გერმანიაში ტრაილერის ქართველი მძღოლები ისევ გაიფიცნენ
გერმანიაში ტრაილერის ქართველი მძღოლები ისევ გაიფიცნენ. ისინი პროტესტის ნიშნად ფრანკფურტსა და დარმშტადტს შორის, Gräfenhausen-West-ის გზაზე, A5 ავტომაგისტრალზე გაჩერდნენ და გზის გაგრძელებაზე უარს აცხადებენ.
მძღოლების თქმით, ქართველების გარდა, გაფიცულია 65 უზბეკი, ტაჯიკი, ყაზახი და უკრაინელი მძღოლი. ფრანკფურტის ერთ-ერთ ავტოსადგომზე პროტესტის ნიშნად 120 სატვირთო მანქანაა გაჩერებული. მძღოლები ასევე ამბობენ, რომ კომპანია მათი სხვა მძღოლებით ჩანაცვლებას ცდილობს. ისინი პოლონური კომპანია „აგმაზისგან“ ითხოვენ ანაზღაურებას.
მძღოლების თქმით, ისინი რამდენიმე ათასი ევროს ანაზღაურებას ელიან, ზოგიერთი მათგანის მიმართ კომპანიის დავალიანება 10 ათას ევრომდეა, ეს მძღოლები თვეების მანძილზე მუშაობდნენ ანაზღაურების გარეშე.
გერმანული მედიის ინფორმაციით, პოლონური კომპანია მძღოლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, როგორც ჩანს, მეწარმე ლუკაშ მაზურმა გაზაფხულის გაფიცვიდან კარგი გაკვეთილი მიიღო და ახლა ცდილობს, უფრო სწრაფად მოაგვაროს პრობლემა და მედიაში უარყოფითი გამოხმაურებები თავიდან აიცილოს. კომპანია მძღოლებს თანდათან ურიცხავს დავალიანებას, თუმცა გაურკვეველია მათი ბედი, ვინც გაფიცვას ახლა უერთდება.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პოლონური კომპანია „აგმაზის“ თანამშრომლები იფიცებიან კომპანიის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. 200-ზე მეტი მძღოლი, მათ შორის, ქართველებიც, ხელფასების დაგვიანების მიზეზით აპრილშიც გაიფიცნენ. მაშინ 5-კვირიანი „მძიმე ბრძოლის“ შემდეგ, რომელშიც მოსახლეობა მძღოლებს უჭერდა მხარს და საკვებით და თანხითაც კი ეხმარებოდა, გაფიცვა შეთანხმებით დასრულდა და დამსაქმებელმა ყველა მძღოლს კუთვნილი ხელფასი გადაუხადა. მაშინ მათ მიმართ კომპანიის დავალიანება 300 000 ევროს შეადგენდა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები