შოვის ტრაგედია – ზაზა მესხის შვილის ძებნა გრძელდება
საძიებო სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ დაკარგულის პოვნის თეორიული შანსი იარსებებს - ვახტანგ გომელაური
შოვის ტრაგედიიდან 50 დღე გავიდა. ამ დროისთვის ნაპოვნია 32 გარდაცვლილი, ერთი ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება – იგი ნიდერლანდებში მცხოვრები ზაზა მესხის 12 წლის ვაჟია. ზაზა მესხი, მისი უკრაინელი მეუღლე – ალინა პოლიკოვსკა და უფროსი ვაჟი, რომელიც მას პირველ მეუღლესთან ჰყავდა, აგრეთვე, მისი 10 წლის გერი გარდაცვლილები იპოვეს.
ბოლოს, 10 სექტემბერს ნაპოვნი 32-ე გარდაცვლილი, როგორც დნმ-ის ანალიზით დადგინდა, ზაზა მესხის გერია.
ზაზა მესხს ყოფილი მეუღლისგან სამი შვილი ჰყავდა, 2 ბიჭი და ერთი გოგონა, აქედან 2 ბიჭი თან ახლდა შოვში, ხოლო გოგონა თბილისში დარჩა, როდესაც გაიგო, რომ დედა მოფრინავდა ჰოლანდიიდან და არ გაჰყვა მამას და ძმებს შოვში.
დაკარგული 12 წლის ბიჭის ძებნა გრძელდება. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დღეს, 22 სექტემბერს შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ძებნა გაგრძელდება მანამ, სანამ მოზარდის პოვნის თეორიული შანსი იარსებებს. მისივე თქმით, შოვის სტიქიის დროს, სამაშველო ოპერაციისას ნაპოვნი ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ გამორიცხულია, გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო.
„3 აგვისტოს, შოვში სტიქია ძალიან სწრაფად განვითარდა, ღვარცოფის უზარმაზარი მასა, რომელიც გარემოს დაცვის ექსპერტების პირველადი შეფასებით, დაახლოებით ხუთ მილიონ კუბურ მეტრს შეადგენდა, დაიძრა სტიქიის ეპიცენტრის მიმართულებით და დაფარა კურორტ შოვის მიმდებარე ტეროტორია. აღნიშნულ მასაში, რამდენიმე მეტრი მიწის ქვეშ, მოყვნენ ადგილზე მყოფი ადამიანები. ამგვარი სიღრმის ქვეშ მათი სიცოცხლის გადარჩენა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. ძებნა-შველის ოპერაციას და ამ ოდენობით მიწის მასის დამუშავებას თავისთავად დრო სჭირდებოდა. 100-მდე (86 ერთეული) მძიმე ტექნიკის მეშვეობით, მოხერხდა ღვარცოფული მასის სრულად გადამუშავება, რათა გარდაცვლილების პოვნა შეგვძლებოდა.
დღეის მონაცემებით, მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად აღმოჩენილია 32 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 1 პირთან დაკავშირებით, რომელიც გაგრძელდება მანამ, სანამ იარსებებს მისი პოვნის თეორიული შანსი. სამაშველო ოპერაციის დროს ნაპოვნი ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ გამორიცხულია გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო. ცხედრების უმეტესობა არის დანაწევრებული და, ფაქტობრივად, მაშველების მიერ ნაპოვნია სხეულის ფრაგმენტები“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
32 გარდაცვლილის ვინაობა:
- გიორგი ყარალაშვილი;
- სოფო ყარალაშვილი;
- დავით ბერიაშვილი;
- გენადი სულთანიშვილი;
- გიორგი გოგინაშვილი;
- მეგი გუტაშვილი;
- გიგი გუტაშვილი;
- მარინე ხორბალაძე;
- ნატო ჭელიძე;
- ლუკა დუდაშვილი;
- ანდრია დუდაშვილი;
- ანასტასია დუდაშვილი;
- შორენა ბიჭაშვილი;
- მარიამ მაისურაძე;
- კოტე მაისურაძე;
- ქეთევან ლობჟანიძე;
- სამირა ისაევა;
- ალინა პოლიკოვსკა;
- ზაზა მესხი;
- ზაზა მესხის უფროსი შვილი;
- ქსენია ტრიჩევა;
- სოფო ბაკურაძე;
- მანანა ჯაჭვაძე;
- თემურ ჩარკვიანი;
- დიტო ფირცხალავა;
- ნიკა ჩალაძე;
- ლევან რაზმაძე;
- სალომე ხეთაგური;
- გვანცა ბუბაშვილი;
- ნინი კენჭაძე;
- გიორგი ხორბალაძე;
- ზაზა მესხის გერი (ალინა პოლიკოვსკას შვილი).
სამწუხაროდ, დაკარგულთა სამძებრო სამუშაოებისას ორი ადამიანი გარდაიცვალა: 7 აგვისტოს – პოლიციელი, გამომძიებელი მირიან ჭელიძე; 29 აგვისტოს – თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორი თემურ ხარჩილავა.
მათი გარდაცვალების მიზეზად სახელმწიფო უწყებებმა ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესება დაასახელეს.
კომენტარები