ილია თოფურიამ საჩემპიონო ჰონორარით სიმსივნის დიაგნოზიანი ბავშვის მკურნალობა დააფინანსა
UFC-ს ჩემპიონი ილია თოფურია, რომელიც საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით ჩამოვიდა, 21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩზე საჩემპიონო ქამარს წარადგენს. მანამდე კი UFC-ს პირველი ქართველი ჩემპიონი ბერი ანდრიას ფონდის ბენეფიციარებს ესტუმრა და ჩემპიონობისთვის მიღებული თანხით ბერი ანდრიას ფონდის შვილობილს ოპერაცია დაუფინანსა.
ილია თოფურიას „რეგალიებს“ კიდევ ერთი მიემატა – მას ბერი ანდრიას ფონდის კეთილი ნების ელჩის წოდება მიენიჭა.
ინფორმაციას ბერი ანდრიას ფონდი ავრცელებს.
17 წლის ბერმა – ანდრიამ, რომელიც სიმსივნით იყო დაავადებული, გარდაცვალების წინ მშობლებს დაუბარა, ეზრუნათ ონკოლოგიური სენით დაავადებულ ბავშვებზე. ბერის მშობლებმა, ემზარ მილორავამ და თინათინ ჩხვიმიანმა, შვილის თხოვნა შეასრულეს.
დღეს ბერი ანდრიას დედა, შვილის ანდერძის თანახმად, სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე ზრუნავს სპეციალურ სარეაბილიტაციო სახლში.
დედა თინათინი ერთ-ერთ ინტერვიუში ჰყვება, თუ როგორ დაუკავშირდა სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს.
„ეს მამა ანდრიას ანდერძი იყო. მისი თხოვნით, ლოცვით, კურთხევით დავიწყე ამ ბავშვებზე ზრუნვა. არაფრისგან შევქმენი ის, რასაც თქვენ ახლა ხედავთ. ეს არის 2 000 კვადრატზე გაშენებული სარეაბილიტაციო ცენტრი, ძალიან ლამაზი და კომფორტული, რადგან ეს ბავშვები ნამდვილად იმსახურებენ ასეთ გარემოში ცხოვრებას. ამ ბავშვების ცხოვრებაში ისე ჩავერთეთ, რომ დღეს მშობლების გასაკეთებელი არაფერი აღარ არის. ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ. როგორც ვზრუნავდი ჩემს ერთადერთ შვილზე, ისე ვზრუნავ დღეს ამ ბავშვებზე. როდესაც მიმყავს ექსკურსიებზე, გასართობად, სათამაშოდ, ძალიან ბედნიერები, გახარებულები ვართ, მაგრამ ყველაფერი ისე არ სრულდება, როგორც ჩვენ გვინდა. თავიდან ყველა ბავშვი ჩემი ხელიდან გადიოდა იმქვეყნად. როცა ბავშვი მძიმდებოდა, დედას ვუშვებდი პალატიდან და ყველაფერს მე ვაკეთებდი. დღეს უკვე ვგრძნობ, რომ ამდენი აღარ შემიძლია, ეს ძალიან დამანგრეველია. 10 წლის განმავლობაში 160 ბავშვი გარდამეცვალა. ყველა ჩემი ხელიდან რომ გასულიყო, უბრალოდ, ვერ გადავიტანდი. ისინი ყველა ჩემი შვილები იყვნენ, ყველა ძალიან მიყვარდა და ყველას სათუთად ვუვლიდი. ჩემში ყოველ ჯერზე რაღაც ნაწილი კვდება… ამ სახლში 2021 წლის აგვისტოში გადმოვედით. ამ დროის მანძილზე ამ სახლის სამი ბინადარი უკვე მამა ანდრიასთან არის – დიმიტრი სამეგრელოდან, კირა აფხაზეთიდან და ნინო კახეთიდან… ამიტომ ჩემი ცხოვრება მოწყობილია ასე, მეტი სევდა, ტკივილი და ტანჯვა, ცოტა სიხარული, ბედნიერება და ღიმილი….“
დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხის ჩარიცხვა:
TBC BANK
GE73TB7171536080100002
BOG.GE
GE38BG0000000855311400
Liberty Bank
GE88LB0115143636765001
კომენტარები