მსოფლიოპოლიტიკა

რა ხდება ირანში და სადამდე შეიძლება მივიდეს კრიზისი – მასობრივი პროტესტი, ტრამპის გაფრთხილება და რეგიონული რისკები

ირანში 29 დეკემბერს დაწყებული საპროტესტო დემონსტრაციები სწრაფად გადაიქცა ქვეყნის შიდა პოლიტიკური კრიზისის ყველაზე მწვავე ეპიზოდად ბოლო წლების განმავლობაში. პროტესტმა მოიცვა თეირანი და სხვა ქალაქები, ხოლო მოვლენები მალევე გასცდა ირანის შიდა დღის წესრიგს და გლობალური გეოპოლიტიკური ყურადღების ცენტრში მოექცა.

დემონსტრაციების ფონზე მკვეთრად გააქტიურდა აშშ-ის, ისრაელისა და დასავლელი მოკავშირეების რიტორიკა, რაც მიუთითებს, რომ რეგიონში სამხედრო ესკალაციის რისკები იზრდება.

რა გახდა პროტესტის მიზეზი

საერთაშორისო მედიის შეფასებით (Reuters, AP, BBC), პროტესტის პირველადი გამომწვევი ფაქტორებია:

  • მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა;
  • ირანული რიალის მკვეთრი გაუფასურება;
  • სურსათისა და საწვავის ფასების ზრდა (ოქტომბერში, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ირანში სურსათის ინფლაციამ 64.2% შეადგინა);
  • უმუშევრობა და სოციალური უთანასწორობა.

თუმცა, როგორც ხშირად ხდება ირანში, ეკონომიკური მოთხოვნები სწრაფად გადაიზარდა პოლიტიკურ ლოზუნგებში ქვეყნის მმართველი ელიტისა და უმაღლესი სულიერი ლიდერის ხელისუფლების წინააღმდეგ.

პროტესტის ძალადობრივი ჩახშობის მცდელობა და მსხვერპლი

პოლიცია, ასევე, „ბასიჯის“ გასამხედროებული ფორმირებები – ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს (IRGC) დაქვემდებარებულ მოხალისეთა დანაყოფები – წარმოადგენენ ორგანოებს, რომელთა მეშვეობითაც ირანის რეჟიმი საპროტესტო აქციებს ახშობს. IRGC არის სამხედრო-პოლიტიკური წარმონაქმნი, რომელიც ასრულებს არმიის, ჟანდარმერიისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოების ფუნქციებს და პირდაპირ ექვემდებარება აიათოლა ალი ხამენეის. IRGC-ის მისიაა ისლამური რესპუბლიკის დაცვა. ირანის პოლიციას და IRGC-ს ქვეყანაში ნებისმიერი საპროტესტო აქციის ჩახშობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ დაგროვილი. ამასთან, ირანის ხელისუფლებამ მოსახლეობისთვის თითქმის მთლიანად შეზღუდა ინტერნეტის ხელმისაწვდომობა. ინტერნეტი თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით გათიშულია.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ირანის უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენა გადამეტებული ძალა, რის შედეგადაც დაიღუპნენ მოქალაქეები და ასეულობით დემონსტრანტი დაკავებულია.

სხვადასხვა წყარო სხვადასხვა რიცხვს ასახელებს: რადიო თავისუფლების ირანის ოფისის ინფრმაციით, დაღუპულია 40-მდე ადამიანი, მათგან 5 არასრულწლოვანია, 2000-მდე ადამიანი კი დაკავებულია.  „თაიმსის“ ცნობით კი, თეირანის მხოლოდ ექვს საავადმყოფოში უკვე დადასტურებულია დემონსტრანტების მკვლელობის 217 ფაქტი. მათი უმეტესობა ახალგაზრდაა, დაღუპულთა დიდი ნაწილი ძალოვანების მიერ ნასროლ ტყვიას ადგილზე ემსხვერპლა. გამოცემა კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ცხედრები ხელისუფლებამ საავადმყოფოებიდან გაიტანა კვალის დაფარვის მიზნით.

ხოლო აშშ-ში ბაზირებული უფლებადამცველი ქსელი HRANA იუწყება, რომ სამთავრობო ძალებთან შეტაკებისას დაღუპულია, სულ ცოტა, 45 დემონსტრანტი, 2000-ზე მეტი კი დაკავებულია.

ირანის ხელისუფლება მსხვერპლის მასშტაბებს არ ადასტურებს და პროტესტს „უცხო ძალების მიერ მართულ დესტაბილიზაციის მცდელობად“ აფასებს. ამგვარი განცხადება გაავრცელა ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ მას შემდეგ, რაც 2 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი სოციალური ქსელით Truth Social გამოაქვეყნა გაფრთხილება ირანის ხელისუფლების მიმართ: „თუკი ირანი ესვრის და ძალადობრივად დახოცავს მშვიდობიან დემონსტრანტებს, როგორც ჩვევიათ, აშშ მათ უშველის“.

ირანში დემონსტრანტების მხარდაჭერა სოციალურ ქსელ x-ზე გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომაც, რომელმაც 10 იანვარს დაწერა: „აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს “.

