საქართველოს 4600-ზე მეტი მოქალაქე ევროკავშირის ქვეყნებში არ შეუშვეს არალეგალური მიგრაციის რისკის გამო – რა წერია ევროკომისიის ანგარიშში
ევროკომისიამ სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში მეექვსე ანგარიში გამოაქვეყნა.
დოკუმენტის თანახმად, 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესულ მოქალაქეებს შორის თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი 81%-ით გაიზარდა. მთლიანობაში გასულ წელს 26 450 განაცხადი შევიდა თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით. მათგან დაკმაყოფილდა 7%, 2%-ით მეტი, ვიდრე 2021 წელს (5%).
ანგარიშში ნათქვამია, რომ საერთო ჯამში საქართველო განაგრძობს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას, თუმცა ზოგიერთი საკითხის მოსაგვარებლად მეტი ძალისხმევაა საჭირო. ეს საკითხებია: ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან დაახლოება, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროგაერთიანებისთვის უკანონო მიგრაციისა და უსაფრთხოების მხრივ რისკს წარმოადგენენ. ამ საკითხებიდან ერთ-ერთია შესაბამისი ნაბიჯები გადადგმა საქართველოს მოქალაქე თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებით.
ევროკომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო ამ მიმართულებით მუშაობას განაგრძობს და გარკვეულ შედეგსაც მიაღწია. 2021 წელს კანონში შესული ცვლილების შემდეგ, რომლის საფუძველზეც საზღვარზე დამატებითი შემოწმება დაწესდა, ჯამში საქართველოს 4677 მოქალაქეს არ მისცეს ქვეყნის დატოვების საშუალება, რადგან არსებობდა რისკი, რომ ისინი ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად დარჩებოდნენ [და შემდეგ თავშესაფარს მოითხოვდნენ – რედ.].
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა იღებს ზომებს იმ ადამიანების/ჯგუფების მიმართ და სამართლებრივ დევნას აწარმოებს, რომლებსაც ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან არალეგალური მიგრანტები შეჰყავთ. კერძოდ, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით საქართველო წევრ ქვეყნებთან რეგულარულად თანამშრომლობს, რათა არ დაუშვას ამ ქვეყნებში თავისი მოქალაქეების არალეგალურად ცხოვრება. 2022 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად საქართველომ პოლიციის 16 ოფიცერი მიავლინა, რომლებიც ადგილობრივ სამართალდამცველებს სათანადო პროცედურებში ეხმარებიან.
ანგარიშში, სხვა საკითხებთან ერთად, ხაზგასმულია, რომ საქართველოში კვლავ რჩება გამოწვევად კორუფციის მაღალი დონე, რომელიც გავლენას ახდენს როგორც პოლიტიკურ, ისე სამართლებრივ და ეკონომიკურ სფეროებზე.
ნინო ხოშტარია
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გერმანიის მთავრობამ საქართველო „უსაფრთხო ქვეყნების“ სიაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადებს უფრო სწრაფად განიხილავენ და, უარის თქმის შემთხვევაში, დეპორტაციის პროცედურა დაჩქარდება.
კომენტარები