დიდი ბრიტანეთის მეფეს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს
დიდი ბრიტანეთის მეფეს ჩარლზ მესამეს სიმსივნე დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ბუკინგემის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებულ ინფორმაციაში კიბოს ტიპი არ არის დასახელებული, მაგრამ ბუკინგემის სასახლის განცხადებით, მეფემ ორშაბათს უკვე დაიწყო მკურნალობა.
მიმდინარე წლის იანვარში ჩარლზი პროსტატის ადენომის სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს და მას პროსტატაზე ოპერაცია ჩაუტარდა. ბუკინგემის სასახლის განცხადებაში წერია, რომ მეფეს კვლევების ჩატარებისას სიმსივნე აღმოუჩინეს, რომელიც კავშირში არ არის თავდაპირველ დიაგნოზთან და იანვარში ჩატარებულ ოპერაციასთან.
„მისმა უდიდებულესობამ დღეს დაიწყო რეგულარული მკურნალობის ციკლი, რომლის დროსაც მას ექიმებმა ურჩიეს, გადაედო საჯარო მოვალეობების შესრულება, – აცხადებს ბუკინგემის სასახლე. – ამ პერიოდის განმავლობაში მისი უდიდებულესობა გააგრძელებს სახელმწიფო საქმეებზე და ოფიციალურ დოკუმენტებზე მუშაობას“.
იმავე განცხადებით ცნობილი გახდა, რომ მეფემ ყველა საჯარო ღონისძიება გადადო.
კომენტარები