ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 23-29 მარტი

მარტის ბოლო კვირა შინაგანი აღმოჩენებითა და პრაქტიკული ცვლილებებით იქნება სავსე. ზომიერება, სიმშვიდე და ურთიერთდახმარება საშუალებას მოგცემთ, გაზაფხულის მომდევნო თვეს შინაგანი ჰარმონიითა და წესრიგით შეხვდეთ. პლანეტარული ასპექტები ხაზს უსვამს ოჯახის, ფინანსების, ჯანმრთელობისა და სოციალური ურთიერთობებისადმი გონივრული მიდგომის მნიშვნელობას.
ამ კვირაში ცაზე სამი მნიშვნელოვანი პლანეტარული ასპექტი ჩამოყალიბდება.
25 მარტს, მზე-სატურნის შეერთება იქნება ზუსტი, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეანელოს ადამიანის სურვილები და განზრახვები. ამ ასპექტის მთავარი გამოწვევა არის ის, რომ მისი გავლენით შესაძლოა გაჩნდეს ეჭვი გარკვეული ქმედებების მიზანშეწონილობაზე, რაც ადამიანს უფრო ფრთხილს და მერყევს ხდის. ამ ასპექტს ასევე შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს ადამიანის კეთილდღეობაზე, შეამციროს სიცოცხლისუნარიანობა, გაზარდოს დაღლილობა და დაასუსტოს იმუნური სისტემა. შედეგად, გაციება შეიძლება გახშირდეს.
25-26 მარტი, მზე-პლუტონის სექსტილი – ორივე პლანეტა ენერგიასთან ასოცირდება. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ მზე პასუხისმგებელია ადამიანების ინდივიდუალურ ენერგიაზე, ხოლო პლუტონი – ადამიანთა დიდი ჯგუფების ენერგიაზე. ამ ენერგეტიკული ცენტრების ურთიერთქმედება ინდივიდს საშუალებას მისცემს, ჰარმონიულად ინტეგრირდეს საზოგადოების ზოგად ტენდენციებში. ეს ასევე ნიშნავს, რომ ინდივიდმა შეიძლება ფიზიკურ დონეზე მეტი ენერგია მოიპოვოს, რაც სპორტული მიღწევების და რეკორდების ზრდას გამოიწვევს.
28-29 მარტი, სატურნ-პლუტონის სექსტილი – იშვიათი ასპექტია, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს, ძლიერ ენერგიებზე კონტროლი შეინარჩუნოს. ინდივიდუალურ დონეზე ეს ასპექტი არ იგრძნობა და უფრო სოციალურ გამოვლინებებს უკავშირდება.
♈ ვერძი
ვერძს ენერგიული კვირა ელის, სადაც ბევრი რამ თქვენს სწრაფ რეაქციებსა და პირად ინიციატივაზე იქნება დამოკიდებული. სამსახურში წინსვლას შეძლებთ, თუ დამოუკიდებლად მოქმედებას დაიწყებთ. ფინანსურ სფეროში მოერიდეთ სპონტანურ ხარჯვას და ემოციურ გადაწყვეტილებებს. სიყვარულში თუ რამე უთქმელია, უმჯობესია დაუყოვნებლივ მოაგვაროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაძაბულობა გაიზრდება. კვირის ბოლო ხელსაყრელია ახალი გეგმებისთვის, მოკლე მოგზაურობებისა და ცვლილებებისკენ თამამი ნაბიჯებისთვის.
სასიკეთო დღეები: 27, 29.
არასასიკეთო დღე: 23.
