„საბერძნეთი ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ხანძრებს ებრძვის“ – იწვის ეროვნული პარკიც ათენის სიახლოვეს (ვიდეო)
აგია პარასკევის და აგიოს ნიკოლაოსის მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გაიცა
საბერძნეთი, რომლისთვისაც ტყის ხანძრები უცხო ნამდვილად არაა, წელს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ხანძრებს ებრძვის. 23 აგვისტოს პრესკონფერენციაზე კლიმატურ კრიზისებთან ბრძოლის მინისტრმა ვასილის კილიკიასმა განაცხადა, რომ წლევანდელი ზაფხული „ყველაზე უარესია ისტორიაში, როდესაც მეტეოროლოგიური დაკვირვებები მიმდინარეობს“. კრიტიკული სიტუაციაა პარნიტის ეროვნულ პარკში (ათენის სიახლოვეს), სადაც 18-23 აგვისტოს პერიოდში, 5 დღის განმავლობაში 355 ხანძრის კერა გაჩნდა, აქედან 209 – 24 საათში.
ცეცხლს მეხანძრეები ეროვნული პარკის სამხრეთ ნაწილში ებრძვიან როგორც ხმელეთიდან, ისე ჰაერიდან – თვითმფრინავებით და ცდილობენ, რომ მისი ჩრდილოეთით გავრცელება შეაჩერონ.
პარნიტის პარკში ხუთშაბათს, გამთენიისას მანამდე ჩამცხრალი ქარი ისევ გაძლიერდა და დაბალი ინტენსივობის კერები გააღვივა, რის შედეგადაც ცეცხლმა პარნიტის განაპირა ადგილებს მიაღწია. გაიცა ბრძანება აგია პარასკევის და აგიოს ნიკოლაოსის მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ. პრევენციის მიზნით ევაკუირებულები არიან ამიგდალეზის არალეგალ მიგრანტთა ბანაკის ბინადრებიც.
cnn.gr-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის პარნიტაში მდგომარეობა უკეთესია, სახანძრო ბრიგადები მზადყოფნაში არიან, რათა დროულად ჩააქრონ, თუ ღამის განმავლობაში ახალი კერები გაჩნდება. ევროსში კი ხანძარი მეექვსე დღეა მძვინვარებს და ცეცხლის შეჩერება ვერ ხერხდება.
პარნიტაში ენითაუწერელი კატასტროფა მოხალისე მამაცმა მეხანძრემ – ფოტის დალარდასმა გადაიღო.
Βίντεο από την απερίγραπτη καταστροφή που συμβαίνει στην Πάρνηθα τραβηγμένο απο τον εθελοντή ήρωα πυροσβέστη Φώτη Δαλαρδα🙏🏼#φωτια #Παρνηθας #ΦΩΤΙΕΣ #Greecewildfires #Greece #fire
Instagram: https://t.co/xiLuQzLSJG pic.twitter.com/dy2RxMXhzR— marios rozakis (@MariosRozakis) August 24, 2023
ხანძარი მძვინვარებს ბეოტიაში, სადაც ცეცხლი უკონტროლო გახდა და ბევრ დასახლებულ პუნქტს ემუქრება რამდენიმე კილომეტრის ფრონტზე.
#φωτια #Φωτια_τωρα #Στειρι #Βοιωτια 😢😢😢😢 pic.twitter.com/CfVlI1zbhN
— Μαύρο Νιάου (@mariniaou) August 23, 2023
სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, რამდენიმე ადგილას უზარმაზარი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა ხანძრების ლოკალიზება, მათ შორის, სოფელ კოილასა და როდოპიში, თუმცა ცეცხლი როდოპიში კვლავ აქტიურია. ალექსანდრუპოლიდან ცეცხლი დასავლეთისკენ მიიწევს და ვარაუდობენ, რომ ის როდოპის ხანძარს შეუერთდება.
ევროსის რეგიონში, თურქეთის საზღვრის სიახლოვეს დადიის ტყე იწვის – მედიის ინფორმაციით, ხანძარი 130 000 ჰექტარზე გავრცელდა, თუმცა ზუსტი ციფრების მოყვანა შეუძლებელია, ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ იქ ხანძარი არალეგალმა მიგრანტებმა გააჩინეს, რომლებიც საკვებს კოცონზე ამზადებდნენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 18 მიგრანტი ხანძარმა იმსხვერპლა, რომელთა ცხედრები მეხანძრეებმა იპოვეს. მათ შორის ორი ბავშვია, 10 და 15 წლისები. ხელისუფლება შიშობს, რომ დაღუპული მიგრანტების ვინაობის დადგენა გაჭირდება.
საგანგაშო მდგომარეობის გამო ევროკავშირის ქვეყნებმა საბერძნეთში დამატებითი სახანძრო ჯგუფები გაგზავნეს, თუმცა ძლიერი ქარის შედეგად ცეცხლის გაკონტროლება ვერ ხერხდება. მარტო ალექსანდრუპოლისში, 23.08-ს მონაცემებით, დამწვარია 61 700 ჰექტარი ტერიტორია.
ცეცხლმა ასობით ცხოველი იმსხვერპლა. ინტერნეტში ვრცელდება ემოციური ფოტომასალა, როგორც ცდილობს ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ცხოველების გადარჩენას.
Οι απώλειες δυστυχώς των ζώων είναι αμέτρητες. Ο αριθμός των καμένων δεν είναι δυνατόν να υπολογιστεί. Ζώα αφημένα πίσω στα σπίτια τους, αδέσποτα ζώα, ζώα της άγριας ζωής και κτηνοτροφικά ζώα βρήκαν φριχτό θάνατο από τις φλόγες.#Παρνηθας #Φωτια_τωρα #φωτιά #Greecewildfires pic.twitter.com/ztRywe8A2l
— marios rozakis (@MariosRozakis) August 24, 2023
ელადაში არსებულ კრიტიკულ სიტუაციაზე წერს „ნიუ-იორკ ტაიმსი“ სტატიაში: „საბერძნეთი ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ხანძრებს ებრძვის“. გამოცემა მიუთითებს იმაზეც, რომ ხელისუფლება არასათანადოდ მომზადებული შეხვდა ბუნებრივ კატასტროფას და ხაზგასმით აღიშნავს, რომ ეს ზაფხული მომავლის შესახებ გაფრთხილებაა, რადგან მეცნიერების თქმით, საბერძნეთი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის და ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც კლიმატის ცვლილების გამო სიცხე და სიმშრალე უფრო სწრაფად მოიმატებს, ვიდრე მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნების უმეტესობაში.
ნინო ხოშტარია
კომენტარები