ვიდეოქართველები უცხოეთშისპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში ახალი რეკორდი დაამყარა (ვიდეო)

„ნაპოლის“ 22 წლის ქართველმა ლეგიონერმა ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში მორიგი რეკორდი დაამყარა გატანილი გოლებისა და ასისტების (საგოლე გადაცემა) რაოდენობით; ამგვარი შედეგის მიღწევა ბოლო 20 წლის განმავლობაში ხვიჩას გარდა მხოლოდ 2-მა ფეხბურთელმა შეძლო. ამის შესახებ ინფორმაციას ფეხბურთის სტატისტიკისა და ანალიზის გვერდი „ოპტა“ ავრცელებს. 

სერია A-ს მიმდინარე სეზონში კვარამ 15 შეხვედრაში ითამაშა, 5 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა, წინა სეზონში (2022-2023) კი, რომელიც მისთვის სადებიუტო იყო იტალიის ჩემპიონატში, ქართველმა ფეხბურთელმა „ნაპოლის“ მიერ გატანილ 22 გოლში მიიღო მონაწილეობა: 12 თავად გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

„ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში 49 მატჩი ჩაატარა და 30 გოლში მიიღო მონაწილეობა – 17 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა. 2004-2005 წლებიდან მოყოლებული, ხვიჩა მხოლოდ მესამე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ პირველ 50 მატჩში ასეთი მაჩვენებელი დაუგროვდა.

მასზე ახალგაზრდები, რომლებმაც მსგავსი შედეგი აჩვენეს, მხოლოდ დომენიკო ბერარდი და ალეშანდრო პატო იყვნენ. ბერარდი „სასუოლოს“ შემადგენლობაში ჩატარებულ პირველ 42 მატჩში 31 გოლში მონაწილეობდა, ხოლო პატომ „ინტერისა“ და „მილანის“ შემადგენლობაში გამართულ თავის პირველ 45 შეხვედრაში 30 გოლში შეიტანა წვლილი“, – წერს „ოპტა“.

ნახეთ ხვიჩას გოლი „ნაპოლის“ ბოლო მატჩში სერია A-ში „კალიარის“ წინააღმდეგ, რომლითაც კვარამ თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა 2:1.

ცნობისათვის: დღეს გაირკვა, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ნაპოლი“ „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.

პირველი მერვედფინალური მატჩები 13-14 და 20-21 თებერვალს გაიმართება, განმეორებითი შეხვედრები – 5-6 და 12-13 მარტს. „ნაპოლი“ „ბარსელონას“ საკუთარ მოედანზე, „სტადიო მარადონაზე“ 22 თებერვალს დაუპირისპირდება, განმეორებითი შეხვედრა კი ბარსელონაში 13 მარტს გაიმართება ოლიმპიურ სტადიონზე, რადგან „კამპ ნოუზე“ რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close