♉ კურო
კურომ ამ კვირაში უნდა გადახედოს ჩვეულ რუტინას და მეტი ყურადღება მიაქციოს პრაქტიკულ საკითხებს. სამსახურში შეიძლება შეიცვალოს პირობები, ამოცანები ან პრიორიტეტები, მაგრამ სწორედ ეს რესტრუქტურიზაცია დაგეხმარებათ უფრო სასარგებლო მიმართულების დანახვაში. თქვენი ენერგია და მონდომება წარმატების გარანტიას მოგცემთ ბევრ წამოწყებაში. ურთიერთობებში მშვიდი, გულწრფელი საუბარი უფრო შედეგიანი იქნება, ვიდრე გარე ბალანსის ნებისმიერ ფასად შენარჩუნების მცდელობა.
შეეცადეთ, შაბათ-კვირას კარგად დაისვენოთ ან დრო ძველ მეგობრებთან ერთად გაატაროთ.
სასიკეთო დღეები: 25, 28.
არასასიკეთო დღე: 24.
♊ ტყუპი
ამ კვირაში ნებისმიერი სიტუაციიდან ბრწყინვალე გამოსავალს იპოვით. შეძლებთ სოციალური წრის გაფართოებას და საინტერესო ადამიანების გაცნობას. მთელი კვირა სავსე იქნება სიახლეებითა და შეხვედრებით. ერთდროულად რამდენიმე საქმის მოგვარება მოგიწევთ. კარგად წარიმართება მოლაპარაკებები, მოგზაურობა, დოკუმენტების დამუშავება და ნებისმიერი საკითხი, სადაც სიტყვები და კავშირები მნიშვნელოვანია. სიყვარულში შესაძლებელია მოულოდნელი შეტყობინებები ან არსებული ურთიერთობის ახალი ტალღა. მთავარია, პარტნიორს არ დაჰპირდეთ იმაზე მეტს, ვიდრე მზად ხართ შეასრულოთ და შემთხვევითი ინტერესი სერიოზულ გრძნობებში არ აურიოთ.
სასიკეთო დღეები: 23, 26.
არასასიკეთო დღე: 24.
♋ კირჩხიბი
კირჩხიბებისთვის ეს კვირა ძალზე მღელვარე პერიოდია, სავსე მრავალფეროვანი მოვლენებით. გარეგნულად, ყველაფერი შეიძლება მშვიდად წარიმართოს, მაგრამ შინაგანად ბევრ რამეს გადააფასებთ: ურთიერთობებს, მიჯაჭვულობას, ვალდებულებებს და თქვენს ძლიერ სურვილებს. სამსახურში ძალების მოკრებით შეძლებთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, რაც ირგვლივ მყოფთა ყურადღებას მიიპყრობს. ფინანსებს რაც შეეხება, უმჯობესია გამოიჩინოთ სიფრთხილე და თავი აარიდოთ რისკებს საეჭვო მოგების მიზნით.
ცხოვრება შაბათ-კვირისთვის ნორმალურ რიტმს უნდა დაუბრუნდეს, რასაც თავგადასავლების სიყვარულიც შეუწყობს ხელს. თუ საოჯახო საქმეები გაქვთ მოსაგვარებელი, იზრუნეთ მათზე.
სასიკეთო დღეები: 25, 28.
არასასიკეთო დღე: 27.
♌ ლომი
ეს კვირა ლომებს დიდ შანსს მისცემს, პოზიციები გაიძლიერონ და გაიბრწყინონ ბიზნესში ან პირად ცხოვრებაში. ეს კარგი პერიოდია საკუთარი იდეების გასახმოვანებლად, თამამი წამოწყებებისა და მათი პოპულარიზაციისთვის. აუცილებლად შეგამჩნევენ, მაგრამ ამ ყურადღებას შედეგებზე პასუხისმგებლობაც მოჰყვება. ეცადეთ, შეინარჩუნოთ ფინანსური ბალანსი ლამაზად ცხოვრების სურვილსა და გონივრულად მოქმედებას შორის. პირად ურთიერთობებში ეს კვირა ცოტა მეტ სიფაქიზეს მოითხოვს: კავშირი უფრო თბილი და მშვიდი გახდება.
