27-ის ნაცვლად 19 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას
პარტიული სიების წარდგენის ვადა ამოიწურა, მიმდინარეობს სიების რეგისტრაციის პროცედურები
27 პოლიტიკური გაერთიანების ნაცვლად, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ცესკოში დარეგისტრირდნენ, არჩევნებში 19 მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ეს რიცხვიც ბოლომდე დაზუსტებული არ არის, რადგან პარტიულ სიებში თუ ხარვეზი დადგინდა და გარკვეულ ვადაში საარჩევნო სუბიექტმა ვერ გამოასწორა, ცესკოს კანონით უფლება აქვს, ის არჩევნებიდან მოხსნას.
ცესკოს ინფორმაციით, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული 27 საარჩევნო სუბიექტიდან სამ პარტიას („ანა დოლიძე – ხალხისთვის“, „მოქალაქეები“ და „მწვანეთა პარტია“) საარჩევნო რეგისტრაცია მათივე განცხადების საფუძველზე გაუუქმდა.
საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიების წარდგენის ვადა 26 სექტემბერს ამოიწურა და კანონით დადგენილ ვადაში ცესკოს თავმჯდომარეს პარტიული სიები მხოლოდ 19-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ წარუდგინა. ესენია:
„საქართველო“;
„გახარია საქართველოსთვის“;
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“;
საქართველოს ლეიბორისტული პარტია;
საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია;
„მემარცხენე ალიანსი“;
„თავისუფალი საქართველო“;
„ტრიბუნა“;
„შეცვალე საქართველო“;
„ჩვენ“;
„ქართველ ერთობა“;
„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“;
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“;
„გირჩი“;
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“;
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“;
„კოალიცია ცვლილებებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“;
„ევროპელი დემოკრატები“.
ცესკოს შესაბამისმა სამსახურმა პარტიული სიების შემოწმების და რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება უკვე დაიწყო. პარტიული სიების რეგისტრაციის ბოლო ვადა 6 ოქტომბერია. ამ დროისთვის რეგისტრირებულია ერთი საარჩევნო სუბიექტის – „ევროპელი დემოკრატების“ პარტიულის სია. შესაბამისად, მიმდინარეობს 18 საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციის პროცედურები.
შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ტარდება და პარტიულ სიაში არ უნდა იყოს 30 კანდიდატზე ნაკლები და 200-ზე მეტი.
ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ამ 19 პოლიტიკური გაერთიანების დაზუსტება მოხდება პარტიული სიების შემოწმების პროცედურების დასრულების შემდეგ. პარტიულ სიებში ხარვეზის დადგენის შემთხვევაში მის გამოსასწორებლად პოლიტიკურ გაერთიანებებს გარკვეული ვადა მიეცემათ.
„იმ შემთხვევაში, თუ ხარვეზი გამოსწორებული არ იქნება, ან არ იქნება საერთოდ შემავსებელი დოკუმენტაცია წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, ეს წარმოადგენს პარტიაზე უარის თქმის საფუძველს, მაგრამ წარმოდგენილ პარტიულ სიაში ჩვენ არა მხოლოდ 30 კანდიდატის მონაცემებს ვამოწმებთ, არამედ სრულად პარტიულ სიას და, შესაბამისად, ხარვეზი დგინდება კონკრეტულ შემთხვევებთან მიმართებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ამიტომ მთავარია, ხარვეზი იქნას შესწორებული“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
კომენტარები