კარლო პონტიმ მარიამ შარმანაშვილს დედის იუბილეზე ცოლობა სთხოვა – სოფი ლორენი 90 წლის გახდა
„და მე ვთქვი „დიახ“ - დაწერა მარიამმა სოციალურ ქსელში
ცნობილი დირიჟორის, კარლო პონტი უმცროსის და „ზუმბას“ ფიტნეს ინსტრუქტორის, ქართველი მარიამ შარმანაშვილის სიყვარულის მშვენიერი ისტორია ბედნიერად სრულდება – სასიძომ ლეგენდარული დედის, სოფი ლორენის 90 წლის იუბილეზე თავის Bellissima საცოლეს ხელი სთხოვა.
წყვილმა ერთმანეთი სოციალური ქსელის საშუალებით 2021 წლის მარტში გაიცნო. კარლომ მარიამის მიერ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტოს ქვეშ კომენტარი დაწერა „Bellissima“, რაც იტალიურად „ძალიან ლამაზს“ ნიშნავს. ერთი ნახვით შეყვარება სამწლიან თავბრუდამხვევ სასიყვარულო თავგადასავლად იქცა, რომელიც მალე ქორწინებით დასრულდება.
მსოფლიო ვარსკვლავის ვაჟმა მარიამს ცოლობა ლეგენდარული დედის დაბადების დღის წვეულებაზე სთხოვა, ოჯახისა და ახლობლების გარემოცვაში.
„და მე ვთქვი „დიახ!“ – მარიამმა ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და ეს სასიხარულო ამბავი გაგვიზიარა.
კარლო პონტი (უმცროსი) სოფი ლორენის უფროსი ვაჟია, რომელიც 1968 წლის 29 დეკემბერს დაიბადა ჟენევაში. მას სახელი მამის – რეჟისორ კარლო პონტის პატივსაცემად დაარქვეს. მაშინ იტალიური კინოს ვარსკვლავი 34 წლის იყო. სოფი ლორენს და კარლო პონტის (უფროსი) მეორე საერთო ვაჟიც გაუჩნდათ – ედოარდო (1973 წელს). იგი წარმატებული რეჟისორია და ლეგენდარული დედაც გადაიღო 2020 წელს თავის ფილმში „ყველაფერი წინაა“.
კარლო პონტი უმცროსი ახლა 55 წლისაა. იგი მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული დირიჟორია. კარლომ მუსიკალური განათლება ავსტრიაში მიიღო. ამჟამად აშშ-ში, ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ლო-ანჯელესში დააარსა მან 2013 წელს Los Angeles Virtuosi Orchestra, რომლის სამხატვრო და მუსიკალური ხელმძღვანელიც თავად არის. საგანმანათლებლო ინიციატივებით ცნობილი ეს ანსამბლი დაარსების დღიდან აქტიურად უჭერს მხარს ახალგაზრდა შემსრულებლებს და ხელს უწყობს მუსიკის, როგორც სწავლის განუყოფელი ნაწილის, მნიშვნელობის პოპულარიზაციას. მას პირველ ცოლთან, უნგრელ მევიოლინე ანდრეა მესაროშთან ქალ-ვაჟი ჰყავს, 17 წლის ვიტორიო ლეონე და 12 წლის ბეატრის ლარა.
სოფი ლორენისა და მისი ვაჟების ურთიერთობა სამაგალითოა, მსახიობისთვის, როგორც ჭეშმარიტი იტალიელისთვის, ოჯახი ყველაფერზე მნიშვნელოვანია, წარმატებულ კარიერაზეც კი. მარიამიც იმ ქვეყნიდანაა, სადაც ოჯახური ტრადიციები ძალიან მნიშვნელოვანია, ასე რომ, კარლო პონტის, ვფიქრობთ, ნამდვილად გაუმართლა, რომ მარიამის სახით ცხოვრების თანამგზავრი იპოვა.
ნინო ხოშტარია
დაკავშირებულ თემაზე: 84 წლის სოფი ლორენი სავარძელს „მიეჯაჭვა“
კომენტარები