შაბათ-კვირას კარგი ამბავი ან მოულოდნელი წარმატება გელით. შესაძლოა, ახალი სამსახური და ამჟამინდელზე მაღალი ხელფასი შემოგთავაზონ.
სასიკეთო დღეები: 26, 28.
არასასიკეთო დღე: 25.
♍ ქალწული
ამ კვირაში სასურველია ნაკლები ილაპარაკოთ და მეტი გააკეთოთ. ოთხშაბათი კარგი დროა ანალიზისა და ინფორმაციის შეგროვებისთვის. შეძლებთ ბევრ რამეში გარკვევას და სასურველი შედეგების მიღწევას. ყურადღება მიაქციეთ ყველა დეტალს, რადგან მნიშვნელოვანი საქმის წარმატება შეიძლება ამაზე იყოს დამოკიდებული. პირად ცხოვრებაში კი მოერიდეთ ყველაფრის ანალიზს და კონტროლს. ზოგჯერ ურთიერთობები საუკეთესოდ ვითარდება, როდესაც ყველაფერს ბუნებრივად, ზედმეტი სტრესის გარეშე აგვარებთ.
შაბათ-კვირას გარანტირებული არ არის, რომ დაისვენებთ. მოსალოდნელია საინტერესო სამუშაო, რომლის შედეგსაც მოგვიანებით იხილავთ.
სასიკეთო დღეები: 25, 26.
არასასიკეთო დღე: 23.
♎ სასწორი
ამ კვირაში სამსახურში არსებული სიტუაცია თქვენს ავტორიტეტს გააძლიერებს. შეიძლება აღმოჩნდეთ სიტუაციაში, სადაც თქვენი პოზიციის მკაფიოდ გამოხატვა დაგჭირდებათ, განსაკუთრებით პარტნიორულ საკითხებში. ეს კარგი დროა მოლაპარაკებებისთვის, საერთო მიზნების განსახილველად და შეთანხმებების გადახედვისთვის. ოთხშაბათს ბიზნესპარტნიორებთან შეხვედრისას ხელიდან არ გაუშვათ მომგებიანი კონტრაქტის დადების შანსი. პირად ცხოვრებაში სასარგებლოა ორაზროვნების თავიდან აცილება: თუ გრძნობები არსებობს, ისინი უნდა გამოიხატოს და თუ ურთიერთობა მხოლოდ ჩვევაზეა დაფუძნებული, ესეც აშკარა გახდება.
შაბათ-კვირას საოჯახო საქმეების მოგვარება აღარ გადადოთ.
სასიკეთო დღეები: 24, 27.
არასასიკეთო დღე: 26.
♏ მორიელი
ამ კვირაში სამსახურში წარმატებული იქნება სტრატეგიები, ანალიზი, ფინანსური საკითხები და თემატიკა, სადაც სიმშვიდე და სიზუსტე აუცილებელია. ოთხშაბათს შესაძლოა მოულოდნელად, მარტივად მიაღწიოთ დასახულ მიზანს. საინტერესო საქმიანი შეხვედრებ გელოდებათ, მაგრამ ფრთხილად იყავით, შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოგრჩეთ ან მოგატყუონ. კოლეგების მიმართ ნაკლებად კრიტიკული იყავით. ეცადეთ, უფრო ტოლერანტული იყოთ ირგვლივ მყოფების ნაკლოვანებების მიმართაც. მარტოხელა მორიელებისთვის ეს კვირა ღრმა კავშირის დასაწყისზე მიანიშნებს – იაქტიურეთ!
შაბათ-კვირას მეგობრების დახმარება ძალიან გამოგადგებათ.
სასიკეთო დღეები: 25, 29.
არასასიკეთო დღე: 27.
