მთავრობა უარს ამბობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებაზე
ორივე უნივერსიტეტის აკადემიური წრეებისა და სტუდენტების, პრაქტიკულად, ერთსულოვანი მძაფრი პროტესტის შემდეგ, რომელსაც საზოგადოების უდიდესი ნაწილიც ეთანხმებოდა, მთავრობამ გადაწყვიტა, უარი თქვას მიღებულ გადაწყვეტილებაზე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 9 თებერვალს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, კობახიძის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად გარდაიქმნება და დარჩება მხოლოდ ის ტექნიკური ფაკულტეტები, რომლებიც 1990 წლამდე იყო, სხვა პროფილის სასწავლო პროგრამები კი „მილევად რეჟიმში გადავა“ – ანუ დღეს მოქმედი არატექნიკური მიმართულების ფაკულტეტები 2,5 წლის შემდეგ გაუქმდება.
„ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის პრინციპის“ შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად. ეს იყო ჩვენი უმაღლესი განათლების კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. შესაბამისად, ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალში ისწავლება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ისწავლებოდა, შესაბამის პროგრამაში შედიოდა. ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზე, რომლებიც 1990-იან წლებამდე არ შედიოდა ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში. შესაბამისად, ტექნიკური პროფილის არმქონე სასწავლო პროგრამები ტექნიკურ უნივერსიტეტში მომდევნო ორი წლის განმავლობაში დარჩება მილევად რეჟიმში. აღარ ერთიანდება ორი უნივერსიტეტი. რაც შეეხება არატექნიკურ მიმართულებებს, ისინი დარჩებიან მილევად რეჟიმში. შესაბამისად, ამ წლიდან უკვე ტექნიკურ უნივერსიტეტში შესაბამის სპეციალობებზე მიღება აღარ გამოცხადდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
გაურკვეველია, რა ბედი ელით „მილევად რეჟიმში“ მოხვედრილი ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლებს 2,5 წლის შემდეგ.
„რაც შეეხება ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარული მიმართულების ლექტორებს, ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში დარჩება მილევად რეჟიმში შესაბამისი დისციპლინები და ამის შემდეგ მათზე მაქსიმალურად ვიზრუნებთ. ჩვენ გვაქვს სერიოზული დეფიციტი კადრების თვალსაზრისით საუნივერსიტეტო სისტემაში. შესაბამისად, როგორც კი დადგება ამის დრო და საჭიროება, მაქსიმალურად ვიზრუნებთ თითოეულ პროფესორ-მასწავლებელზე, რომელიც არის დასაქმებული ჰუმანიტარული მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე საუნივერსიტეტო შენობების გაყიდვის საკითხზეც ისაუბრა, მან ჟურნალისტის კითხვის პასუხად თქვა, რომ გასხვისებას არ დაექვემდებარება ის შენობები, რომლებსაც „იდენტობის განმსაზღვრელი“ დატვირთვა აქვს უნივერსიტეტებისთვის.
„თუ რომელიმე შენობას აქვს განმსაზღვრელი მნიშვნელობა შესაბამისი უნივერსიტეტის იდენტობისთვის, ეს შენობა დარჩება თავის ადგილზე შესაბამისი აკადემიური დატვირთვით, – თქვა კობახიძემ. – ცალსახაა, რომ არ გაიყიდება თსუ-ს პირველი და მეორე კორპუსები, გამომდინარე იქიდან, რომ ეს შენობები არის თსუ-ს იდენტობის განუყოფელი ნაწილი“.
მისივე თქმით, არ იგეგმება არც სამედიცინო უნივერსიტეტის შენობების გაყიდვა, ტექნიკური უნივერსიტეტის შენობებთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილებას მთავრობა მის ხელმძღვანელობასთან და აკადემიურ საბჭოსთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს. საინვესტიციო პროექტებისთვის უნივერსიტეტების შენობების გასხვისებას სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს მთავრობის მიერ შემუშავებული განათლების რეფორმა.
ცნობისათვის: ტექნიკურ უნივერსიტეტს თბილისში 13 კორპუსი აქვს – 12 სასწავლო და ერთი გადამზადების. ის, აგრეთვე, ფლობს და მართავს შენობებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, რუსთავში, ახალციხეში და სხვ.
ნანა ძნელაძე



