მსოფლიოპოლიტიკა

ლიბიაში მუამარ კადაფის შვილი მოკლეს

ლიბიაში მოკლეს საიფ ალ-ისლამ კადაფი – ლიბიის ყოფილი დიქტატორის, მუამარ კადაფის ყველაზე ცნობილი ვაჟი. ამის შესახებ „Reuters-ი იუწყება; საიფ კადაფის გარდაცვალებას ადასტურებს ასევე საუდის არაბეთის ტელეარხი „ალ-ჰადათი“.

სააგენტო „როიტერსი“ კადაფის შვილის გარდაცვალების გარემოებებს არ ასახელებს, საუდის არაბეთის ტელეარხი „ალ-ჰადათის“ კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ 53 წლის საიფ ალ-ისლამი ლიბიის დასავლეთში, ქალაქ ზინტანთან ახლოს საკუთარ ბაღში დახვრიტეს, სადაც ოთხი თავდამსხმელი შეიჭრა. იგი ზინტანში 2011 წლიდან ცხოვრობდა – თავიდან ციხეში, გათავისუფლების შემდეგ კი – 2017 წლიდან – თავის სახლში.

საიფ კადაფის პოლიტიკურმა მრჩეველმა აბდალლა ოთმანმა Facebook-ზე დაადასტურა მისი გარდაცვალება, თუმცა მომხდარის დეტალების შესახებ არაფერი უთქვამს.

შეგახსენებთ, რომ ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი, რომელიც ქალაქ სირტში დააკავეს, მიღებული ჭრილობების შედეგად 2011 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა.

მამის რეჟიმის დამხობის შემდეგ, 2011 წელს საიფ ალ-ისლამ კადაფი, რომელიც მუამარ კადაფის მეორე ვაჟი იყო, სათავეში ჩაუდგა ლიბიის გარდამავალი ეროვნული საბჭოს წინააღმდეგ მიმართულ მოძრაობას.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ იგი დააკავეს გარდამავალი მთავრობის მხარდამჭერებმა ქალაქ ზინტანიდან.

2015 წელს საიფ ალ-ისლამს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. იმ დანაშაულებს შორის, რომლებსაც კადაფის ვაჟს უყენებდნენ ბრალად, იყო გაუპატიურების წახალისება, გატაცებები, მკვლელობები და სახელმწიფო სახსრების მითვისება.

2016 წელს მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საიფ ალ-ისლამი ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს. 2018 წლის მარტში მან თავისი კანდიდატურა წამოაყენა ლიბიის პრეზიდენტის პოსტზე. უმცროსმა კადაფიმ რუსეთის ხელისუფლებასაც მიმართა 2019 წლის ლიბიის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერის თხოვნით.

ნინო ხოშტარია

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close