საბერძნეთში გულშემატკივრებს საფეხბურთო მოედნებზე, სულ ცოტა, ორი თვის განმავლობაში მატჩებზე დასწრება აეკრძალათ
საბერძნეთში გულშემატკივრებს უახლოესი ორი თვის განმავლობაში საფეხბურთო მოედნებზე მატჩებზე დასწრება აეკრძალათ. ამის შესახებ მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პავლოს მარინაკისმა განაცხადა. ეს გადაწყვეტილება ფანების ძალადობის აღსაკვეთად მიიღეს.
„წლებია, გულშემატკივრებად გადაცმული კრიმინალები მძიმე დანაშაულებს ჩადიან, ადამიანებს ჭრილობებს აყენებენ და კლავენ. არც სპორტსმენები და არც გულშემატკივრები არ უნდა დაზარალდნენ კრიმინალური ბანდების მკვლელი ქმედებებისა და გულშემატკივრების ძალიან მცირე ნაწილის პათეტიკური ტოლერანტობის გამო.
სწორედ ამიტომ, საბერძნეთის სუპერლიგის ყველა მატჩი 2024 წლის 12 თებერვლამდე გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება. თუმცა შეზღუდვა შეიძლება გავრცელდეს ზოგიერთ ევროპულ მატჩზეც შინ და შესაძლოა 12 თებერვლის მერეც გაგრძელდეს, თუ უმაღლესი კლასის გუნდები ამ თარიღამდე ვერ შეძლებენ სათანადო ზომების მიღებას. ეს არის სტადიონებზე თავიანთი გულშემატკივრებისთვის კამერების და ელექტრონული იდენტიფიკაციის სისტემების დაყენება“, – მოჰყავს მარინაკისის სიტყვები სააგენტო Reuters-ს.
ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, 7 დეკემბერს საბერძნეთის ლიგის ფრენბურთის მატჩის დროს ათენში „ოლიმპიაკოსსა“ და „პანათინაიკოსს“ შორის, რომელიც ვერ დასრულდა, 150 გულშემატკივარსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, რის შედეგად მძიმედ დაიჭრა ერთ-ერთი სამართალდამცველი. მას ბარძაყის არტერია დაუზიანდა და ძლიერი სისხლდენის გამო საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც გული გაუჩერდა და კლინიკური სიკვდილი ჰქონდა, თუმცა ექიმებმა შეძლეს გულის ამუშავება. პოლიციამ სტადიონიდან ქალები და ბავშვები გამოუშვა, მამაკაცები დატოვა და დილისკენ უკვე დაკავებული იყო თავდასხმაში ეჭვმიტანილი 424 გულშემატკივარი, რომლებიც საპატიმროში მოათავსეს. ამ შემთხვევამ ბოლოს და ბოლოს მთავრობის მოთმინების ფიალა აავსო და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინათ მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა საფეხბურთო მატჩების გამართვის შეწყვეტის უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი შეხვედრის დროს „პაოკის“ პრეზიდენტი ივან სავიდისი მოედანზე იარაღით შეიჭრა და მსაჯს გაშმაგებული ემუქრებოდა.
პრემიერ-მინისტრ ციპრასის უპრეცედენტო გადაწყვეტილება – საბერძნეთი ფეხბურთის გარეშე რჩება?
15 დეკემბერს პირველი მატჩი ჩატარდა მაყურებლების გარეშე – „ოლიმპიაკოსის“ საშინაო შეხვედრა ევროპის ლიგაზე სერბული „ბაჩკა ტოპოლას“ წინააღმდეგ, რომელიც „ოლიმპიაკოსის“ გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 5:2
ნუცა ყაველაშვილი
ამავე თემაზე: იარაღი და სროლა ბერძნულ საფეხბურთო მოედნებზე
„პაოკის“ შეიარაღებული პრეზიდენტი საფეხბურთო მოედანზე შევარდა და მსაჯს ემუქრებოდა
„პაოკის“ შეიარაღებული პრეზიდენტი საფეხბურთო მოედანზე შევარდა და მსაჯს ემუქრებოდა
კომენტარები