34 წლის წინათ გაუჩინარებული რემბრანდტის ნახატი „გააცოცხლეს“ – „სრული ჩაძირვის“ ეფექტი დეტექტიური ისტორიით (ვიდეო)
ლონდონის სამხატვრო გალერეაში მომავლის გამოფენა გაიხსნა: კლასიკური ნახატები „ჩარჩოებიდან ამოიღეს“ და ნეიროქსელის საშუალებით „გააცოცხლეს“.
დამთვალიერებელს შეუძლია არა მხოლოდ დატკბეს ფერწერის შედევრებით, არამედ, ფაქტობრივად, მათი მათი პერსონაჟი გახდეს. ნახატები თქვენ თვალწინ „ცოცხლდებიან“ და შეგიძლიათ თავბრუდამხვევი შთაბეჭდილება მიიღოთ.
თითოეულ ამ ფილმს აქვს თავისი კომპოზიცია, რომელიც კლასიკური და თანამედროვე ნამუშევრების კომპილაციაა. შეგიძლიათ ბოსხის, კლიმტის, დალის და სხვა გენიოსების შედევრებში ჩაიძიროთ.
განსაკუთრებული მაინც რემბრანდტის ტილოს „ქრისტე გალილეის ზღვაზე ქარიშხლის დროს“ (1633) ნეიროქსელური ვარიაციაა – ეს არტ-ნამუშევარი უნიკალურია იმითაც, რომ რემბრანდტის შედევრი 34 წლის წინათ მუზეუმიდან მოიპარეს და ჯერაც ვერ იპოვეს.
დღემდე გაუხსნელი დეტექტიური ისტორია
რემბრანდტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტილო „ქრისტე გალილეის ზღვაზე ქარიშხლის დროს“ 1990 წელს ბოსტონში, იზაბელა სტიუარტ-გარდნერის მუზეუმიდან მოიპარეს.
ნამუშევარი რემბრანდტის ერთადერთი ზღვის პეიზაჟია და ასახავს იესოს ერთ-ერთ სასწაულს, როდესაც ის გალილეის ზღვაზე ამოვარდნილ ქარიშხალს ამშვიდებს, როგორც მარკოზის სახარებაშია აღწერილი. დღემდე ამერიკაში ეს ძარცვა ხელოვნებასთან დაკავშირებულ ყველაზე რეზონანსულ საქმედ ითვლება – პოლიციელის ფორმაში გადაცმულმა ორმა ქურდმა ამ ნახატთან ერთად კიდევ 12 ექსპონატი გააყოლა ხელს. მათ სულ 80 წუთი დასჭირდათ მუზეუმიდან ასობით მილიონის ღირებულების ხელოვნების ნიმუშების, მათ შორის, რემბრანდტის ორი ნახატისა და ერთი ჩანახატის, იან ვერმეერის, ედუარ მანესა და ედგარ დეგას ნამუშევრების გასატანად. 2013 წლის 18 მარტს FBI-მ პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც აგენტებმა განაცხადეს, რომ იცოდნენ, ვინ იყო პასუხისმგებელი დანაშაულზე, მაგრამ დამნაშავეს ვერ ასახელებდნენ, რადგან გამოძიება მიმდინარეობდა. მას შემდეგ ამ საქმეზე საჯარო განცხადებები აღარ გაკეთებულა. არც არავინ დაუკავებიათ.
ნახატების ქურდობიდან 34 წელი გავიდა, მაგრამ გამოძიება კვლავ გრძელდება და მიუხედავად იმისა, რომ ნახატ(ებ)ის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ სოლიდური ჯილდოა დაწესებული (თავიდან 5 მლნ დოლარი იყო, 2017 წელს კი გაორმაგდა და 10 მლნ დოლარი გახდა), ხელოვნების ნიმუშების ასავალ-დასავალი ამ დრომდე უცნობია.
როგორ იქმნება ციფრული არტ-შედევრები
იმერსიულობა ახალი კონცეფციაა, რომელიც გულისხმობს მაყურებლის სრულ ჩართულობას, ჩაძირვას ხელოვნებაში (ინგლისურიდან: immersive - ყოფნის, თანდასწრების ეფექტის შექმნა). ვირტუალურ ხელოვნებაში ის დიდ შრომას, დროს და ტალანტს მოითხოვს.
Cinesite-ის იმერსიულმა გუნდმა ტრადიციული ხელოვნების სამყაროში ჰოლივუდის სტილის ვიზუალური ეფექტები შემოიტანა .
რემბრანდტის ეს იმერსივი 2024 წლის Visual Effects Society-ს პრესტიჟულ ჯილდოზე იყო ნომინირებული კატეგორიაში OUTSTANDING VISUAL EFFECTS IN A SPECIAL VENUE PROJECT და გამარჯვება მოიპოვა.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები