რატომ ირჩევა ძნელად ახალი კვერცხი და როგორ გავაადვილოთ ეს პროცესი

მოგეხსენებათ, რაც უფრო ახალია კვერცხი, მით უფრო ძნელია მოხარშვის შემდეგ ნაჭუჭის მოცილება. ამის ახსნა მარტივია:
ახალ კვერცხში ცილის მჟავიანობა (pH) დაბალია, რის გამოც ცილა მჭიდროდ ეკვრის ნაჭუჭის შიდა მემბრანას. დროთა განმავლობაში მჟავიანობა იზრდება, მემბრანა სუსტდება და ნაჭუჭიც ბევრად მარტივად სცილდება.
თუმცა ბევრი ადამიანი ახალ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას და სწორადაც იქცევა. არსებობს რამდენიმე ხერხი, რომელიც მოხარშული კვერცხის გაფცქვნას გაგვიმარტივებს.
3 ძირითადი ხრიკი იდეალურად მოხარშული კვერცხისთვის
1. ოთახის ტემპერატურა
მოხარშვამდე კვერცხი უმჯობესია მაცივრიდან წინასწარ გამოიღოთ.
ოთახის ტემპერატურამდე გათბობა ამცირებს ნაჭუჭის გაბზარვის რისკს, რომელიც ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებით არის გამოწვეული (ეს ნაკლებად ეხება შინაურ კვერცხს).
2. მარილი და ძმარი
კვერცხები ჩადეთ ცივ წყალში ისე, რომ სრულად დაიფაროს.
დაამატეთ:
- 1 სუფრის კოვზი მარილი
- 1 სუფრის კოვზი 9%-იანი ძმარი
მარილი ამაგრებს ნაჭუჭს და ხელს უშლის მის გაბზარვას, ხოლო ძმარი რეაგირებს კალციუმთან და შემდგომ კვერცხის გაფცქვნას ამარტივებს.
3. სწორი მოხარშვა და სწრაფი გაგრილება
წყლის ადუღების შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ.
კვერცხი მოხარშეთ 7-9 წუთის განმავლობაში (მაგრად).
მოხარშვის შემდეგ დაუყოვნებლივ გადაიტანეთ ყინულიან წყალში და დაამატეთ კიდევ ერთი სუფრის კოვზი ძმარი. დატოვეთ 10–15 წუთით – ეს პროცესი მნიშვნელოვნად ამარტივებს ნაჭუჭის მოცილებას.
კიდევ რამდენიმე ეფექტიანი მეთოდი (რომელიც ბევრმა არ იცის)
„შოკური“ მეთოდი (დარტყმა + გაგორება)
მოხარშული კვერცხი მსუბუქად დაარტყით მყარ ზედაპირს და შემდეგ ხელისგულით ნაზად გააგორეთ მასზე. ნაჭუჭი დაიბზარება და თითქმის ერთიანად დაიშლება.
გამდინარე წყლის ქვეშ გაწმენდა
კვერცხი გაასუფთავეთ გამდინარე წყლის ქვეშ – წყალი მემბრანასა და ცილას შორის აღწევს და ნაჭუჭი ადვილად შორდება.
კოვზის მეთოდი
ნაჭუჭის ნაწილობრივ მოხსნის შემდეგ, მემბრანასა და ცილას შორის ფრთხილად შეაცურეთ კოვზი – ხშირად კვერცხი მარტივად თითქმის მთლიანად გამოდის.
ორთქლზე მოხარშვა
ბევრი კულინარი ამტკიცებს, რომ ორთქლზე მოხარშული კვერცხი უფრო მარტივად იფცქვნება, ვიდრე წყალში მოხარშული.
კირა კარიაული
მსგავს თემაზე: კვერცხის გული: რატომ არ უნდა ამოვიღოთ რაციონიდან – დიეტოლოგის გაფრთხილება და უახლესი კვლევები