♐ მშვილდოსანი
ამ კვირაში შესაძლოა თქვენი შრომის შედეგებმა გაგახაროთ და მორალური და მატერიალური კმაყოფილებაც კი მოგიტანოთ. ეცადეთ, საქმიან პარტნიორებთან კამათი არ დაიწყოთ, პირიქით, კარგი იქნება, თუ საერთო ენას გამონახავთ. თქვენი საიდუმლო გეგმები და განზრახვები რეალობად იქცევა, თუმცა ჯერჯერობით იდეები თქვენთვის შეინახეთ. ნუ გადადებთ პრობლემების გადაჭრას, რადგან დავალებები კვლავ დაგროვდება და დაძაბულობა გაიზრდება. თანხას დაუფიქრებლად ნუ დახარჯავთ. სიყვარულში მოსალოდნელია ბედნიერი შეხვედრა და საოცარი ემოციები.
უმჯობესია, შაბათ-კვირა სახლში გაატაროთ, რათა კარგი ოჯახური ამბები არ გამოტოვოთ.
სასიკეთო დღეები: 24, 28.
არასასიკეთო დღე: 26.
♑ თხის რქა
ამ კვირაში შეძლებთ მნიშვნელოვან საკითხებზე ფოკუსირებას და მხარდამჭერების პოვნას. რეალური შანსი გექნებათ, თქვენი გეგმები განახორციელოთ. სამსახური შეიძლება განსაკუთრებით ინტენსიური და სტრესული იყოს, მაგრამ ახლა საკმარისი ენერგია და ძალა გექნებათ. ნუ მოგერიდებათ თავაზიანად გაუსვათ ხაზი თქვენს შეუცვლელობას პროფესიული თვალსაზრისით. ეცადეთ, იპოვოთ მსგავსი აზროვნების ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან ახალი გეგმებისა და პროექტების განხორციელებაში. შეგიძლიათ მეგობრების დახმარებას დაეყრდნოთ.
შაბათ-კვირას შესაძლებელია ოჯახური ვიზიტები, რის გამოც ალბათ მოგიწევთ უარი თქვათ საკუთარ გეგმებზე.
სასიკეთო დღეები: 23, 27.
არასასიკეთო დღე: 25.
♒ მერწყული
ამ კვირაში სამსახურში ახალი პერსპექტივები და შესაძლებლობები გექნებათ. შესაძლოა სასიამოვნო მოვლენები მოხდეს, რაც თქვენს განწყობას აამაღლებს. მენეჯმენტთან კონტაქტებით რამდენიმე სასიცოცხლო საკითხს მოაგვარებთ. სასურველია, თავი აარიდოთ სარისკო წინადადებებს. ფინანსებში მოერიდეთ ქაოსურად მოქმედებას, მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ იღბალი თქვენს მხარესაა. სიყვარულში კი ეს კვირა მოულოდნელ შემობრუნებას გპირდებათ: ნაცნობ ადამიანს სრულიად განსხვავებული პერსპექტივიდან დაინახავთ.
შაბათ-კვირას მოთმინება და თავშეკავება აუცილებელი იქნება, ხოლო წინდახედულობა – თქვენი კოზირი.
სასიკეთო დღეები: 23, 25.
არასასიკეთო დღე: 28.
♓ თევზები
ამ კვირაში სამსახურში თქვენი წარმატება ყველა მოლოდინს გადააჭარბებს. მოსმენისა და გაგების უნარი დიდ წარმატებას მოგიტანთ. ყველაფერი, რის გაკეთებაც დაგეგმეთ, პირველივე ცდაზე გამოგივათ. იღბალი თქვენს მხარეს იქნება როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში. მიხვდებით, რომ იპოვეთ ადამიანი, რომელიც მოგწონთ და რომელთანაც თავს კომფორტულად გრძნობთ. ეს კარგი დროა გულწრფელი საუბრებისა და ემოციური სიახლოვის განახლებისთვის.
შაბათ-კვირას ეცადეთ, დრო მშვიდ გარემოში გაატაროთ.
სასიკეთო დღეები: 23, 27.
არასასიკეთო დღე: 26.
თამთა გურული



