უმძიმესი ტრაგედია ზუგდიდში – ხანძარს 6 წლის ტყუპი ძმა შეეწირა
წუხელ ზუგდიდში უმძიმესი ტრაგედია მოხდა – ბუკიას ქუჩაზე მდებარე საერთო საცხოვრებლის ერთ-ერთ ბინაში გაჩენილმა ხანძარმა 6 წლის ტყუპი ძმა შეიწირა.
არსებული ინფორმაციით, ხანძრის დროს ბინაში ოთხი მცირეწლოვანი იმყოფებოდა. 2-მა შედარებით უფროსმა ბავშვმა ცეცხლმოკიდებული ბინიდან გამოსვლა მოასწრო, 6 წლის ტყუპი ძმა კი ძლიერი დაკვამლიანებისა და ცეცხლის გამო ადგილზე დაიღუპა.
მეზობლების ინფორმაციით, როდესაც ხანძარი გაჩნდა, ბავშვები ბინაში მარტო იყვნენ და ეძინათ. მათივე თქმით, ოჯახი სოციალურად დაუცველია და მცირეწლოვნები მინდობით აღზრდაში იმყოფებოდნენ, თუმცა სოციალურმა სააგენტომ ისინი დედას დაუბრუნა.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა, მობილიზებული იყო პოლიციაც. რამდენიმესაათიანი მუშაობის შედეგად მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება შეძლეს და, საბედნიეროდ, ხანძარი სხვა სართულებზე არ გავრცელებულა.
ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ბინაში დენი გათიშული იყო გადაუხდელობის გამო, ამიტომ სანთელი ჰქონდათ ანთებული და ხანძარიც სანთლის გამო გაჩნდა.
მეზობლების თქმით, ქალი 4 ბავშვთან ერთად ბუკიას ქუჩაზე არსებული კორპუსის მეექვსე სართულზე ქირით ცხოვრობდა.
ბავშვების დედა ამბობს, რომ „თხილზე იყო სამუშაოდ წასული…“
სახლის მეპატრონის თქმით კი, დედა 4 შვილთან ერთად ერთ წელზე მეტია შესახლებული იყო ბინაში: „ ბოლო 3-4 თვეა არ გადაუხდიათ ქირა. მე არაფერი ვიცი მეტი. აქ არ ვცხოვრობ“.
ambebi.ge-ს ინფორმაციით, მეზობლები ამბობენ, რომ უფროსმა ბავშვებმა ხანძარს სასწაულით დააღწიეს თავი:
„ჩემთან შემოვარდნენ, კარი რომ გავაღე, ბავშვები კიოდნენ. ცეცხლი ლამის სახლში შემომივარდა, ორივე ბავშვი შიგნით შემოვაგდე და კარი მივხურე, ვუთხარი, ვერსად გაგიშვებთ, შენც დაიწვებით-მეთქი. უფროსი ბავშვები შემოვარდნენ ჩემთან, ყვიროდნენ, პატარები არიან შიგნით, უნდა გამოვიყვანოთო. ჩემთან კარზე მოაკაკუნეს, გვერდითი მეზობელი ვარ. იმ ბავშვებს, რომლებიც ჩემთან შემოვაგდე, არანაირი დამწვრობა არ აქვთ. რომ ნახოთ, სასწაული ამბავია. მე ვკითხე, – რა ქენით, გოგო, რას მოუკიდეთ ცეცხლი-მეთქი. ჩვენ არაფერი გვიქნია, ოთახში რომ ვიყავით, ცეცხლი შემოგვივარდაო. საიდან გაჩნდა, აზრზე არ ვარ. შუქი არ არის, გაზი არ არის. გამორთული ჰქონდათ სინათლე გადაუხდელობის გამო“, – იხსენებს ერთ-ერთი მეზობელი.
კიდევ ერთი მეზობლის თქმით, დედა ბავშვებს ხშირად ტოვებდა შინ მარტო:
„ცეცხლი ორის ნახევარზე გაჩნდა, დარეკეს, მაგრამ არაფერმა უშველა. ბავშვების დედა მუშაობდა, თხილზე დადიოდა. სოციალურ სამსახურს ჰყავდა წაყვანილი ბავშვები და მერე დაუბრუნეს. დედა ბავშვებს ხშირად ტოვებდა შინ მარტო, უფროსი გოგო მე-6 კლასელია, ძალიან ჭკვიანი ბავშვია, ყურადღებას აქცევდა და-ძმებს“:
„ღრმა ძილში იყო ხალხი, ხანდაზმული ბებო მეძახდა, ხანძარიაო. რომ გამოვედი, ყველაფერი კვამლში იყო. არ ვიცნობ, ვის სახლშიც გაჩნდა ხანძარი. ოთხი შვილი ჰყავდათ და ქირით ცხოვრობდნენ. მათთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. უფროსი ბავშვები ჩემი თვალით დავინახე, რომ უვნებლად გამოვიდნენ“, – აცხადებს საერთო საცხოვრებლის კიდევ ერთი მობინადრე.
შსს-მ გამოძიება სსს კოდექსის 188-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო.
კომენტარები