რუსეთის მასშტაბური სარაკეტო იერიშები, ექსტრემალური სიცივე და ელექტროენერგიის ხანგრძლივი გათიშვა მძიმედ აისახება უკრაინელთა ემოციურ მდგომარეობაზე, თუმცა სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ უკრაინაში საზოგადოება ერთიანობას ინარჩუნებს და კატეგორიულად უარყოფს აგრესორთან კომპრომისებს.
უკრაინის ქალაქებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ინტენსიური დაბომბვები, დღეში 20 საათზე მეტი ხნით ელექტროენერგიის არქონა, წყლის დეფიციტი და ყველაზე მტკივნეული – გათბობის არარსებობა მაშინ, როცა გარეთ მინუს 15-20 გრადუსია: ამ ყველაფრის გადატანა უწევს უკიდურესად ცივ ზამთარში უკრაინის მოსახლეობას – მათ, ვინც ყველაფრის მიუხედავად ქვეყანაში დარჩა. 29 იანვარს გამოცხადდა, რომ ტრამპის თხოვნით მიღწეულია „ენერგეტიკული ზავი“ მოსკოვსა და კიევს შორის ზამთრის პერიოდში, თუმცა 3 თებერვალს ღამით, აბუ-დაბიში მოლაპარაკების მეორე რაუნდის დაწყების წინა დღეს, რუსეთმა ისევ დაბომბა უკრაინის ენერგოობიექტები – განგაშის ხმა ისმოდა კიევში, ხარკოვსა და სხვა რეგიონებში სარაკეტო დარტყმების გამო. ამ დაბომბვების დროს რუსეთმა 450 უპილოტო საფრენი აპარატი და 71 რაკეტა გამოიყენა, რომელთაგან 38 რაკეტა და 421 დრონი გაანეიტრალეს .შედეგად ასიათასობით ადამიანი კიევში, ხარკოვსა და სხვა რეგიონებში გათბობის გარეშე დარჩა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ წელს ყველაზე ცივი ზამთარია: კიევში მინუს 20 გრადუსია, ხარკოვში – მინუს 24. კიევში 3 თებერვლის დილისათვის გათბობის გარეშე იყო დარჩენილი 1170 მრავალბინიანი სახლი. პუტინმა ზუსტად ძლიერ ყინვების პერიოდი აირჩია, რომ მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაში ჩაეგდო, რასაც ჟურნალისტებმა უკვე უწოდეს „ხოლოდომორი“. ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას მნიშვნელოვანი დრო დასჭირდება.
სირთულეების მიუხედავად უკრაინელები კომპრომისებზე არ მიდიან
სოციოლოგიური კვლევები აფიქსირებს საერთო განწყობის გაუარესებას, დაღლილობასა და დაძაბულობას – აცხადებს სოციოლოგიურ ჯგუფ „რეიტინგის“ დირექტორი ალექსეი ანტიპოვიჩი. მისი თქმით, მძიმე ზამთრისა და რუსეთის მხრიდან მუდმივი თავდასხმების ფონზე იზრდება იმ ადამიანთა წილი, რომლებიც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ, თუმცა საუბარი არ არის პოლიტიკური ორიენტაციების ცვლილებაზე – ეს უფრო საერთო ემოციურ ფონს ეხება.
ამავე დროს, ანტიპოვიჩის თქმით, ეს განწყობები არ გადადის ომისა და აგრესორის მიმართ დამოკიდებულების შეცვლაში და არ მიუთითებს უკრაინელების მზადყოფნაზე, დაეთანხმონ კრემლის მოთხოვნებს ან „მშვიდობას ნებისმიერ ფასად“ დათანხმდნენ.
„პუტინის მხრიდან დაბომბვები და სიცივე, როგორც ზეწოლის ინსტრუმენტი, ამძიმებს საზოგადოებრივ განწყობას. მაგრამ ეს საერთოდ არ ცვლის დამოკიდებულებას პუტინის, რუსეთისა და მის მიერ წარმოებული ომის მიმართ. უკრაინელები არ არიან მზად და არც აპირებენ დათმობებზე წასვლას – არც ტერიტორიული და არც სხვა კუთხით“, – აღნიშნა ანტიპოვიჩმა DW-სთან ინტერვიუში.
