რომელი პროდუქტები აძლიერებს მეხსიერებას – ნევროლოგის რეკომენდაციები
სანკტ-პეტერბურგელი ნევროლოგი, ექიმ-ექსპერტი კირილ ალმაზოვი განმარტავს, რომ მეხსიერების გაუარესების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი რკინის დეფიციტია. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია რაციონში იმ პროდუქტების რეგულარული ჩართვა, რომლებიც ამ მიკროელემენტით არის მდიდარი.
ექიმის თქმით, რკინა ორი ფორმით გვხვდება – ჰემური და არაჰემური. ჰემური რკინა უფრო მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და მას დიდი რაოდენობით შეიცავს წითელი ხორცი, ასევე, ღორისა და საქონლის ღვიძლი. არაჰემური რკინა კი გვხვდება მცენარეულ პროდუქტებში – თხილში, პარკოსნებში, ისპანახსა და წიწიბურაში.
მეხსიერების გასაძლიერებლად ნევროლოგი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ცხიმოვან მჟავებზე, რომლებიც ნერვული იმპულსების გადაცემაში მონაწილეობენ. ამ ნივთიერებებით მდიდარია ისეთი პროდუქტები, როგორიცაა: ორაგული, სკუმბრია, სელისა და ზეითუნის ზეთი, ასევე, ნიგოზი.
გარდა ამისა, ტვინის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია B ჯგუფის ვიტამინები, ქოლინი, ფოლატები, მაგნიუმი და თუთია. ამ სასარგებლო ნივთიერებებს ორგანიზმი იღებს კვერცხიდან, მწვანე ბოსტნეულიდან, პარკოსნებიდან, მარცვლეულიდან და გოგრის თესლიდან.
ნევროლოგი, ასევე, ხაზს უსვამს ანტიოქსიდანტების მნიშვნელობას. ისინი ანელებენ ჟანგვით პროცესებს და ხელს უწყობენ ნერვული უჯრედების აღდგენას. ანტიოქსიდანტებით განსაკუთრებით მდიდარია კენკროვანი ხილი, კაკაო და მწვანე ჩაი.
ექიმის თქმით, ამ პროდუქტების ჩართვა რაციონში მეხსიერების შენარჩუნებასა და ტვინის ნორმალური მუშაობის უზრუნველყოფაში დაგეხმარებათ.
ნინო ხოშტარია
ასევე, დაგაინტერესებთ: საინტერესო ინფორმაცია თავის ტვინზე და ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები
მეხსიერების გაუმჯობესების უძველესი და ეფექტიანი ტექნიკა, რომელსაც ბილ გეიტსი იყენებს



