მიმდინარე წლის მესამე კვარტალში თბილისში უძრავი ქონება გაძვირდა – საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 5.5%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურმა ზრდამ 15.6% შეადგინა.
2020 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, ინდექსი 35.9%-ით არის გაზრდილი. დაფარვა თბილისით შემოიფარგლება და მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს მოიცავს – როგორც მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში ბინების, ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
საქსტატის ანგარიშის თანახმად, 2023 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში – 5.2%-ით, ისე კერძო სახლების სეგმენტში – 6.2%-ით. ერთი კვადრატული მეტრის ფასი ბინების სეგმენტში ყველაზე მაღალი მთაწმინდის რაიონშია და 5 314 ლარს შეადგენს, შემდეგ მოდის ვაკე, სადაც კვადრატული მეტრის ფასი 4 756 ლარია, მესამე ადგილზეა საბურთალო, სადაც ფასი 3 652 ლარს აღწევს.
რაც შეეხება სახლებს, კვადრატული მეტრის ფასი აქაც ყველაზე მაღალი მთაწმინდაზეა – 4049 ლარი, ვაკეში – 3511 ლარი და საბურთალოს რაიონებში – 2890 ლარი.
კომენტარები