საზოგადოებაარტისტისაბერძნეთი

გარდაიცვალა სპიროს ფოკასი – ბერძენ „ომარ შარიფად“ წოდებული მსახიობი, რომელიც ალენ დელონს ეცილებოდა სილამაზეში (ვიდეო)

სპიროს ფოკასმა „როკო და მის ძმებში“ ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა

პარასკევს, 10 ნოემბერს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი სპიროს ფოკასი. მას ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. სპიროს ფოკასი იმ მცირერიცხოვან ბერძენ მსახიობთა შორის იყო, რომლებმაც საერთაშორისო კარიერის შექმნა შეძლეს. მან უამრავ უცხოურ ფილმში ითამაშა, მათ შორის, ისეთებში, როგორიცაა: „როკო და მისი ძმები“, ჰოლივუდური ბლოკბასტერი „ნილოსის მარგალიტი“ (1985 წ.), „რემბო III“ (1988) და სხვ.

ფოკასი პატრაში დაიბადა და კოსტის მიხაილიდისის თეატრალური სკოლა დაამთავრა. მან ადრეულ ასაკში აღმოაჩინა, რომ კინო უყვარდა და გადაწყვიტა, მსახიობი გამხდარიყო.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილი ბერძენი მსახიობი სპიროს ფოკასი, რომელიც გარეგნულადაც გამორჩეული იყო, ლეგენდარულმა იტალიელმა რეჟისორმა ლუკინო ვისკონტიმ შეამჩნია და მთავარი როლის (ვინჩენცო პარონდი – როკოს უფროსი ძმა) შესრულება მიანდო ფილმში „როკო და მისი ძმები“ (1960 წ.), რომელშიც, როგორც ჩვენს მკითხველს ალბათ ახსოვს, ლეგენდარული მსახიობების მთელი კოჰორტა თამაშობს, მათ შორის, ალენ დელონი – როკოს როლში, ანი ჟირარდო, კლაუდია კარდინალე, აგრეთვე, ბერძენი მსახიობი კატინა პახინოუ, „ოსკარის“ მფლობელი ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „ვის უხმობს ზარი“ (1943).

სპიროს ფოკასი და კატინა პახინოუ, „როკო და მისი ძმები“ (1960)

სპიროს ფოკასის  პირველი როლი უცხოურ ფილმში იყო ბრუნო „მეგობრის სიკვდილში“ (Morte di un amico, იტალია, 1960 წ.). შემდგომ, 1960-70-იან წლებში მან არაერთ ბერძნულ და იტალიურ კინოსურათში ითამაშა, მუშაობდა ისეთ ცნობილ რეჟისორებთან, როგორებიც იყვნენ ვინსენტე მინელი და ფერდინანდო ბალდი.

60-იან წლებში სპიროს ფოკასი საბერძნეთში დაბრუნდა და ბერძნულ კინოკომპანია Finos Films-თან თანამშრომლობდა. პოპულარული ბერძენი მსახიობის ფილმოგრაფია 30-ზე მეტ უცხოურ და ბერძნულ კინოსურათს მოიცავს, რომელთა უმეტესობა იტალიასა და აშშ-შია გადაღებული. იგი  საზღვარგარეთის ცნობილი თეატრების სცენებზეც გამოდიოდა, როგორც თეატრის მსახიობი.

თანამემამულეები გამორჩეული გარეგნობის სპიროს ფოკასს „ბერძენ ომარ შარიფს“ უწოდებდნენ.

აგრეთვე, ამბობენ, რომ იგი ალენ დელონს ეცილებოდა სილამაზეში.

სპიროს ფოკასი 4-ჯერ იყო დაქორწინებული: პირველად – 21 წლის ასაკში, ბოლოს კი – 76 წლისა, თუმცა შვილი არ ჰყოლია. ამასთან დაკავშირებით ამბობდა, რომ „არ მოსწონს სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, ამიტომ არ შეუძლია, ბავშვებს ასეთ სამყაროში ცხოვრება აიძულოს“.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close