ანალოგიურ შეფასებას იძლევა რაზუმკოვის ცენტრის სოციოლოგიური სამსახურის დირექტორი ანდრეი ბიჩენკოც. მისი თქმით, ამ მიმართულებით არსებითი ცვლილებები არ შეინიშნება და თუ რაიმე ძვრები არსებობს, ისინი ხარისხობრივად მნიშვნელოვნად არ განსხვავდება წინა პერიოდებისგან.
„უკრაინელთა მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც უახლეს, ისე წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, კარგად აცნობიერებს: უკრაინის კაპიტულაცია ან არახელსაყრელი მშვიდობის ხელმოწერა მდგომარეობის გაუმჯობესებას არ მოიტანს. უკრაინელებს არ სჭირდებათ ახსნა, ვინ არიან რუსები და როგორ დაიწყო ყველაფერი – ეს ხერსონში, ხარკოვსა და კიევში საკუთარი თვალით ნახეს. საზოგადოებრივი განწყობა ამ საკითხში არსებითად არ იცვლება. ამიტომაც უკრაინელები მტკიცედ დგანან, მიუხედავად ყველაფრისა“, – ამბობს ბიჩენკო DW-სთან საუბარში.
კიევის საერთაშორისო სოციოლოგიური ინსტიტუტის (КМИС) მიერ 2026 წლის 9-14 იანვარს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელთა აბსოლუტური უმრავლესობა (69%) ომს კვლავ ეგზისტენციალურ საფრთხედ აღიქვამს და მიაჩნია, რომ რუსეთი ან ფიზიკური გენოციდის განხორციელებას ცდილობს, ან უკრაინული ერის განადგურებას. 2025 წლის თებერვალში ეს მაჩვენებელი თითქმის იგივე იყო – 66%. გამოკითხულთა 77% ფიქრობს, რომ მიუხედავად რუსეთის წინსვლისა ფრონტზე, უკრაინას ძალუძს წინააღმდეგობის გაგრძელება.
„კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ, უპირველეს ყოვლისა, უკრაინელები ყველა სირთულის მიუხედავად ინარჩუნებენ სიმტკიცესა და ოპტიმიზმს ომის მიმართ. მათი აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ უკრაინას აქვს რესურსი ეფექტიანი წინააღმდეგობის გასაგრძელებლად და მხოლოდ უმცირესობა მიიჩნევს, რომ წინააღმდეგობა უიმედოა“, – განმარტავს КМИС-ის აღმასრულებელი დირექტორი ანტონ გრუშეცკი.
საზოგადოების გამძლეობისა და ერთიანობის რესურსი შენარჩუნებულია
რუსეთის მუდმივი დაბომბვები, ინფრასტრუქტურის განადგურება და გაჭიანურებული ომი არ იწვევს უკრაინული საზოგადოების მზარდ მზადყოფნას, კომპრომისებზე წავიდეს რუსეთთან. პირიქით – დაგროვილი დაღლილობა, სიბრაზე და გაღიზიანება უფრო ძლიერ მრისხანებად გარდაიქმნება აგრესორი სახელმწიფოს მიმართ, ამბობს DW-სთან საუბარში პოლიტოლოგი და ეროვნული გამძლეობისა და ერთიანობის პლატფორმის თანადამფუძნებელი ოლეგ სააკიანი.
მისი თქმით, სოციალური დაძაბულობა უკრაინაში პერიოდულად მართლაც იჩენს თავს პროტესტების სახით, თუმცა ეს აქციები მკაფიოდ ლოკალური ხასიათისაა და ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ არ არის მიმართული.
„ეს არის რეაქცია კონკრეტულ უმოქმედობაზე და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების ნაკლებობაზე. მაგრამ არც საჯარო სივრცეში და არც სოციოლოგიაში არ ფიქსირდება ცენტრალური ხელისუფლების მიმართ დაძაბულობის ზრდა ან ფართომასშტაბიანი დათმობების მოლოდინი. ამას ვერ ცვლის ვერც ინფრასტრუქტურული კრიზისები და ვერც რუსეთის მასირებული იერიშები. სხვადასხვა სამსახურის გამოკითხვები აჩვენებს, რომ უკრაინელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მზად არის, კიდევ აიტანოს სირთულეები და გააგრძელოს ომი. დროითი ჰორიზონტი ვიწროვდება, მაგრამ გამძლეობის მარაგი რჩება“, – ამბობს სააკიანი.
უკრაინელებს კრიზისში ერთმანეთის დახმარება შეუძლიათ
სამხედრო ანალიტიკოსისა და უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრის მრჩევლის, ალექსეი კოპიტკოს აზრით, რუსეთის ერთ-ერთი მთავარი შეცდომა სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისიდანვე იყო ის, რომ უკრაინული საზოგადოების სიმტკიცისა და თვითორგანიზების უნარი სათანადოდ არ დააფასა. მისი თქმით, რუსეთი კვლავ და კვლავ იმეორებს ერთსა და იმავე შეცდომას – არასწორად აფასებს უკრაინელების განწყობასა და ურთიერთდახმარების პოტენციალს კრიზისულ სიტუაციებში, როცა სრულიად უცნობი ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან.
კოპიტკო ხაზს უსვამს, რომ უკრაინულ საზოგადოებას აქვს ჰორიზონტალური თანამშრომლობის უნიკალური გამოცდილება, რომელიც ნათესაურ ან ახლო კავშირებს სცდება. სწორედ ეს უნარი – უცნობ ან ნაკლებად ნაცნობ ადამიანთა ურთიერთქმედება – გახდა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც ქვეყანამ გაუძლო მასშტაბურ ნგრევას, დანაკარგებსა და რუსეთის მუდმივ ზეწოლას.
„უკრაინელები კვლავ მიდრეკილნი არიან მოტივაციის გარეშე ნდობისკენ. ნაძირლობა დღემდე სირცხვილად ითვლება. სწორედ ამიტომ, მთელი იმ აშკარა საშინელების მიუხედავად, რაც ჩვენს გარშემოა, უკრაინა დღემდე დგას“, – ამბობს კოპიტკო.
უკრაინელთა სიმტკიცე – პრეზიდენტის მხარდაჭერა მოლაპარაკებებში
სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, ომი უკრაინელებისთვის კვლავ მთავარ პრობლემად რჩება. როგორც КМИС-ის კვლევაშია ნათქვამი, უკრაინელთა 69%-ს არ სჯერა, რომ მიმდინარე მოლაპარაკებებით მდგრად მშვიდობა მიიღწევა, რადგან თავად რუსეთს არ აქვს ომის შეწყვეტის სურვილი. მიუხედავად ამისა, საზოგადოებაში მოლაპარაკებების პროცესის მიმართ ინტერესი შენარჩუნებულია.
ალექსეი ანტიპოვიჩის თქმით, ომის დასრულების მთავარ მოლოდინებს უკრაინელები თავიანთ პრეზიდენტს – ვოლოდიმირ ზელენსკის უკავშირებენ.
„ყველა იმედი და ნდობა, პირველ რიგში, მიმართულია პრეზიდენტ ზელენსკისკენ და არა რუსეთის, მოლაპარაკებების ჯგუფების ან ცალკეული უცხოელი ლიდერებისკენ“, -აღნიშნავს სოციოლოგი.
ექსპერტები ხაზგასმით ამბობენ, რომ სოციალური ერთიანობა და შიდა განხეთქილების არქონა უკრაინის ხელისუფლებისთვის მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენს.
„ეს პრეზიდენტის აბსოლუტური მხარდაჭერაა და სწორედ ეს არის მისი უპირატესობა მოლაპარაკებებში. უკრაინელებს უკვე ჰქონდათ მინსკის შეთანხმებების გამოცდილება, რომელმაც კიდევ უფრო დიდი ომი მოიტანა. ამიტომ დღეს უკრაინელებს კარგად ესმით ერთიანობის ფასი“, – ამბობს პოლიტოლოგი და ეროვნული გამძლეობისა და ერთიანობის პლატფორმის თანადამფუძნებელი ოლეგ სააკიანი.
ნინო ხოშტარია
„დოიჩე ველეს“ მიხედვით



