მსოფლიოეკონომიკა

პირველი აგვისტოდან საფრანგეთში ელექტროენერგიის გადასახადი 10%-ით გაიზარდა

პირველი აგვისტოდან ფრანგებს ელექტროენერგიის გადასახადი 10%-ით გაეზარდათ. მატება შეეხო ყველა საოჯახო მეურნეობას და მცირე ბიზნესებს. როგორც „ლე პარიზიენს“ მთავრობის მრჩეველმა უთხრა, ეს იმას ნიშნავს, რომ რიგითი მომხმარებლის საშუალო წლიური გადასახადი 1640 ევროდან 1800 ევრომდე მოიმატებს, სპეციალიზებული საიტის, Hello Watt-ის გამოთვლით კი, დენის გადასახადის 10%-იანი ზრდა ფრანგული ოჯახებისთვის ხარჯს წელიწადში 1966 ევრომდე გაზრდის.

მთავრობა ამბობს, რომ 2025 წლამდე კვლავ გააგრძელებს ოჯახებისა და მცირე მეწარმეების თანადაფინანსებას, თუმცა უფრო ნაკლები თანხით – ადრე არსებული 43%-ის ნაცვლად 37%-იანი თანადაფინანსება იქნება. ხელისუფლება ამბობს, რომ „სატარიფო ფარის“ გარეშე ოჯახური მეურნეობებისთვის ელექტროენერგიის გადასახადი, ყველა მოსაკრებლის ჩათვლით, 74,5%-ით მეტი იქნებოდა.

გადაწყვეტილებაში ისიც არის განმარტებული, რომ ეს შეღავათი შეეხებათ მხოლოდ იმ საოჯახო მეურნეობებს და მცირე მეწარმეებს, რომლებიც 36 kVA-ზე ნაკლები სიმძლავრის მრიცხველებს იყენებენ, სხვები კი გადასახადს ახალი საბაზრო ღირებულების შესაბამისად გადაიხდიან.

შეგახსენებთ, რომ ელექტროენერგიის გადასახადმა საფრანგეთში მიმდინარე წლის თებერვალში 15%-ით მოიმატა.

ხელისუფლება ირწმუნება, რომ გადასახადების ზრდის მიუხედავად საფრანგეთში ევროპის ქვეყნებს შორის  გადასახადები ყველაზე დაბალი იქნება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close