ირაკლი ღარიბაშვილი: „ახლა ვეღარ ვხედავ პარტიის თავმჯდომარედ და, ზოგადად, პოლიტიკაში დარჩენის საჭიროებას“

ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან დღეს, 25 აპრილს პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„…მიმაჩნია, რომ ის საპატიო მისია, რომელიც მე თავის დროზე, პოლიტიკაში დაბრუნებისას ჯერ თავდაცვის მინისტრად და შემდეგ უკვე მეორედ პრემიერ-მინისტრად დანიშვნით და ბოლოს უკვე პარტიის თავმჯდომარედ არჩევით დამეკისრა ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და გუნდის მხრიდან, შეიძლება ითქვას, რომ უკვე შევასრულე. ახლა ვეღარ ვხედავ პარტიის თავმჯდომარედ და, ზოგადად, პოლიტიკაში დარჩენის საჭიროებას. სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი და პოლიტიკიდან გავიდე, საკუთარი ქვეყნის სამსახური კი სხვა პოზიციიდან განვაგრძო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს და მას „ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი“ უწოდა.
„რა თქმა უნდა, მე კვლავაც 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვების მთავარი მონაპოვრის, იდეალების, ღირებულებების და პრინციპების ერთგული ვარ, რომელსაც მთელი ჩემი პოლიტიკური საქმიანობა უკავშირდება. შესაბამისად, ვრჩები როგორც ბატონი ბიძინა ივანიშვილის გუნდის, ისე ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად“, – თქვა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ 2024 წლის პირველ თებერვალს აირჩიეს.
ირაკლი ღარიბაშვილი ორჯერ იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი – პირველად 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 30 დეკემბრამდე, მეორედ კი – 2021 წლის 22 თებერვლიდან 2024 წლის 29 იანვრამდე.
ბრიფინგზე სხვა კითხვებთან ერთად ორგზის ექსპრემიერს და ახლა უკვე „ქართული ოცნების“ ექსთავმჯდომარეს დაუსვეს კითხვა, აპირებს თუ არა პოლიტიკაში დაბრუნებას, რაზეც მან უპასუხა, რომ „გამორიცხული არაფერი არ არის“, თუმცა კითხვას, ოპოზიციური პარტიით ხომ არ დაბრუნდება პოლიტიკურ არენაზე, „სისულელე“ უწოდა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არ არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის იმ მაღალჩინოსნებს შორის, რომლებსაც დასავლეთის ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს.
ნანა ძნელაძე
კომენტარები