სამზარეულორჩევები

როგორ და როდის შევაზავოთ მარილით სხვადასხვა კერძი, რომ გემრიელი და ჯანსაღი იყოს – რამდენი გრამია ერთი მწიკვი მარილი?

ზოგი დიასახლისი სხვადასხვა კერძის მომზადებისას მარილს თავიდანვე აყრის, ზოგი – სულ ბოლოს. უბრალოდ, საჭიროა ვიცოდეთ, როგორ და როდის უნდა მოვაყაროთ ამა თუ იმ პროდუქტს მომზადებისას მარილი, რათა კერძი უფრო გემრიელი გამოვიდეს და პროდუქტებმა გემო, არომატი და სიჯანსაღე მაქსიმალურად შეინარჩუნონ.

კერძის დამლაშება თავიდან რომ აიცილოთ, მარილი კოვზით ან სამარილიდან კი არ მოაყაროთ, არამედ ხელით, თითებით. ასე უფრო ზუსტად შეიგრძნობთ და დაიმახსოვრებთ კიდეც საჭირო რაოდენობას.

ბევრ რეცეპტში შეხვდებით ფრაზას: დაუმატეთ მწიკვი მარილი. მაინც რამდენი გრამია ერთ მწიკვში?

მწიკვი – ის რაოდენობაა, რამდენიც შეგიძლიათ თავისუფლად აიღოთ ცერა, საჩვენებელი და შუა თითების წვერებით. მწიკვი დაახლოებით 1/6 ჩაის კოვზია, 2-დან 5 გრამამდე, ადამიანის თითების სიდიდის მიხედვით.

რომელ კერძს როდის უნდა მოაყაროთ მარილი?

შემწვარი თევზი – მარილი შეწვამდე 15-20 წუთით ადრე უნდა მოაყაროთ. თანაც მსხვილი მარილი უნდა გამოიყენოთ, რათა ზედაპირზე ნელ-ნელა გადნეს და თევზი თანაბრად დაამარილოს. რა თქმა უნდა, წმინდად დაფქული მარილის მოყრაც შეგიძლიათ, მაგრამ წმინდა მარილი მალე შეიწოვება და შემწვარი თევზის ტექსტურა განსხვავებული იქნება.

გრილზე შემწვარი ხორცი – მარილი სულ ბოლოს უნდა მოაყაროთ, როცა ხორცი უკვე თითქმის მომზადებულია. საქმე ისაა, რომ მარილი ცილას კრავს და თუ წინასწარ დააყრით ხორცს, ის უხილავ ქერქს გაიკეთებს, რაც ხელს შეუშლის გემოს სრულად „გახსნას“. თუმცა თუ ხორცის დიდი ნაჭრის შეწვას აპირებთ ღუმელში, მაშინ, რაღა თქმა უნდა, წინასწარ უნდა შეაზავოთ მარილით. მაგალითად, დაახლოებით სამკილოგრამიანი ნაჭერი ჯობს ორი დღით ადრე დაამარილოთ.

მოხარშული ბოსტნეული – მარილი მხოლოდ მას შემდეგ უნდა მოაყაროთ, რაც ბოსტნეული წამოდუღდება და ქაფს მოხდით;

ჩაშუშული ბოსტნეული – კერძი მომზადების დაწყებისთანავე დაამარილეთ, რათა პროდუქტიდან მთელი სითხე გამოდევნოს, გემოები დააბალანსოს და უფრო სასიამოვნო გახადოს;

შემწვარი კარტოფილი – მოაყარეთ მარილი მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქერქს გაიკეთებს. თუ კარტოფილს წინასწარ დაამარილებთ, წვენს გაუშვებს და კარგად არ შეიწვება;

სალათები – მოაყარეთ მარილი უშუალოდ სუფრაზე მიტანის წინ, რადგან თუ ადრე მოაყრით, წვენს გაუშვებს და ცოცხალ ტექსტურას დაკარგავს;

ბოსტნეული გარნირისთვის – საკმარისად მარილიან წყალში მოხარშეთ, რათა ფერი და ვიტამინები არ შენარჩუნდეს;

ბადრიჯანი – მოხარშული, შემწვარი თუ სხვა სახის კერძის მოსამზადებლად წინასწარ უნდა დამარილდეს, რათა დამახასიათებელი სიმწარე მოშორდეს;

ბურღულეული – ნებისმიერ ფაფას მომზადების დაწყებისას უნდა დააყაროთ მარილი. საქმე ისაა, რომ ბურღულეული ნელა იხარშება, ამიტომ წყალში გახსნილ მარილს თანაბრად შეიწოვს. თუ მარილს შუა მზადებაში ან ბოლოს დააყრით, წყალი დამარილდება, თავად ბურღული – არა.

მაკარონის, პელმენების, ხინკლის მოსახარშად დადგმულ წყლიან ქვაბში მარილი ჩაყარეთ მაშინ, როცა წყალი ადუღებას იწყებს;

ხორციან ბულიონში და ხორციან კერძებში – მარილი მომზადების დასრულებამდე 20 წუთით ადრე ჩაამატეთ;

თევზის წვნიანის მომზადებისას კი მარილი თავიდანვე საჭიროა, სანამ წყალში დანარჩენ პროდუქტს – თევზს, სტაფილოს, ხახვს და ა.შ. ჩაყრით;

ბოსტნეულის წვნიანში – მარილი ჩაყარეთ, როცა კერძი უკვე მზად არის (1 ლიტრზე 1 ჩაის კოვზი);

მოსახარშად დადგმულ კარტოფილს კი მარილი წყლის ადუღებიდან დაახლოებით 15 წუთში დააყარეთ.

ეცადეთ, ყოველთვის ერთი და იმავე მწარმოებლის მარილი იყიდოთ. სხვადასხვა მწარმოებლების მარილი ერთმანეთისგან გემოთი განსხვავებულია, რადგან კომპანიები სხვადასხვა ტექნოლოგიებს იყენებენ. ამიტომ, შეიძლება „უცხო“ მარილი ჩვეული დოზით დაამატოთ, მაგრამ კერძი დაგიმლაშდეთ.

როგორ მოვიქცეთ, თუ წვნიანი კერძი დაგვიმლაშდა?

  • ჩაუშვით შიგ დოლბანდის პატარა ტომსიკაში მოთავსებული ბრინჯი და წამოადუღეთ. ბრინჯი ხარშვის პროცესში ზედმეტ მარილს შეიწოვს;
  • ისეთი წვნიანებიდან, როგორიცაა: ბორშჩი, სალიანკა, აზიური სუპები, მარილის განეიტრალება ლიმონითაც შეიძლება. ოღონდ ეს წესი მხოლოდ ისეთ კერძებში გამოდგება, რომლებსაც სიმჟავე გემოს არ წაუხდენს;
  • დაუმატეთ კერძს უმარილო ბულიონი და წამოადუღეთ;
  • დაუმატეთ ცოტაოდენი პურის ფქვილით შეზავებული მოშუშული უმარილო პომიდორი.

მოამზადა თამარ ქავჟარაძემ

ძალიან გემრიელია: ქათმის ფილეს კატლეტები მილანურად

ქათმის ფილეს კატლეტები მილანურად

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close