სამი იშვიათი ასტრონომიული მოვლენის თანხვედრა ერთ დღეს – რატომ არის 12 აგვისტო განსაკუთრებული და რას გვირჩევენ ასტროლოგები
12 აგვისტო 2026 წლის ერთ-ერთი გამორჩეული ასტრონომიული დღე იქნება – ამ დღეს ერთმანეთს სამი მნიშვნელოვანი მოვლენა დაემთხვევა: მზის სრული დაბნელება, ცაზე 6 პლანეტის „აღლუმი“ და პერსეიდების მეტეორული ნაკადის პიკი.
ამ იშვიათი თანხვედრის გამო 12 აგვისტოს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არა მხოლოდ ასტრონომიის მოყვარულები, არამედ ასტროლოგებიც ანიჭებენ. მათი ინტერპრეტაციით, ასეთი ციური მოვლენების ერთობლიობა შესაძლოა გარდამტეხ პერიოდს – ძველი ეტაპის დასრულებასა და ახალი შესაძლებლობების დაწყებას უკავშირდებოდეს.
საქართველოდან მზის დაბნელების ნახვა შეუძლებელი იქნება, თუმცა პერსეიდების მეტეორული ნაკადის დაკვირვებას მოწმენდილი ცის პირობებში ჩვენი ქვეყნის მცხოვრებნიც შეძლებენ. რა მოხდება 12 აგვისტოს ცაზე, სად გამოჩნდება დაბნელება და რას ამბობენ ამ დღის შესახებ ასტროლოგები – ამის შესახებ სტატიაში გიამბობთ.
სად გამოჩნდება მზის დაბნელება
როგორც უკვე აღვნიშნეთ, 12 აგვისტოს მზის დაბნელების ნახვას საქართველოდან ვერ შევძლებთ. NASA-ს მონაცემებით, სრული დაბნელების ზოლი გრენლანდიაზე, ისლანდიაზე, ჩრდილოეთ რუსეთზე, ატლანტის ოკეანეზე, ესპანეთსა და პორტუგალიის მცირე ნაწილზე გაივლის. ნაწილობრივი დაბნელება კი ხილული იქნება ევროპის დიდ ნაწილში, ჩრდილოეთ ამერიკის ზოგიერთ რეგიონსა და ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში. საქართველო ამ ზონაში არ შედის.
მზის დაბნელების სრული ფაზის მაქსიმალური ხანგრძლივობა დაახლოებით 2 წუთი და 18 წამი იქნება. სრული დაბნელების სანახავად საუკეთესო ადგილებს შორისაა ისლანდია და ესპანეთის ჩრდილოეთი ნაწილი, სადაც მთვარის ჩრდილი მზის დისკს მთლიანად დაფარავს.
ექვსი პლანეტის „აღლუმი“
12 აგვისტოს, გამთენიისას ცაზე ერთმანეთთან ახლოს, ერთ მონაკვეთში, თითქოს ერთ ხაზზე გამოჩნდება ექვსი პლანეტა: იუპიტერი, მერკური, მარსი, ურანი, სატურნი და ნეპტუნი.
ყველა მათგანს შეუიარაღებელი თვალით ვერ დაინახავთ. შესაბამის პირობებში შეუიარაღებელი თვალით ხილული იქნება იუპიტერი, მარსი, სატურნი და მერკური, ხოლო ურანისა და ნეპტუნის დასანახად ბინოკლი ან ტელესკოპი დაგჭირდებათ.
საქართველოდან ამ ციურ სანახაობაზე დაკვირვება შესაძლებელი იქნება. ამიტომ, თუ 12 აგვისტოს, გამთენიისას ცაზე დაკვირვებას გადაწყვეტთ, ქალაქის განათებისგან მოშორებული ადგილი შეარჩიეთ და აღმოსავლეთ ჰორიზონტისკენ გაიხედეთ.
