოვეს



