ევთანაზიით დასრულებული 70-წლიანი სიყვარულის ისტორია – ნიდერლანდების ექსპრემიერი და მისი მეუღლე „ხელიხელჩაკიდებულნი“ წავიდნენ იმქვეყნად
ნიდერლანდების ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დრის ვან აგატიმ და მისმა მეუღლემ, ეუგენიამ, 93 წლის ასაკში 70-წლიანი თანაცხოვრების დასრულება ევთანაზიის საშუალებით გადაწყვიტეს, რადგან, მათი თქმით, „ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეეძლოთ“.
გამოცემა theguardian-ის ცნობით, ეს მოხდა 5 თებერვალს, თუმცა ინფორმაცია საჯაროდ რამდენიმე დღის შემდეგ გავრცელდა.
ვან აგტი თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში სხვადასხვა პოლიტიკურ თანამდებობაზე მუშაობდა,1977 წლიდან 1982 წლამდე კი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა.
როგორც მედია წერს, ვან აგატი კათოლიკე იყო, თუმცა ის და მისი მეუღლე, რომელთანაც ქორწინებაში 70 წლის განმავლობაში იყო, გადაწყვეტილებებს ყოველთვის ერთად იღებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარი მძიმედ იყო ავად და სწორედ ამ მიზეზით შეიტანეს განაცხადი „დუო ევთანაზიაზე“ (ანუ როცა ორი ადამიანი ერთდროულად იღებს ფატალურ ინიექციას) .
93 წლის წყვილს ჯანმრთელობის არაერთი პრობლემა ჰქონდა. მათი მდგომარეობა მხოლოდ უარესდებოდა. 2019 წელს ყოფილი პრემიერ-მინისტრი საჯარო გამოსვლის დროს შეუძლოდ გახდა, მას ტვინში სისხლი ჩაექცა და ბოლომდე გამოჯანმრთელება ვეღარ შეძლო. მძიმედ ავადმყოფობდა მისი ცოლი ეუგენიაც, რომელსაც მოსიყვარულე მეუღლე სიცოცხლის ბოლომდე „ჩემს გოგოს“ ეძახდა.
მეუღლეებმა გადაწყვიტეს, ფიზიკური ტანჯვა შეეწყვიტათ და ცხოვრებიდან „ხელიხელჩაკიდებულნი“ წასულიყვნენ.
ნიდერლანდებში ევთანაზია 2002 წლიდანაა ლეგალური. ოფიციალური ინფორმაციით, ნიდერლანდებში ევთანაზიას წელიწადში ათასამდე ადამიანი იყენებს. „დუო ევთანაზია“ ქვეყანაში ჯერ კიდევ შედარებით იშვიათია, მაგრამ ნელ-ნელა სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს: „დუო ევთანაზია“ 2018 წელს 9 ოჯახურმა წყვილმა ჩაიტარა, 2020 წელს 17 წყვილმა მიიღო სიცოცხლის ერთად დასრულების გადაწყვეტილება, 2022 წელს კი „დუო ევთანაზიით“ სიცოცხლეს 29 წყვილი დაემშვიდობა.
ევთანაზია ასევე დაკანონებულია ბელგიაში, ლუქსემბურგში, შვეიცარიაში, კოლუმბიაში, კანადაში, აშშ-ის რამდენიმე შტატში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში. შესაბამისი კანონები შემუშავებულია ესპანეთსა და პორტუგალიაში, ისინი საბოლოო დამტკიცებას საჭიროებს.
ევთანაზიისთვის აუცილებელ პირობებად მიიჩნევა უკურნებელი სენის არსებობა, რომელიც პაციენტს დიდ ტანჯვას ჰგვრის, და პაციენტის მტკიცე სურვილი ეს ტანჯვა შეწყდეს.
მანანა ბანძელაძე
ამავე თემაზე: ნიდერლანდების მთავრობამ უკურნებელი სენით დაავადებული 12 წლამდე ასაკის ბავშვების ევთანაზია დაამტკიცა
ალენ დელონი ევთანაზიას ირჩევს და შვილს სთხოვს, მის გვერდით იყოს ბოლო წუთებში
კომენტარები