იტალიაკრიმინალი

სიცილიური მაფიის – „კოზა ნოსტრას“ „უკანასკნელი ნათლია“ ციხეში მოკვდა 61 წლის ასაკში

სიცილიური მაფიის ერთ-ერთი მეთაური მატეო მესინა დენარო, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში დააპატიმრეს, ქალაქ ლ’აკვილის ციხის საავადმყოფოში დაიღუპა. ამის შესახებ RaiNews24-მა გაავრცელა ინფორმაცია.

„კოზა ნოსტრას“ 61 წლის ბოსი ციხის საავადმყოფოში მსხვილი ნაწლავის კიბოს მკურნალობის კურსს გადიოდა. დაავადება პროგრესირებდა და 22 სექტემბერს დენარო კომაში ჩავარდა. სიკვდილამდე (24 სექტემბერი) ცოტა ხნით ადრე მის სანახავად ახლო ნათესავები მივიდნენ, მათ შორის, დედა.

როგორც  „რაინიუსი“ წერს, მოსალოდნელია, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების ერთ-ერთ მეთაურს სიცილიაზე, მშობლიურ ქალაქ კასტელვეტრანოში დაასაფლავებენ.

მატეო მესინა დენარო მსოფლიოს 10 ყველაზე საშიშ დამნაშავეთა სიაში შედიოდა, ის დაახლოებით 30 წლის განმავლობაში იძებნებოდა. ჩადენილი დანაშაულებისთვის მას დაუსწრებლად ორჯერ მიუსაჯეს იტალიაში სასჯელის უმაღლესი ზომა – სამუდამო პატიმრობა. ამ დანაშაულებს შორის იყო 1992 წელს მაფიის წინააღმდეგ მებრძოლი პროკურორების, ჯოვანი ფალკონესა და პაოლო ბორსელინოს მკვლელობები, ასევე, 1993 წელს მილანში, ფლორენციასა და რომში მომხდარ აფეთქებების სერიასთან კავშირი.

მიმდინარე წლის იანვარში მესინა დენარო პალერმოში, კლინიკა „მადალენაში“ დააკავეს, სადაც ქიმიოთერაპიის მორიგი კურსის გავლას აპირებდა. მას შემდეგ იგი განსაკუთრებით მკაცრი რეჟიმის ციხეში იხდიდა სასჯელს.

მატეო მესინა დენარო მაფიის უკანასკნელი „პირველხარისხოვანი“ ბოსი იყო, რომელსაც პოლიცია ეძებდა. მესინა დენარო „კოზა ნოსტრას“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის, სალვატორე (ტოტო) რიინას მემკვიდრედ ითვლებოდა, რომელიც 1993 წელს დააკავეს 23-წლიანი ძებნის შემდეგ. ორგზის სამუდამო პატიმრობამისჯილი ტოტო რიინაც კიბოთი გარდაიცვალა 2017 წლის 17 ნოემბერს, 87 წლის ასაკში. მან განსაკუთრებით მკაცრი რეჟიმის ციხეში სიცოცხლის ბოლო 24 წელი გაატარა. სხვათა შორის, მის ბიოგრაფიაზე 2007 წელს იტალიაში ტელესერიალი გადაიღეს („ბოსების ბოსი“).

ნინო ხოშტარია

ამავე თემაზე:

იტალიური მაფიის „ნათლიმამა“ N1 30-წლიანი ძებნის შემდეგ დააკავეს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close