პერსეიდების მეტეორული ნაკადის პიკი
12-დან 13 აგვისტოს ღამეს კი პერსეიდების მეტეორული ნაკადის პიკი დადგება. ამ მოვლენის დაკვირვება საქართველოდანაც შესაძლებელი იქნება, მთავარია ცა მოწმენდილი იყოს. საუკეთესო დრო, როგორც წესი, შუაღამის შემდეგ და გათენებამდე პერიოდია, როდესაც მეტეორული ნაკადის რადიანტი – პერსევსის თანავარსკვლავედი – ცაზე უფრო მაღლა ადის. წელს დაკვირვების პირობებს განსაკუთრებით ისიც გააუმჯობესებს, რომ პერსეიდების პიკი ახალმთვარეობას ემთხვევა და მთვარის ნათება მეტეორების დანახვას ხელს არ შეუშლის. ამისთვის უმჯობესია ქალაქის განათებისგან მოშორებული, ბნელი ადგილი შეარჩიოთ, საიდანაც ცის დიდი ნაწილი თავისუფლად გამოჩნდება.
რას ამბობენ ასტროლოგები 12 აგვისტოს განსაკუთრებულობაზე
ასტროლოგები 12 აგვისტოს სამი მნიშვნელოვანი ციური მოვლენის თანხვედრას სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებენ. მათი ინტერპრეტაციით, მზის დაბნელება, პლანეტების ერთობლივი განლაგება და პერსეიდების პიკი შესაძლოა გარდამტეხ პერიოდთან იყოს დაკავშირებული – დროის მონაკვეთთან, როდესაც ადამიანი ძველ ეტაპს ასრულებს და ახალი მიზნებისთვის ემზადება.
ასტროლოგიურ ტრადიციაში პერსეიდებს ხშირად სურვილების ჩაფიქრებასა და წარსულისგან გათავისუფლებას უკავშირებენ. ეზოთერიკოსები გვირჩევენ, ამ დღეს ბევრი სურვილის ნაცვლად ერთ, ყველაზე მნიშვნელოვან მიზანზე გავამახვილოთ ყურადღება.
პლანეტების „აღლუმი“, ასტროლოგიური ინტერპრეტაციით, შეიძლება არჩევანისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების პერიოდს დაემთხვეს. თუმცა ამ დღის მთავარი რეკომენდაცია იმპულსურობისგან თავის შეკავებაა: უმჯობესია კარგად გავიაზროთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები – იქნება ეს სამსახურის შეცვლა, ახალი პროექტის დაწყება თუ დიდი ხნის გადადებული საუბრის დასრულება.
მზის დაბნელებას კი ასტროლოგიურ ტრადიციაში შინაგანი გააზრებისა და შეჩერების პერიოდად მიიჩნევენ. ასტროლოგების რეკომენდაციით, ეს დღე უმჯობესია მშვიდი თავდაჯერებულობით, ზედმეტი აჩქარებისა და ემოციური გადაწყვეტილებების გარეშე გავატაროთ. მათი რჩევით, 12 აგვისტო კარგი დროა ძველი საქმეების დასრულებისთვის, არასაჭირო ნივთებისგან გასათავისუფლებლად და ახალი მიზნების მკაფიოდ ჩამოსაყალიბებლად; აგრეთვე, უბრალოდ, ცის დაკვირვების დროს სამყაროსთვის მადლობის სათქმელად ცხოვრებაში უკვე მიღებული გამოცდილებისთვის. ეზოთერიკოსებს მიაჩიათ, რომ სიმშვიდე, გულწრფელობა და ნათელი მიზანი ამ დღეს შეიძლება გახდეს ამოსავალი წერტილი იმ ცვლილებებისთვის, რომლებიც უახლოეს კვირებში დაიწყება. მათი მტკიცებით, შედეგები ყველაზე დიდ სკეპტიკოსებსაც კი გააოცებს.
რა თქმა უნდა, ეს ასტროლოგიური ინტერპრეტაციებია და არა მეცნიერულად დადასტურებული პროგნოზები, თუმცა 12 აგვისტოს ციური მოვლენების ერთობლიობა მართლაც საინტერესო მიზეზია იმისთვის, რომ ამ ღამეს ცას განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდეთ.
თამთა გურული



