პაბლო პიკასოს ტილო „ქალი საათით“ ოთხშაბათს, 8 ნოემბერს Sotheby’s აუქციონზე ნიუ-იორკში 139.9 მლნ აშშ დოლარად გაიყიდა.
ეს არის სიდიდით მეორე თანხა, რაც კი ოდესმე გადაუხდიათ პიკასოს ნამუშევრებში.
1932 წლის აგვისტოში შექმნილი ტილოს (შესრულებულია ზეთის საღებავებით, 130 x 97 სმ) სიუჟეტი სინამდვილეში საკულტო ესპანელი მხატვრის ერთ-ერთ მუზას და საყვარელს, ფრანგ მხატვარს – მარი-ტერეზა ვალტიერს ეკუთვნის.
პიკასოს ეს ნამუშევარი მდიდარი ნიუიორკელი კოლექციონერის – ემილი ფიშერ ლანდაუს საკუთრება იყო, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში გარდაიცვალა 102 წლის ასაკში. ლანდაუს ხელოვნების ნიმუშების კოლექცია, რომელიც მათ შორის სხვა ცნობილი მხატვრების (ჯონსი, კიონიგი, როტკო, უორჰოლი) ნამუშევრებსაც მოიცავს, ნიუ-იორკში Sotheby’s შტაბ-ბინაში, აუქციონზე ორ ნაწილად გაიყიდა – ოთხშაბათს და ხუთშაბათს.
ყველაზე მაღალი ფასი, რაც კი პიკასოს ნამუშევრებში დღემდე გადაუხდიათ, არის 179.4 მლნ აშშ დოლარი – 2015 წელს სწორედ ამ ფასად გაიყიდა აუქციონზე 1955 წელს შექმნილი Les femmes d’Alger – Version O („ალჟირელი ქალები – ვერსია ო“) და ეს თანხა იმ დროისათვის ყველაზე მაღალი იყო ხელოვნების ნაწარმოებებში საჯარო ვაჭრობაზე ოდესმე გადახდილ საფასურთა შორის.
„ალჟირელი ქალების“ რეკორდი 2017 წელს მოიხსნა, როდესაც ნიუ-იორკში, „კრისტის“ აუქციონზე ლეონარდო და ვინჩის მიერ ხეზე ზეთის საღებავებით შესრულებული შედევრი Salvator Mundi (ლათ. „სამყაროს მხსნელი“) 450.3 მლნ აშშ დოლარად გაიყიდა.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები