დღის თემასაზოგადოებასაქართველო

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს

სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები მეთორმეტე დღეა აქტიურად მიმდინარეობს – მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს და გარდაცვლილთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. 8 ადამიანს ისევ ეძებენ. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ნაპოვნია, აგრეთვე, ადამიანის ფრაგმენტი და ავტომობილი „ჰიუნდაი“, რომელშიც დაკარგულები არ აღმოჩნდნენ.

„დღეს გარდაცვლილების სტატისტიკა შეიცვალა, ერთი ადამიანის ცხედარია ნანახი უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში. გარდა ამისა, ნანახია ადამიანის ფრაგმენტი. სტიქიის ეპიცენტრში აღმოჩენილია ავტომობილი ჰიუნდაი, რომელზეც დილითვე მოგახსენეთ. გვქონდა ვარაუდი, რომ შესაძლოა ავტომანქანაში ყოფილიყვნენ დაკარგულები, სამწუხაროდ, მანქანაში დაკარგულების პოვნა ვერ მოხერხდა. გარდა ამისა, ინტენსიურად გრძელდება მდინარეზე საძიებო სამუშაოები, ამბროლაურის ტერიტორიამდე. ხვალისთვის ვგეგმავთ გარკვეულ გადაჯგუფებასა და სტრატეგიის შეცვლას. დღეის მონაცემებით 25 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი და 8 ადამიანის მიმართ ძებნა-შველის ღონისძიებები მიმდინარეობს. იდენტიფიცირების პროცედურები მიმდინარეობს 5 ადამიანზე. როგორც მოგახსენეთ, 25-26% იყო დარჩენილი მიწის მასის გადასამოწმებელი, დღის განმავლობაში ეს ციფრი შეიცვალა“, – თქვა თემურ მღებრიშვილმა მედიასთან შემაჯამებელ კომენტარში.

გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში დღეს ნაპოვნი მანქანა გვანცა ბუბაშვილს ეკუთვნის. ამის შესახებ დაკარგული გოგონას ახლობელი დეაკო ძამაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ძალიან ბევრი მწერთ პირადში, ყველას ვერ გიპასუხებთ და აქ დავწერ, იპოვეს გვანცას მანქანა, გოგოები შიგნით არ არიან, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, უკვე აღარ ვიცით. პატარა იმედი ისევ გაგვიჩნდა, რომ სადღაც იმალებიან და ცოცხლები არიან. ისევ ვეძებთ სალომე ხეთაგურს და გვანცა ბუბაშვილს“, – წერს დეაკო ძამაშვილი.

16 აგვისტოს საღამოს მონაცემებით, სტიქიის ზონაში ნაპოვნია 26 გარდაცვლილი (სტიქიის კიდევ ერთი მსხვერპლი მეხანძრე-მაშველებმა 15 აგვისტოს იპოვეს). იდენტიფიცირებუოია 24 ადამიანი, 7 დაკარგულს ჯერ კიდევ ეძებენ.

რადიო თავისუფლების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ ოცდამეექვსე გარდაცვლილი სტიქიის ეპიცენტრში, მიწის მასის ქვეშ იპოვეს.

„„სტიქიის ეპიცენტრში, ფაქტობრივად, მთელი ტერიტორია გვაქვს შემოწმებული, დარჩენილია რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრი. ხვალისთვის ვგეგმავთ მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანას. აქამდე არ მოგვეცა ამის საშუალება ნიადაგის გამო. რამდენჯერაც ვცადეთ მძიმე ტექნიკის დიდი რაოდენობით შეყვანა, იმდენჯერ ჩაეფლო. დღეს შევამოწმეთ, უკვე ნიადაგი მყარია და ხვალიდან დავიწყებთ აქტიურ სამძებრო სამუშაოებს. 26 ცხედარია ამ დროისთვის ნანახი“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა ბრიფინგზე ოთხშაბათ საღამოს.

სტატია  განახლებულია 16.08.2023 წ. 22:30 სთ-ზე,  დამატებული აქვს ბოლო სამი აბზაცი.

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close