მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებზე დაძაბულობის შემცირების პირველი მნიშვნელოვანი ნიშნები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა, კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი არა მხოლოდ იმ ნიშნულს დაუბრუნდა, რომელიც აშშ-ისა და ირანის ომის დაწყებამდე ფიქსირდებოდა, არამედ ვარდნა განაგრძო. ინვესტორები სულ უფრო მეტად ელიან, რომ ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ტრანსპორტირება სრულად აღდგება, რაც მიწოდების შეფერხების რისკებს ამცირებს და ფასებზე ზეწოლას ახდენს.
ბოლო სავაჭრო სესიის მონაცემებით, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე დაახლოებით 72.7 დოლარამდე დაეცა, ხოლო ამერიკული ნავთობის, West Texas Intermediate-ის (WTI) საორიენტაციო ფასი დაახლოებით 69.4 დოლარს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში Brent-ის ფასი დაახლოებით 10%-ით, ხოლო WTI-ის თითქმის 9.5%-ით შემცირდა. ორივე მარკისთვის ეს აშშ-ირანის ომის დაწყების (28 თებერვალი) შემდეგ, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციების დაწყების შემდეგ ირანმა ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის ფაქტობრივი შეზღუდვა დააწესა. შედეგად, სპარსეთის ყურეში ასობით სატვირთო და ნავთობმზიდი გემი, ასევე, 11 ათასზე მეტი მეზღვაური აღმოჩნდა ჩაკეტილი. ენერგეტიკულ ბაზრებზე მაშინ გაჩნდა სერიოზული შიში, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული არტერია ხანგრძლივად დაიბლოკებოდა.
ჰორმუზის სრუტეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ომამდე მსოფლიო ნავთობის დაახლოებით 20 პროცენტი – დღეში თითქმის 20 მილიონი ბარელი – სწორედ ამ მარშრუტით გადაიზიდებოდა. ნებისმიერი შეფერხება ავტომატურად ზრდიდა ნავთობის ფასს და მსოფლიო ეკონომიკისთვის დამატებით რისკებს ქმნიდა.
მიუხედავად იმისა, რომ სრუტე სრულად ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა ჩვეულ რეჟიმში, ბოლო დღეებში ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმებისა და ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ კომერციული გემების მოძრაობა თანდათან აღდგა. საერთაშორისო კოორდინაციით უკვე დაიწყო იმ გემების გაყვანა, რომლებიც კონფლიქტის პერიოდში სპარსეთის ყურეში ჩარჩნენ. სულ უფრო მეტი ნავთობტანკერი წარმატებით კვეთს ჰორმუზის სრუტეს, ხოლო საზღვაო მიმოსვლის ინტენსივობა ყოველდღიურად იზრდება.
ამის მიუხედავად, უსაფრთხოების რისკები ბოლომდე მოხსნილი ჯერ კიდევ არ არის. ბოლო დღეებში ომანის სანაპიროსთან ერთ-ერთ კომერციულ გემზე თავდასხმაც დაფიქსირდა, თუმცა ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ინციდენტი არ შეცვლის ბაზრის საერთო განწყობას, რადგან ნავთობის ტრანსპორტირების ძირითადი მარშრუტი უკვე ფუნქციონირებს. სადაზღვევო ტარიფები კვლავ მაღალია, თუმცა მათი ზრდის ტემპიც ნელდება.
ბაზარი ყოველთვის მომავლის მოლოდინებზე რეაგირებს. მიუხედავად იმისა, რომ ჰორმუზის სრუტეში მოძრაობა ჯერ სრულად არ აღდგენილა, ინვესტორები უკვე ვარაუდობენ, რომ რეგიონიდან ნავთობის ექსპორტი უახლოეს პერიოდში თითქმის სრულ მოცულობას დაუბრუნდება.
დამატებით ფაქტორად განიხილება სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ექსპორტის ზრდა და გლობალურ ბაზარზე მიწოდების გაუმჯობესების მოლოდინი. ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ თუ ახლო აღმოსავლეთში ახალი სამხედრო ესკალაცია არ დაიწყება, ბაზარზე ნავთობის მიწოდება მოთხოვნას გადააჭარბებს, რაც ფასების შემცირებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
ნავთობის ფასის მიმდინარე ვარდნა რუსეთის შემოსავლებისთვის არასახარბიელოა. რუსული Urals-ის მარკის ნავთობი, როგორც წესი, Brent-ზე იაფად იყიდება. მაგალითად, თუ Brent-ის ფასი 72 დოლარია, Urals-ის ღირებულება დაახლოებით 60-65 დოლარს შეადგენს. ამასთან, კვლავ მოქმედებს G7-ის მიერ დაწესებული ფასის ზედა ზღვარი (price cap) და სანქციები, რაც რუსეთის შემოსავლებს დამატებით ზღუდავს. აგრეთვე, ექსპორტის ნაწილი უფრო ძვირი ლოგისტიკური მარშრუტებითა და ე. წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ გამოყენებით ხორციელდება, რაც ხარჯებს ზრდის. შედეგად, ნავთობის ექსპორტიდან რუსეთის ბიუჯეტში შესული თანხა მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე რამდენიმე თვის წინათ იყო, თუმცა საბოლოო ეფექტი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენ ხანს შენარჩუნდება დაბალი ფასები.
ენერგეტიკული ბაზრები ახლა ყურადღებით აკვირდებიან, რამდენად მდგრადი იქნება აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმება. თუ ცეცხლის შეწყვეტა შენარჩუნდება და ჰორმუზის სრუტეში გადაადგილება ეტაპობრივად დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს, ნავთობის ფასები შესაძლოა კიდევ უფრო დასტაბილურდეს.
თუმცა ანალიტიკოსები ფრთხილობენ, რადგან რეგიონში პოლიტიკური და სამხედრო რისკები კვლავ მაღალია. ნებისმიერი ახალი ესკალაცია ან შეთანხმების ჩაშლა მყისიერად აისახება ნავთობის ფასზე და შესაძლოა ბაზარზე ახალი შოკიც გამოიწვიოს.
ნიკო აბაშიშვილი



