მიგრაციადასაქმებაეკონომიკა

საფრანგეთში არალეგალები ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ – რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის უფლება მოგცენ?

საფრანგეთის მთავრობა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებიან, სოფლის მეურნეობის სფეროში კანონიერად დასაქმებას ამარტივებს.  

აღნიშნული ინიციატივა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, გაბრიელ ატალის ერთ-ერთი დაპირებაა ფრანგი ფერმერების საპროტესტო აქციების საპასუხოდ.

FNSEA – საფრანგეთის ფერმერთა უდიდესი პროფკავშირი უკვე დიდი ხანია, ითხოვს სოფლის მეურნეობის სექტორის იმ სფეროთა ნუსხაში შეტანას, სადაც კადრების დეფიციტია. მისი ინფორმაციით, ყოველწლიურად ამ სფეროში 70 000 ვაკანსიაა შესავსები, განსაკუთრებით ხილის და ბოსტნეულის აღების პერიოდში.

„მეტისმეტად ბევრი ფერმერი, მეტყევე, მეტისმეტად ბევრი მწარმოებელი გვეუბნება, რომ არ შეუძლიათ მოსავლის აღება იმიტომ, რომ სეზონურ მუშახელს ვერ ქირაობენ. ეს ჩვენი მწარმოებლების დამოუკიდებლობისა და კონკურენტუნარიანობის საკითხია“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა მარკ ფრესნომ 21 თებერვლის პრესკონფერენციაზე სასოფლო-სამეურნეო გამოფენის – Salon de l’Agricultural-ის წინ. მისივე თქმით, ამ პრობლემის გადასაჭრელად მთავრობა ზომებს მიიღებდა.

როგორც „Le Figaro“ წერს, ამ მიზნით საფრანგეთის მთავრობა სოფლის მეურნეობის სექტორს დაამატებს იმ სფეროთა ჩამონათვალს, სადაც კადრების დეფიციტია. ამიერიდან მეტროპოლიის ტერიტორიაზე ასეთად ითვლება 4 პროფესიული ოჯახი: დაქირავებული ფერმერები, დაქირავებული სელექციონერები, დაქირავებული მებაღეები და მებოსტნეები და დაქირავებული მევენახეები და მებაღეები.

ამრიგად, საფრანგეთის მთავრობა მნიშვნელოვნად ამარტივებს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან მუშახელის დაქირავებას.

დეფიციტური პროფესიების აღიარება ადრე რეგიონების მიხედვით ხდებოდა, თითოეული ტერიტორიის თავისებურებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, თუმცა ამ მიდგომამ შესაძლოა ფერმერები არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენოს. საფრანგეთის აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც ფერმერების რისხვას შეეჯახა, იძულებული გახდა, ნორმატივები გაემარტივებინა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი გაბრიელ ატალი ფერმერებს თებერვლის ბოლოს დაჰპირდა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სასოფლო-სამეურნეო გამოფენის დროს გამოიცემოდა ბრძანებულება, რომლის საფუძველზეც სასოფლო-სამეურნეო წარმოება „დაძაბულ სექტორად“ გამოცხადდებოდა, რათა „მნიშვნელოვნად გამარტივდეს ვიზების გაცემა“.

ფერმერებს ამიერიდან შეუძლიათ სეზონური სამუშაოებისთვის გამარტივებული წესით დაიქირაონ საფრანგეთის ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეები.

შესაბამისი განკარგულება საფრანგეთის ოფიციალურ ჟურნალში შაბათს, 2 მარტს გამოქვეყნდა.

საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, არალეგალურმა მიგრანტმა, რომელსაც დასაქმების ნებართვის მიღება სურს, უნდა წარადგინოს დამამტკიცებელი საბუთი, რომ საფრანგეთში სამი წლის განმავლობაში ცხოვრობს (მანამდე სავალდებულო იყო საფრანგეთში ათი წელი ცხოვრება), ასევე, ხელფასის 12 ჩეკი (აქამდე 24 ჩეკს ითხოვდნენ). მუშაობის ნებართვა ერთი წლის ვადით გაიცემა, გახანგრძლივების შესაძლებლობით.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close