ტრამპის გაფრთხილების შემდეგ დემონსტრანტები ხშირად ახსენებენ მის სახელს და პირობის შესრულებას სთხოვენ, რის გამოც ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ 9 იანვარს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საპროტესტო აქციების მონაწილეებს უცხო ქვეყნიდან მართულები უწოდა.

ტრამპმა კი გუშინ კიდევ გაიმეორა გაფრთხილება:

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას. მე ძალიან მკაფიოდ განვაცხადე, რომ თუ ისინი დაიწყებენ ადამიანების მოკვლას, როგორც ეს წარსულში მოხდა, ჩვენ ჩავერთებით.

და ეს არ გულისხმობს ჯარების გადასხმას, არამედ მათთვის ძალიან, ძალიან ძლიერი დარტყმის მიყენებას მტკივნეულ ადგილას“.

საერთაშორისო მედიის შეფასებით, ტრამპის რიტორიკა არ ნიშნავს უშუალო სამხედრო ოპერაციის დაწყებას, თუმცა წარმოადგენს ძლიერ პოლიტიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას თეირანზე. ვაშინგტონში ხაზგასმით აცხადებენ, რომ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოვლენების მისთვის არასასურველი სცენარით განვითარების შემთხვევაში აიათოლა ალი ჰამენეი მოსკოვს შეაფარებს თავს,

ისრაელის ფაქტორი

ირანში მიმდინარე არეულობის ფონზე განსაკუთრებით გაიზარდა ყურადღება ისრაელის შესაძლო სამხედრო ნაბიჯების მიმართ. ანალიტიკოსები სამხედრო დაძაბულობის გაგრძელებას ელიან, თუმცა ამ ეტაპზე არ არსებობს დადასტურებული ოფიციალური ინფორმაცია, რომ ისრაელი ირანში ახალ ოპერაციას ამზადებს ან უახლოეს დღეებში საჰაერო დარტყმას გეგმავს.

საერთაშორისო ანალიტიკოსების შეფასებით, ომის სცენარი თეორიულად გამორიცხული არ არის, თუმცა არც საბოლოო გადაწყვეტილება და არც ოფიციალური სამხედრო ბრძანება არ დასტურდება.

ამ ფონზე ირანის ლიდერები აცხადებენ, რომ მათ არ სურთ ომი აშშ-სთან და ისრაელთან, თუმცა ეს მოხდება, ამისთვისაც მზად არიან.

ირანის საგარეო მინისტრმა აბას არაღჩიმ 9 იანვარს ლიბანში ვიზიტისას განაცხადა, რომ თეირანი „არ ეძებს ომს არც ისრაელთან, არც აშშ-სთან“, მაგრამ მზად არის სათანადო პასუხისთვის, თუ თავს დაესხმიან. მისი თქმით, გასულ წელს ირანის ბირთვულ ობიექტებზე ისრაელისა და აშშ-ის დარტყმები „უკიდურესი მარცხით“ დასრულდა და თუ ასეთი რამ კვლავ განმეორდება, „იგივე შედეგი მოჰყვება“.

ხელისუფლების ძალადობრივი ქმედებები პროტესტს ვერ ახშობს. სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფრმაციით, წუხელ როგორც თეირანში, ისე სხვა დიდ ქალაქებში კვლავ მასშტაბური გამოსვლები იყო.

პარალელურად, ირანის უკანასკნელი შაჰის – მოჰამედ რეზა ფეჰლევის (ქვეყანას მართავდა 1941-1979 წწ., ხელისუფლებას ჩამოაშორეს ირანის ისლამური რევოლუციის შედეგად) უფროსი ვაჟი, ტახტის მემკვიდრე პრინცი, 65 წლის რეზა კირ ფეჰლევი, რომელიც ემიგრაციაში ცხოვრობს აშშ-ში, კვლავ ავრცელებს ვიდეომიმართვას და მოსახლეობას არა მარტო ქუჩაში გამოსვლისკენ, არამედ „საზოგადოებრივი სივრცეების დაუფლებისკენ“ მოუწოდებს. მისი თქმით, თავადაც ემზადება ირანში დასაბრუნებლად.

1999 წლიდან ირანში რამდენიმე მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა, სტუდენტური პროტესტებიდან დაწყებული, ქურთული წარმოშობის სტუდენტი გოგონას, მაჰსა ამინის მკვლელობის შემდეგ დაწყებული მასშტაბური ქუჩის დემონსტრაციებით დამთავრებული. ყველა მათგანი რეჟიმმა სასტიკად, სისხლში ჩაახშო.

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები

ექსპერტების შეფასებით, ირანში მიმდინარე პროტესტი ახლა მხოლოდ შიდა პოლიტიკური კრიზისი აღარ არის. პროცესში გლობალური მოთამაშეები არიან ჩართულები, ხოლო ნებისმიერი მკვეთრი ნაბიჯი – იქნება ეს ძალის გადამეტებული გამოყენება შიგნით თუ სამხედრო ესკალაცია გარედან – შეიძლება ფართომასშტაბიან რეგიონულ კრიზისში გადაიზარდოს.

ახლო აღმოსავლეთში ისედაც მყიფე უსაფრთხოების ფონზე, ირანში მიმდინარე მოვლენები საერთაშორისო დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ საკითხად რჩება.

ნიკო აბაშიშვილი

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close