მედიცინამსოფლიო

მეცნიერებმა ნაზალური სპრეით ტვინის დაბერების უკუქცევა შეძლეს

ახალი თერაპია უკან აბრუნებს ასაკობრივ ცვლილებებს ტვინში - ამცირებს ანთებით პროცესებს, აღადგენს მეხსიერებას და ახალ მიმართულებას აძლევს დაბერების საწინააღმდეგო ნეიროთერაპიების განვითარებას

ტვინის დაბერება ხშირად შეუმჩნევლად იწყება – მსუბუქი დავიწყებით, ყურადღების გაფანტვით ან ინფორმაციის დამუშავების შენელებით. თუმცა თანამედროვე ნეირომეცნიერება სულ უფრო მეტ მტკიცებულებას იღებს, რომ ეს პროცესები მხოლოდ ასაკთან არ არის დაკავშირებული და ხშირად წინ უსწრებს სერიოზულ დაავადებებს, მათ შორის, ალცჰაიმერს.

ბოლო კვლევები ორ მნიშვნელოვან მიმართულებას აერთიანებს: ერთი მხრივ, ინოვაციური მკურნალობის გზებს, მეორე მხრივ კი, დაავადების ადრეული ნიშნების აღმოჩენას.

ნაზალური სპრეი, რომელიც ტვინზე პირდაპირ მოქმედებს

მეცნიერებმა Texas A&M University-დან შექმნეს ცხვირის სპრეი, რომლითაც ტვინის დაბერების პორცესის უკუქცევა შეძლეს.

სპრეი სტემ-უჯრედებისგან მიღებულ მიკრონაწილაკებს შეიცავს. ეს ნაწილაკები სპრეის ცხვირში შესხურებისას პირდაპირ ტვინში აღწევს და ამცირებს იმუნური უჯრედების ზედმეტ აქტივობას – ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს, რომელიც ტვინის დაბერებას აჩქარებს.

ამ მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევის საფუძველს წარმოადგენს მილიონობით მიკროსკოპული ბიოლოგიური ნაწილაკი – extracellular vesicles (EVs). ისინი მოქმედებენ, როგორც ერთგვარი „მიწოდების სისტემა“ და გადააქვთ ძლიერი გენეტიკური მასალა – microRNA.

„microRNA-ები მოქმედებენ, როგორც მთავარი რეგულატორები, – განმარტავს მკვლევართა ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი დოქტორი ნარაიანა (Dr. Madhu Leelavathi Narayana). – ისინი ხელს უწყობენ ტვინში მრავალი გენური და სასიგნალო გზის მოდულირებას და რეგულირებას“.

თუმცა ამ პროცესში არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად მიწოდების გზა.

ცხვირის სპრეის ფორმით შეყვანისას ეს მიკროსკოპული  ექსტრაცელულარული ვეზიკულები (EVs) ტვინის დამცავ ბარიერს გადალახავენ და პირდაპირ ტვინის ქსოვილში ხვდებიან; ქსოვილი მათ შეიწოვს და ისინი მოქმედებას იწყებენ.

თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მკურნალობამ:

  • შეამცირა ანთება ტვინში;
  • შეასუსტა ოქსიდაციური სტრესი;
  • გააუმჯობესა მეხსიერება;
  • ორივე სქესში ერთნაირად ეფექტიანად იმუშავა.

მეთოდი ჯერ კიდევ კვლევის ეტაპზეა და მისი უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის დასადასტურებლად ადამიანებზე კლინიკური ცდების ჩატარებაა საჭირო. მიუხედავად ამისა, კვლევის ხელმძღვანელმა, დოქტორმა შეტიმ (Dr. Ashok K. Shetty) და მისმა გუნდმა უკვე შეიტანეს პატენტის განაცხადი აშშ-ში ამ თერაპიაზე, რაც მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს იმ გზაზე, რომელიც შესაძლოა ტვინის დაბერების მკურნალობაში გარღვევად იქცეს.

ალცჰაიმერის მოულოდნელი ადრეული ნიშანი – ყნოსვის დაქვეითება

მეორე მნიშვნელოვანი აღმოჩენა ეხება დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკას. ავტორიტეტული სამეცნიერო ჟურნალი Nature, Molecular Psychiatry-ზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ყნოსვის გაუარესება შესაძლოა ალცჰაიმერის ერთ-ერთი პირველი ნიშანი იყოს.

კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა შეისწავლეს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (MRI) შედეგები იმ ადამიანებში, რომლებსაც უკვე აღენიშნებოდათ კოგნიტიური ფუნქციების საწყისი დარღვევები. აღმოჩნდა, რომ ასეთ პაციენტებში დასუსტებულია კავშირები ტვინის იმ უბნებს შორის, რომლებიც სუნის აღქმასა და მეხსიერებაზეა პასუხისმგებელი.

ეს შედეგი მიუთითებს, რომ ყნოსვის დაქვეითება შესაძლოა ნეირონული ქსელების მუშაობის დარღვევასთან იყოს დაკავშირებული.

რა ხდება ტვინში

ცხოველებზე ჩატარებულმა დამატებითმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ამ პროცესებს თან ახლავს სიგნალების გადაცემის დარღვევა ნერვულ უჯრედებს შორის. განსაკუთრებით ზიანდება ის რეცეპტორები, რომლებიც ნეირონების აქტივაციას უზრუნველყოფენ.

შედეგად:

  • სუსტდება ნერვული იმპულსების გადაცემა;
  • ირღვევა სუნთან დაკავშირებული მოგონებების ფორმირება;
  • ზიანდება მეხსიერების ფუნქციები.

მკვლევრების შეფასებით, ყნოსვის გაუარესება შეიძლება გამოვლინდეს დაავადების ძალიან ადრეულ ეტაპზე – მანამდეც კი, სანამ ალცჰაიმერის აშკარა სიმპტომები განვითარდება.

ეს რამდენიმე ახალ მნიშვნელოვან შესაძლებლობა ქმნის, როგორიცაა:

  • დაავადების უფრო ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა;
  • პრევენციული მკურნალობის დაწყება;
  • ახალი თერაპიული მიდგომების განვითარება.

ამ კონტექსტში განსაკუთრებით საინტერესოა ნაზალური სპრეის მსგავსი ინოვაციები, რომლებიც მიზნად ისახავს ტვინის დაცვას ჯერ კიდევ მანამ, სანამ დაზიანება შეუქცევადი გახდება.

დღეს მეცნიერება არ შემოიფარგლება მხოლოდ ალცჰაიმერის დაავადების მკურნალობით – ის პროცესის ადრეულ ეტაპზე შეჩერებას ცდილობს. ერთი მხრივ, ახალი სპრეი შესაძლოა გახდეს მარტივი და არაინვაზიური გზა ტვინის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, ხოლო მეორე მხრივ, ისეთი ნიშნები, როგორიცაა, მაგ., ყნოსვის დაქვეითება, შეიძლება დიაგნოსტიკის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცეს.

თუ ეს ორი მიმართულება წარმატებით განვითარდება, მომავალში შესაძლებელი გახდება არა მხოლოდ ალცჰაიმერის მართვა, არამედ მისი დროული პრევენციაც – რაც თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მთავარი მიზანია.

ნინო ხოშტარია

ამავე თემაზე: ალცჰაიმერის დაავადების პრევენცია თუ გსურთ, თქვენს რაციონში ამ ორი პროდუქტის წილი გაზარდეთ

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close