მიმდინარე წელს ევროკავშირის საზღვარი სამასი ათასზე მეტმა არალეგალმა გადაკვეთა უკანონოდ, რამაც გასული წლის მაჩვენებელს უკვე გადააჭარბა, იუწყება ევროპის სასაზღვრო სააგენტო (Frontex).
„2023 წელს საზღვრის უკანონო გადაკვეთის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. პირველ 11 თვეში ეს მაჩვენებელი 17%-ით გაიზარდა და 355 300-ზე მეტს მიაღწია. ამ რიცხვმა უკვე გადააჭარბა 2022 წლის ჯამურ მაჩვენებელს, რაც ყველაზე მაღალი იყო 2016 წლის შემდეგ“, − ნათქვამია Frontex-ის ანგარიშში.
სააგენტოს ცნობით, საზღვრის უკანონო გადაკვეთის ყველაზე დიდი რაოდენობა − 152 200-ზე მეტი შემთხვევა − ცენტრალური ხმელთაშუა ზღვის მიმართულებაზე დაფიქსირდა, რომელიც ევროკავშირის მთავარ მიგრაციულ გზად რჩება. სწორედ ამ მიმართულებაზე მოდის ევროკავშირის საზღვრების დარღვევის ყოველი მეორე შემთხვევა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ამ მარშრუტზე 2016 წლის შემდეგ.
გარდა ამისა, სიტუაცია დაძაბული რჩებოდა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის მარშრუტზეც. მიმდინარე წლის პირველი 11 თვის განმავლობაში იქ საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის შემთხვევათა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით თითქმის 50%-ით გაიზარდა და 52 600-ს მიაღწია.
უპრეცედენტოდ გაიზარდა საზღვრის უკანონო გადაკვეთის მაჩვენებელი დასავლეთ აფრიკის მარშრუტზეც. შემთხვევათა რაოდენობამ წელს იქ 32 400-ზე მეტი შეადგინა, რაც ყველაზე მაღალია 2009 წლის შემდეგ (Frontex-მა სწორედ მაშინ დაიწყო მონაცემების შეგროვება).
ექსპერტების ვარაუდით, ამ მარშრუტზე უკანონო მიგრაცია კვლავაც გაგრძელდება უახლოეს თვეებში, რადგან კონტრაბანდისტები შედარებით დაბალი ფასის გადახდას სთხოვენ ლიბიიდან და ტუნისიდან გამოსულ მიგრანტებს.
რაც შეეხება კიდევ ერთ მარშრუტს − დასავლეთ ბალკანეთის მიმართულებას, იქ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთების რაოდენობა 11 თვეში 28%-ით შემცირდა და ამ დროისათვის ჯამში 98 600-ს შეადგენს.
sputnik-georgia.com
კომენტარები