მიგრაციამსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

ორი ქვეყნის მოქალაქე სერგეი ოჩიგავა აშშ-ში პასპორტის, ბილეთისა და ვიზის გარეშე ჩაფრინდა – სპეცსამსახურები ინციდენტის დეტალებს იძიებენ

სკანდინავიური ავიაკომპანია Scandinavian Airlines-ის რეისით დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენიდან აშშ-ში, ლოს-ანჯელესში ჩაფრინდა 50 წლამდე კაცი, რომელსაც არ ჰქონდა არც პასპორტი, არც ბილეთი და არც ვიზა და არც რომელიმე რეისის მგზავრთა სიაში იყო. ამის შესახებ NBC news-ი წერს.

შემთხვევა 4 ნოემბერს მოხდა, თუმცა ფართო საზოგადოებისთვის ახლაღა გახდა ცნობილი. ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო-გამშვები და საბაჟო პუნქტის ოფიცრებმა აღმოაჩინეს, რომ კაცი არ იყო Scandinavian Airlines Flight SK 931-ის და არც სხვა რომელიმე რეისის მგზავრთა სიაში.

გამოცემის ინფორმაციით, 46 წლის მამაკაცს რუსეთისა და ისრაელის მოქალაქეობა აქვს, მისი სახელი და გვარი კი სერგეი ვლადიმირის ძე  ოჩიგავაა.

„დაკითხვაზე ოჩიგავამ ცრუ და დამაბნეველი ინფორმაცია მისცა აშშ-ში თავის ჩასვლასთან დაკავშირებით. თავიდან მან CBP-სთან (საბაჟო და სასაზღვრო დაცვა) მოიტყუა, რომ პასპორტი თვითმფრინავში დატოვა“, – უთხრა NBC-ს კალიფორნიის ცენტრალური ოლქის საოლქო სასამართლოს წარმომადგენელმა.

როგორც FBI-ს ანგარიშშია აღნიშნული, მეორე დღეს ოჩიგავამ დაკითხვისას თქვა, რომ 3 დღეა არ უძინია და ვერ ხვდება, სად არის, ვერც იმას იხსენებს, როგორ მოხვდა კოპენჰაგენში და რას აკეთებდა იქ. მისივე თქმით, საბუთები და ბილეთი თვითმფრინავში დარჩა. მოგვიანებით მის ბარგში აღმოაჩინეს რუსეთისა და ისრაელის პირადობის მოწმობები და პასპორტის ფოტოს ნაწილი სმარტფონში, ბილეთი კი – ვერა. კითხვაზე, როგორ გაიარა სპეცკონტროლი კოპენჰაგენის აეროპორტში ბილეთის გარეშე, მან უპასუხა, რომ არ ახსოვს.

FBI-ს ცნობით, ოჩიგავას თან ჰქონდა მობილური ტელეფონი, რომელშიც, ასევე, არაფერი იყო კოპენჰაგენის აეროპორტის ფოტოს და გერმანიის ჰოსტელების აღნიშვნების სქრინშოთების გარდა.

ერთადერთი, რაც უცნაურ მგზავრს ახსოვდა, იყო ის, რომ რუსეთის მოქალაქეა და აქვს დოქტორის ხარისხი ეკონომიკასა და მენეჯმენტში.

Scandinavian Airlines-ის ეკიპაჟის ინფორმაციით, ფრენის დროს, რომელიც 12 საათს გაგრძელდა, ოჩიგავა ხშირად იცვლიდა ადგილს თვითმფრინავში და მათ არ შეუმჩნევიათ, რომ ბორტზე ზედმეტი მგზავრი იყო, სანამ გამომძიებლები არ მიადგნენ კითხვებით.

სერგეი ოჩიგავა „ყოველი კვების დროს ორმაგ ულუფას ითხოვდა და ერთ მომენტში ბორტგამცილებლებისთვის განკუთვნილი შოკოლადის შეჭმაც დააპირა“, – ნათქვამია საბრალდებო დასკვნაში.

ერთ-ერთმა ბორტგამცილებელმა კი გამომძიებლებს უთხრა, რომ იგი, როგორც ჩანს, „რეისის სხვა მგზავრებთან გამოლაპარაკებას ცდილობდა, თუმცა მგზავრთა უმეტესობამ ყურადღება არ მიაქცია“.

აშშ-სა და დანიის შესაბამისი სამსახურები ინციდენტის დეტალების დადგენას ცდილობენ. ამჟამად სერგეი ოჩიგავა ლოს-ანჯელესში საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება და 26 დეკემბერს სასამართლოს წინაშე წარდგება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close